ნაფიც მსაჯულებს, მსოფლიო მასშტაბით, ვერდიქტი არაერთ გახმაურებულ საქმეზე გამოუტანიათ და ამ ინსტიტუტის მიმართ იმდენად მაღალი ინტერესი არსებობს, რომ მას არა ერთი ფილმი და წიგნიც მიეძღვნა. ალბათ გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ყველა კინომოყვარულმა იცის სიდნი ლუმეტის შედევრი „12 განრისხებული მამაკაცი“, სადაც მამის მკვლელობაში ბრალდებული 18 წლის ბიჭის ბედს 12 ნაფიცი მსაჯული წყვეტს. ნაფიცი მსაჯულების განაჩენით შეიძლება, უდანაშაულო ბიჭი ელექტროსკამზე აღმოჩნდეს, ან მკვლელი და საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება გამართლდეს.
„12 განრისხებული მამაკაცი“ ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამხელა დატვირთვა და პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ მსაჯულს, მიუხედავად მისი პროფესიისა, პირადი ცხოვრებისა, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა თუ სოციალური ფენისა...
აღსანიშნავია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ნაფიცი მსაჯული შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს, თუ, რა თქმა უნდა, კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ. დღევანდელ სტატიაში ვეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ ვის ირჩევენ ნაფიც მსაჯულებად, კანონის რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი, რა უფლებები და ვალებულებები ენიჭებათ, უხდიან თუ არა ხელფასს მათ და ა.შ.
რა შემთხვევაში განიხილება საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით:
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია შემდეგი ბრალდებები:
- განზრახ მკვლელობა
- განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში
- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება
- ძალადობა
- ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა
- თავისუფლების უკანონო აღკვეთა
- ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი
- არასრულწლოვნით ვაჭრობა - ტრეფიკინგი
- ადამიანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის მხვერპლის/დაზარალებულის მომსახურებით სარგებლობა
- მძევლად ხელში ჩაგდება, წამება, წამების მუქარა
- დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა
- უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში
- განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება, უკანონო მოთავსება ან დაკავება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში
- ფალსიფიკაცია
- ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება,შემოტანა ან რეალიზაცია
- აფეთქება
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვა არჩევადია და სურვილს ბრალდებული/დაცვის მხარე აფიქსირებს მოსამართლის წინაშე.
როგორ და ვინ ადგენს ნაფიც მსაჯულთა სიას
თითოეული სისხლის სამართლის საქმისათვის ამ საქმის განმხილველი მოსამართლე საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული, 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არა უმეტეს 300 პირის შემადგენლობით.
მათგან საქმის განხილვისათვის შეირჩევა 12 ძირითადი და ორი სათადარიგო მსაჯული. დანაშაულის სიმძიმის მიხედვით გასათვალისწინებელია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში არ უნდა იყოს ექვსზე ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, რვაზე ნაკლები მძიმე დანაშაულთა კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ათზე ნაკლები განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე.
ვინ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული
პირველ რიგში ვიტყვით, რომ ნაფიცი მსაჯულები საზოგადოების რიგითი წევრები არიან. თქვენ თუ ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, შესაძლებელია, ერთ დღეს ნაფიც მსაჯულადაც გამოგიძახონ.
ნაფიცი მსაჯული შეიძლება იყოს პირი, თუ:
- ის დაფიქირებულია საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში და არის 18 წელს გადაცილებული
- იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა
- ცხოვრობს აღმოსავლეთ ან დასავლეთ საქართველოში − იმის შესაბამისად, თუ საქართველოს რომელ ნაწილში მდებარე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში იმართება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი
- შეზღუდული არა აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს არ შეუშლის მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას.
გარდა ამისა, კანონის მიხედვით, პირი ვერ მიიღებს მონაწილეობას ნაფიც მსაჯულად სისხლის სამართლის პროცესში, თუ ის არის: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პროკურორი, გამომძიებელი, პოლიციელი, ადვოკატი, მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, სასულიერო პირი, აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე, ბრალდებული, პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო, და ამ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წელზე ნაკლებია გასული, ნასამართლევი.
აქვს თუ არა პირს უფლება, ნაფიც მსაჯულობაზე უარი თქვას
დიახ, პირს აქვს უფლება, განაცხადოს თვითაცილების შესახებ და მიუთითოს იმ გარემოებაზე, რაც ნაფიცი მსაჯულის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს შეუშლის.
