თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. გირაოს გადახდაზე უარი დანაშაული არ არის და პარლამენტმა არ უნდა მისცეს თანხმობა იმ საკითხს, რომ ნიკა მელია საპატიმროში მოხვდეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების" გენმდივანმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ წუთებში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ.
როგორც ცნობილია, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარს არ დაუჭერენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და დეპუტატის მხრიდან გირაოს გადახდაზე უარის შემთხვევაში უმრავლესობა პროკურატურის მიმართვას დააკმაყოფილებს.
რამდენიმე დღის წინ გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტს მიმართა ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად. ასეთი გადაწყვეტილება პროკურატურამ მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ უარი თქვა გირაოს გადახდაზე, რომელიც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით დააკისრა.
იოსელიანის განცხადებით, მელიას მხრიდან გირაოს გადახდაზე უარი არის ოპოზიციონერის მხრიდან გამოხატული პოლიტიკური პროტესტის ფორმა და პარლამენტმა მას სადეპუტატო იმუნიტეტი არ უნდა მოუხსნას.
„თუ პროტესტის ფორმა იმუნიტეტით დაცულია, მაშინ რატომ ვუხსნით მას იმუნიტეტს, რატომ ვაძლევთ მწვანე შუქს იმას, რომ ეს ადამიანი საპატიმროში მოხვდეს? ხომ არ შეიძლება პარლამენტი პროკურატურის გაგრძელება იყოს?!“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა დღევანდელ ერთობლივ სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს.
საქართველოში აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე იღებს. მაგრამ ამ შემთხვევაში მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართვამდე პროკურატურამ პარლამენტის ნებართვა უნდა მიიღოს.
პარლამენტი ნებართვას კომიტეტებზე განხილვის შემდეგ პლენარულ სხდომაზე გასცემს. თუ პარლამენტი მელიას თაობაზე პროკურატურის მიმართვას დააკმაყოფილებს, ეს უკვე მეორე შემთხვევა იქნება, როდესაც საკანონმდებლო ორგანო მსგავს გადაწყვეტილებას იღებს ერთსა და იმავე საქმეზე – 2019 წლის 20 ივნისის ღამეს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“.
პირველად პარლამენტმა მელიას სადეპუტატო ხელშეუხებლობა 2019 წლის ივნისში მოუხსნა – პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ივლისში კი მელიას დეპუტატის მანდატი ვადაზე ადრე შეუჩერეს.
2019 წლის 27 ივნისს გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა და ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრა. მას ასევე საჯაროდ გამოსვლა აეკრძალა. მაშინ ის ამ წესებს დაემორჩილა, მათ შორის, გირაოს თანხაც გადაიხადა.
მელია გასული წლის ოქტომბერში აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში, 2020 წლის ნოემბერში კი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან ერთ-ერთ მიტინგზე საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული სამაჯური და გადააგდო. ამის შემდეგ მას სამაჯურის ტარების ვალდებულება მოუხსნეს და გირაოს თანხა – 40 ათასი ლარი თავიდან დააკისრეს.