საზღვარგარეთ გამგზავრება პირობითი მსჯავრის დროს – იცოდეთ თქვენი უფლებები

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბევრმა არ იცის, შესაძლებელია თუ არა საზღვარგარეთ გამგზავრება იმ პერიოდში, როდესაც ადამიანი პირობით მსჯავრს იხდის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა აძლევს შესაძლებლობას პირობით მსჯავრდებულებს, გაემგზავრონ საზღვარგარეთ. თუმცა, ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა გაკეთდეს და გამოირიცხოს თვითნებური ქცევა მსჯავრდებულის მხრიდან.

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მიხედვით, საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე თქვენს წერილობით განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით.

პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება კი გეცნობებათ წერილობით, მის მიერ განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. თუმცა განცხადება შესაძლებელია დაჩქარებული წესითაც, 2 სამუშაო დღის ვადაში განიხილონ და ამისთვის 200 ლარის ჩარიცხვა მოგიწევთ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე. აქვე გაითვალისწინეთ, რომ უარის თქმის შემთხვევაში დაჩქარებული მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება.

განქორწინება - Sputnik საქართველო
თუ მეუღლეს განქორწინება არ სურს... იცოდეთ თქვენი უფლებები

კანონმდებლობა ითვალისწინებს რამდენიმე შემთხვევას, თუ როდის მოგეცემათ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა:

1. თუ თქვენ ხართ შესაბამისი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან საქართველოსა და შესაბამისი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან გაქვთ შესაბამის უცხო ქვეყანაში ბინადრობის უფლება, სამუშაო ვიზა ან ამ ქვეყანაში დროებით ხართ რეგისტრირებული.

2. თუ თქვენი ახლო ნათესავი (მეუღლე, შვილი, ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი) შესაბამისი უცხო ქვეყნის მოქალაქეა − შესაბამის უცხო ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის (90 დღე) ვადამდე.

3. მძიმე ავადმყოფობის გამო საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, ან თქვენი ახლო ნათესავის (მშობლის, მშვილებლის, მინდობით აღმზრდელის, შვილის, ნაშვილების, მინდობით აღსაზრდელის, პაპის, ბებიის, შვილიშვილის, დის, ძმის, მეუღლის ან მსჯავრდებულთან მუდმივად მცხოვრები პირის) მძიმე ავადმყოფობის გამო საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, თუ აუცილებელია, რომ თან ახლდეთ ახლო ნათესავს.

ტომასო ტრუსარდი და რენცო როსო - Sputnik საქართველო
ადამიანები, რომლებზეც ბევრი გვსმენია, თუმცა არასოდეს გვინახავს

4. გარდაცვლილი ახლო ნათესავის უცხო ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსვენების ან სხვა ქვეყანაში გადასვენების/დაკრძალვის მიზნით.

5. თუ საქართველოს სახელით მონაწილეობთ ოფიციალურ, საერთაშორისო კულტურულ, სპორტულ, პროფესიულ ან საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებაში.

6. თუ მუშაობის ან სწავლის მიზნით მიგიწვიათ შესაბამისი უცხო ქვეყნის რეზიდენტმა იურიდიულმა პირმა.

7. თუ მეზღვაურად, მძღოლად ან ბორტგამცილებლად მუშაობთ საქართველოს ან უცხო ქვეყნის რეზიდენტ იურიდიულ პირში.

8. თუ უცხო ქვეყანაში (გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და შენგენის ზონის ქვეყნებისა) სეზონური სამუშაოების შესასრულებლად მიემგზავრებით.

კანონი ასევე ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, რომლებიც საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის მოქმედების პერიოდში მისი გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს:

თბილისი - Sputnik საქართველო
ვინ არ არის ვალდებული, გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი

1. თუ თქვენ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, რაც ცნობილი გახდა პრობაციის ბიუროსთვის;

2. თუ ადმინისტრაციული პატიმრობა ან აღკვეთის ღონისძიება შეგიფარდეს, რაც ცნობილი გახდა პრობაციის ბიუროსთვის;

3. თუ შესაბამის პრობაციის ბიუროში დადგენილი რეჟიმი არასაპატიო მიზეზით დაარღვიეთ;

4. თუ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა იმ მიზნით, ან იმ ქვეყანაში გასამგზავრებლად გამოიყენეთ, რომელიც შესაბამის განცხადებაში არ მიგითითებიათ.

იმისათვის, რომ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა მიიღოთ, უნდა გადაიხადოთ ამ ნებართვის საფასური. გაითვალისწინეთ, საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ან მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაუქმების შემთხვევაში გადახდილი საფასური არ ბრუნდება.

თუ თქვენ რეგისტრირებული ბრძანდებით სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში და თქვენი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე, თქვენ თავისუფლდებით საზღვარგარეთ გამგზავრებისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდისაგან.

დაკავება - Sputnik საქართველო
თუ მოულოდნელად დაგაკავეს...იცოდეთ თქვენი უფლებები

საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში დაგეკისრებათ გამგზავრების ნებართვის საფასურის გადახდა შემდეგი ოდენობით: ა) ერთ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 600 ლარი; ბ) ერთიდან სამ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 1200 ლარი; გ) სამიდან ექვს თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2000 ლარი; დ) ექვსიდან ცხრა თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2700 ლარი; ე) ცხრიდან თორმეტ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 3400 ლარი.

გაითვალისწინეთ, თუ მიიღეთ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა და მისი მოქმედების პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებით, ვალდებული ხართ დადგენილი რეჟიმის დაცვით გამოცხადდეთ პრობაციის ბიუროში.

თუ ნებართვის გარეშე გადაკვეთავთ, ან ეცდებით საქართველოს საზღვრის გადაკვეთას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია დაგაკავოთ და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს. 

გარდა ამისა, ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ან მისი გადაკვეთის მცდელობის გამო თქვენ დაჯარიმდებით კიდეც: პირველ შემთხვევაში – 1000 ლარის ოდენობით, ხოლო პირველი შემთხვევიდან ერთი წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისას (მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისას) – 2000 ლარის ოდენობით.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

ყველა ახალი ამბავი
0