თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ ზონაში უსაფრთხოების ის ზომები, რომელიც მიღებულია, კერძოდ, გზის გადაკეტვა და შეზღუდვების დაწესება, სწორი გადაწყვეტილებაა, ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ მოწვეულმა გერმანელმა ინჟინერ-გეოლოგმა პეტერ ნიუმანმა განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა – ფერდობზე აშკარაა დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები. სპეციალისტების განცხადებით, ნუცუბიძე–ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე იგივე საფრთხეებია, რაც ვერეს ხეობაში იყო. თბილისის მერმა კახა კალაძემ კი აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მეწყრული პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ის არ უკავშირდება მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ მიმდინარე ახალი გზის მოწყობის სამუშაოებს.
გუშინ საქართველოში ვაშლიჯვრის ფერდობზე გააქტიურებული მეწყრული პროცესების შესასწავლად გერმანელი გეოინჟინრები ჩამოვიდნენ. ისინი პროექტირებისა და მოდელირების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ქართველ სპეციალისტებთან ერთად გადაწყვეტენ, როგორ გადაჭრან პრობლემა.
„ამჟამად, სავარაუდოდ, არის მასშტაბური მეწყრის ინიცირების ფაზა და უნდა განხორციელდეს პირველადი ზომები, როგორიცაა გამაგრების სამუშაოები, დრენაჟი და მონიტორინგი“, – განაცხადა პეტერ ნიუმანმა.
გეოლოგის განცხადებით, მომავალში უნდა გაგრძელდეს დაკვირვება, გეოლოგიური კვლევა და ამის მიხედვით დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები.
„საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური, რომელიც მხოლოდ ერთი გზით არ გადაიჭრება. საკმაოდ ბევრი ქანია გამოთავისუფლებული, რაც ართულებს სამუშაო პროცესს. უნდა მოხდეს კონკრეტული მიმდინარე პროცესის იდენტიფიცირება და შემდეგ უკვე შესაბამისი ზომების მიღება“, – აღნიშნა ნიუმანმა.
ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე, სადაც რამდენიმე დღის წინ მეწყრული პროცესები გააქტიურდა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს. გეოლოგები სპეციალური აღჭურვილობით მუდმივ რეჟიმში აკვირდებიან ბუნებრივ პროცესებს. უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილია საავტომობილო და საფეხმავლო გზა.
15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ გასული წლების განმავლობაში მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა და, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.
თბილისის მერია ვაკე-საბურთალოს რაიონში გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ახორციელებს.
პროექტის თანახმად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და „მათე მოტორსის" ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.