თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქართული ინტერნეტ-პროვაიდერი „კავკასუს ონლაინი“ (Caucasus Online) მეექვსედ დააჯარიმა და ახალი სანქციებით დაემუქრა, ნათქვამია კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
სომხეთი ინტერნეტის გარეშე დარჩება? Caucasus Online-ის აქციები ბაქოს ხელშია>>
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი გაასხვისებს 5%-ზე მეტ წილს, ის ვალდებულია კომისიას მიმართოს მისგან თანხმობის მისაღებად. კომპანიამ წილი ისე გაასხვისა, რომ წინასწარ არ აცნობა ამის შესახებ რეგულატორს, რითიც მოქმედი კანონი დაარღვია.
კომისიამ გასული წლის ოქტომბერში კომპანია გააფრთხილა და დარღვევის აღმოსაფხვრელად დაუწესა ვადა 2019 წლის 3 დეკემბრამდე. „კავკასუს ონლაინმა“ კომისიის გადაწყვეტილება არ შეასრულა და მას შემდეგ უკვე ხუთჯერ დაჯარიმდა.
ამჯერად კომისიამ კომპანია 270 ათასი ლარით დააჯარიმა.
„კავკასუს ონლაინს“ წილების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ვადა 20 სექტემბრამდე აქვს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილების აღსრულებისთვის კანონით გათვალისწინებულ სხვა მექანიზმებსაც განიხილავს“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი – დროებითი მმართველის დანიშვნაა. კომისიას უფლება აქვს არაუმეტეს ორი წლით დანიშნოს დროებითი მმართველი კომპანიაში, თუ ეს კომპანია არ შეასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას და არ გადაიხდის ჯარიმას. ეს იმ შემთხვევაზეა გათვლილი, როცა კომპანიის ავტორიზაციის ან ლიცენზიის გაუქმება ქვეყნის ეკონომიკასა და მოქალაქეთა ინტერესებს აზარალებს.
ასეთ შემთხვევაში დროებითი მმართველი ვალდებულია უზრუნველყოს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილებების შესრულება და ამისათვის შეუზღუდავი უფლებები აქვს მინიჭებული.
2008 წლიდან „კავკასუს ონლაინი“ 1200 კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყალქვეშა კაბელის ერთპიროვნული მფლობელია. სწორედ ამ კაბელის მეშვეობით მიეწოდება ტრანზიტით ინტერნეტი ევროპიდან სამხრეთ კავკასიასა და კასპიის ზღვის რეგიონს. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დახმარებით, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე გადის, შესაძლებელი გახდა ხარისხიანი ინტერნეტის ტრანზიტი ევროპიდან აზიაში.