თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აზერბაიჯანული კომპანია Nexol Holding-ის დამფუძნებელი ნასიბ ჰასანოვი უკანონო მოქმედებებში დაადანაშაულა და მას კონტრაქტებზე უარი განუცხადა.
„კავკასუს ონლაინი“ (Caucasus Online) – რეგიონში ლიდერი ტელესაკომუნიკაციო კომპანიაა. ის 2006 წელს ქვეყნის წამყვანი საკომუნიკაციო კომპანიების – Caucasus network-ის (საქართველოს ერთ-ერთი პირველი ინტერნეტ-პროვაიდერი, დაფუძნდა 1998 წელს), Georgian Online-ის, Sanet-ის და Telenet-ის გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა.
რეგულატორის მონაცემებით, ჰასანოვმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანხმობის გარეშე ჯერ კომპანიის 49 პროცენტი შეიძინა, ხოლო 2020 წლის აგვისტოში კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი და დაჩქარებული წესით, კომისიის თანხმობის გარეშე, კომპანიის დანარჩენი 51 პროცენტიც შეისყიდა.
„ამჟამად ჰასანოვი შპს „კავკასუს ონლაინის“ 100%-იანი წილის უკანონო მფლობელია“, – ნათქვამია მარეგულირებელი კომისიის განცხადებაში.
კომპანიის წილების შესყიდვა მიმდინარეობდა სასამართლო სხდომებისა და გარიგების პირობების დარღვევის გამო კომპანიისთვის დაკისრებული მრავალრიცხოვანი ჯარიმების ფონზე.
სომხეთი ინტერნეტის გარეშე დარჩება? Caucasus Online-ის აქციები ბაქოს ხელშია>>
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი გაასხვისებს 5%-ზე მეტ წილს, ის ვალდებულია მარეგულირებელ კომისიას მიმართოს მისგან თანხმობის მისაღებად. კომპანიამ წილი ისე გაასხვისა, რომ წინასწარ არ აცნობა ამის შესახებ რეგულატორს, რითიც მოქმედი კანონი დაარღვია.
უკვე 2020 წლის ოქტომბერში კომპანიაში სპეციალური მმართველი დაინიშნა, რათა კომპანიის საქმიანობა კანონის ფარგლებში მოქცეულიყო. სპეციალურმა მმართველმა 2020 წლის დეკემბერში კომპანიის ორი შეთანხმება დაბლოკა.
ერთი დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო „კავკასუს ონლაინსა“ და ყაზახურ კომპანია სს „ტრანსტელეკომს“ შორის, ხოლო მეორე დოკუმენტის მიხედვით – შპს „კავკასუს ონლაინსა“ და თურქულ კომპანია სს SOCAR Turkey Fiber Optik A.Ş-ს შორის.
„ორივე დოკუმენტში „კავკასუს ონლაინი“ განხილული იყო, როგორც აზერბაიჯანულ „ნექსოლის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ გასაფორმებელი მემორანდუმის წინაპირობად განსაზღვრული იყო აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მთავრობებს შორის კასპიის ზღვის ქვეშ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება.
2008 წლიდან „კავკასუს ონლაინი“ 1200 კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყალქვეშა კაბელის ერთპიროვნული მფლობელია. სწორედ ამ კაბელის მეშვეობით მიეწოდება ტრანზიტით ინტერნეტი ევროპიდან სამხრეთ კავკასიასა და კასპიის ზღვის რეგიონს. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დახმარებით, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე გადის, შესაძლებელი გახდა ხარისხიანი ინტერნეტის ტრანზიტი ევროპიდან აზიაში.