თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ქართულმა ინტერნეტ-პროვაიდერებმა შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ შესაძლოა ავტორიზაცია დაკარგონ, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი 5%-ზე მეტი ოდენობის წილს გაყიდის, ის ვალდებულია მიმართოს კომისიას და მისგან თანხმობა მიიღოს. კომპანიებმა აქციები გაყიდეს და ამის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს რეგულატორს, რითიც მოქმედი კანონმდებლობა დაარღვიეს.
გასული წლის ოქტომბერში კომისიამ კომპანიები გააფრთხილა და დარღვევის აღმოსაფხვრელად ბოლო ვადა - 3 დეკემბერი განუსაზღვრა. კომპანიებმა კომისიის გადაწყვეტილება არ შეასრულეს და თითოეული 30 ათასი ლარით დაჯარიმდა. შემდეგ კომპანიებს წილების გაყიდვამდე არსებული სტატუს-კვოს მიმდინარე წლის 18 იანვრამდე აღდგენა და კომისიაში თანდართული დოკუმენტების წარდგენა დაევალათ. მაგრამ კომისიებმა ეს ვალდებულებაც არ შეასრულეს.
ამჯერად კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ 90 000 ლარის, ხოლო შპს „რკინიგზის ტელეკომს“ 63 930 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა და დარღვევის აღმოსაფხვრელად ვადა 22 თებერვლამდე განუსაზღვრა.
„თუ კომპანიები აღნიშნულ ვალდებულებას არ შეასრულებენ, შესაძლოა დღის წესრიგში კომპანიების ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
Caucasus Online-მა მფლობელი 2016 წლის ოქტომბერშიც შეიცვალა, მაგრამ მაშინ ეს ცვლილება კომისიასთან შეთანხმებით მოხდა. კომპანია დაავალდებულეს, რომ აცნობოს რეგულატორს ნებისმიერი სხვა ცვლილების შესახებ და ნებართვის შემთხვევაში განაგრძოს მოქმედება. ეს შეთანხმება 2019 წლის აგვისტოში განხორციელებული ცვლილებების დროს დაირღვა.
„კავკასუს ონლაინი" საქართველოს ინტერნეტ-სივრცეში მოქმედი მთავარი მოთამაშეების — Sanet და Georgia Online (dial up ტექნოლოგია), Caucasus Network (dsl ტექნოლოგია) და Telenet (fixed wireless ტექნოლოგია) გაერთიანების გზით 2006 წელს დაფუძნდა.
2008 წლიდან „კავკასუს ონლაინი" 1200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მფლობელია. სწორედ ამ კაბელის წყალობით ხდება ინტერნეტის ტრანზიტული გადაცემა ევროპიდან სამხრეთ კავკასიასა და კასპიის რეგიონში. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით, რომელიც შავი ზღვის ფსკერზეა გაყვანილი, შესაძლებელი გახდა მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება ევროპიდან აზიაში.