კერძოდ, პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორციელებაზე თუ იგი:
- 70 წელს გადაცილებულია
- უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული
- ხანგრძლივი ვადით იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ
- ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს.
- ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო
რა უფლებები და ვალდებულებები აქვთ ნაფიც მსაჯულებს
ნაფიცი მსაჯულები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უმნიშვნელოვანესი რგოლია და მათ მთელი რიგი უფლებები გააჩნიათ, კერძოდ:
ნაფიც მსაჯულს უფლება აქვს თავის წერილობით მიმართვაზე მიიღოს: 1. სასამართლოსგან განმარტება გამოსაყენებელი კანონის თაობაზე;
2. წინასწარი ინფორმაცია საქმის გარემოებებისა და გამოსაკვლევი მტკიცებულებების შესახებ; 3. სასამართლო სხდომის დროს მიიღოს დამატებითი განმარტებებები სხდომის თავმჯდომარისაგან, მოწმეებისგან, მხარეეებისგან და ა.შ.
რა ეკრძალებათ ნაფიც და სათადარიგო მსაჯულებს
გარდა უფლებებისა, კანონის მიხედვით, ნაფიც მსაჯულებს მთელი რიგი ვალდებულებებიც გააჩნიათ. კერძოდ, მათ ეკრძალებათ:
1. სხდომის მიმდინარეობისას სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვება;
2. ვერდიქტის გამოტანამდე საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება ან საკუთარი აზრის გამოთქმა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით;
3. განსახილველი საქმის გარემოებებთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარის გარდა სხვა პირებთან ურთიერთობა;
4 განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება სასამართლო სხდომის ფარგლებს გარეთ;
5. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა;
6. სასამართლოს შენობაში წესრიგის დარღვევა და სხდომის თავმჯდომარის შესაბამისი მითითებების შეუსრულებლობა.
ამასთან, თუ სასამართლო განხილვას მსაჯული საპატიო მიზეზის გარეშე გააცდენს ან მასზე დაკისრებულ მოვალეობას არაჯეროვნად შეასრულებს, 1 000-დან 1500 ლარამდე თანხით დაჯარიმდება.
აღსანიშნავია, რომ თუ მსაჯულმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოება დაარღია, მას ჯარიმა ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თუ ნაფიცმა მსაჯულმა (კანდიდატმა) სასამართლოს არ წარუდგინა ინფორმაცია მისი ნაფიც მსაჯულობასთან შეუთავსებლობის შესახებ, ან შეგნებულად მცდარი ინფორმაციის წარადგინა, მას ჯარიმა ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
იღებენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები ანაზღაურებას
ნაფიცი მსაჯული ხელფასის სახით ანაზღაურებას არ იღებს, თუმცა მას უნარჩუნდება ნაფიც მსაჯულად არჩევამდე დაკავებული სამსახური და შესაბამისი შემოსავალი. გარდა ამისა, მას სახელმწიფო უნაზღაურებს ყველა იმ ხარჯს რაც პირდაპირ დაკავშირებულია საკუთარი მოვალეობის განხორციელებასთან, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯებს.
რა ვადით ირჩევენ ნაფიც მსაჯულებს
ეს ვადა წინასწარ განსაზღვრული არ არის. ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულება შესაძლებელია გაგრძელდეს იმ დროით, რაც საჭიროა საქმის განხილვისთვის.
როგორ იღებენ ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს
ბრალდებულის საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ, ნაფიცი მსაჯულები გადიან სათათბირო ოთახში და განიხილავენ ფაქტებს. საქმის განხილვის შემდეგ უფროსი მსაჯული თითოეულ საკითხს ღია კენჭისყრაზე აყენებს. თავდაპირველად, ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამართლებელ ვერდიქტს ეყრება კენჭი. თუ მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი არ გამოიტანეს, მაშინ იწყება გამამტყუნებლის მისაღებად კენჭისყრა.
კენჭისყრის პროცესში თითოეული ნაფიცი მსაჯული საკითხისადმი თავის დადებით და უარყოფით დამოკიდებულებას გამოატავს, მხარს უჭერს ან უარყოფს მას.
მნიშვნელოვანია, რომ ნაფიც მსაჯულს უფლება არ აქვს, ხმის მიცემისგან თავი შეიკავოს.
შეუძლია თუ არა მოსამართლეს, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი გააუქმოს
დიახ, თუმცა მას მხოლოდ გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმება შეუძლია. ამ შემთხვევაში მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის თარიღი უნდა დანიშნოს.
მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.