ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნეს: რას აპირებს პროკურატურა

© Sputnik / Alex Shlamovნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
გამოწერა
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დღესვე მიმართავს, განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა

საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი ცოტა ხნის წინ დაუჭირა. 

პროკურორის თქმით, პარლამენტმა გაიზიარა ის სამართლებრივი არგუმენტაცია, რაც გააჩნდა ბრალდების მხარეს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ხოლო საკანონმდებლო ორგანოს დადგენილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ სასამართლო გადაწყვეტილებისა და კანონის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად იმისა, რა თანამდებობა უკავია მას ან რა პოლიტიკური კუთვნილებისაა.

„საპარლამენტო იმუნიტეტი არ წარმოადგენს ინდულგენციას არც ერთი ადამიანისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით“, – განაცხადა პროკურორმა. 

რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, გულუაშვილის თქმით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გათვალისწინებულია სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა, რისი უფლებამოსილებაც გააჩნია ბრალდების მხარეს.

იოსელიანი: ნიკა მელიას მხრიდან გირაოს არგადახდა არის პოლიტიკური პროტესტი>>

„ბრალდების მხარე დღესვე უზრუნველყოფს შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენას თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვინაიდან საკითხი ეხება აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, სასამართლომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა ჩანიშნოს სხდომა, სადაც მოხდება მხარეთა არგუმენტების მოსმენა“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
პარლამენტთან აქტივისტები აქცია-პერფორმანსს მართავენ: ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

2 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით პარლამენტს თანხმობის მისაღებად მიმართა. ასეთი გადაწყვეტილება პროკურატურამ მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ უარი თქვა გირაოს გადახდაზე, რომელიც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით დააკისრა. 

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2 კი წინააღმდეგი იყო.

საკითხის პლენარულ სხდომაზე გასვლამდე მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა დაუჭირეს.

პარლამენტის კომიტეტებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს>>

საქართველოში აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე იღებს. მაგრამ ამ შემთხვევაში მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართვამდე პროკურატურამ პარლამენტის ნებართვა უნდა მიიღოს.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საკანონმდებლო ორგანომ მსგავს გადაწყვეტილება მიიღო ერთსა და იმავე საქმეზე – 2019 წლის 20 ივნისის ღამეს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
„პარლამენტი სასამართლო არ არის“: მელიას ადვოკატები იურიდიული კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს

პირველად პარლამენტმა მელიას სადეპუტატო ხელშეუხებლობა 2019 წლის ივნისში მოუხსნა – პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ივლისში კი მელიას დეპუტატის მანდატი ვადაზე ადრე შეუჩერეს.

2019 წლის 27 ივნისს გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა და ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრა. მას ასევე საჯაროდ გამოსვლა აეკრძალა. მაშინ ის ამ წესებს დაემორჩილა, მათ შორის, გირაოს თანხაც გადაიხადა.

მელია გასული წლის ოქტომბერში აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში, 2020 წლის ნოემბერში კი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან ერთ-ერთ მიტინგზე საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული სამაჯური და გადააგდო. ამის შემდეგ მას სამაჯურის ტარების ვალდებულება მოუხსნეს და გირაოს თანხა – 40 ათასი ლარი თავიდან დააკისრეს.

ყველა ახალი ამბავი
0