საქართველოში 55 წელს ზემოთ პირთა ვაქცინაცია 5 აპრილიდან დაიწყება

© REUTERS / THILO SCHMUELGENვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოწერა
საერთაშორისო რეკომენდაციებიდან და ეპიდემიოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, ვაქცინაციისთვის მიზნობრივი ჯგუფები ფართოვდება

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვას 55 წელს ზემოთ მოქალაქეები 5 აპრილიდან შეძლებენ, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
როდის დაიწყება საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია: გამყრელიძის განმარტება

მინისტრის თქმით, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაზე მოთხოვნა მაღალია, რის გამოც იმუნიზაციის საბჭომ ასაცრელ პირთა ასაკობრივი ჯგუფის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს 55 წელს ზემოთ მოქალაქეები დაემატებიან. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების თვალსაზრისით განსაკუთრებული ინტერესი 55-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში გამოიკვეთა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციის პროცესში ჩართვა ასევე შეეძლებათ დიალიზზე მყოფ პირებს და ორგანოგადანერგილ პაციენტებს. აღნიშნული პირები მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, ამიტომაც იმუნიზაციის საბჭომ ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება გადაწყვიტა.

დიალიზზე მყოფი პირები ვაქცინას იმ სამედიცინო დაწესებულებებში გაიკეთებენ, სადაც აუცილებელ პროცედურებსა და თერაპიას გადიან.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca–ს პრეპარატით, 30 მარტიდან კი Pfizer–ით დაიწყო. ამ ეტაპზე  მოქალაქეებს ამ ორ ვაქცინას შორის არჩევანის გაკეთება შეუძლიათ. აღნიშნულ პრეპარატებს მალე ჩინური წარმოების 100 ათასი დოზა ვაქცინა დაემატება. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მის ჩასატარებლად საჭიროა რეგისტრაციის გავლა ვებ-გვერდზე ან დარეკვა ტელეფონის ნომერზე 15–22. 

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. თუმცა, დაბალი მიმართვიანობის გამო გადაწყდა, რომ 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩართულიყვნენ. ასევე შესაძლებელია, რომ საზოგადოებაში ვაქცინის სანდოობის გაზრდის მიზნით 100 ცნობილი ადამიანი აცრან.

ყველა ახალი ამბავი
0