თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. პარლამენტი სასამართლო არაა, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებს მოვუსმინოთ, ასე განმარტა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის, „ნაციონალური მოძრაობის" თამჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატებისთვის კომიტეტის სხდომაზე დასწრების თხოვნაზე უარი.
საქართველოს პარლამენტი ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს მოუხსნის>>
მელია ითხოვდა, რომ საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას, რომელზეც მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხი უნდა გადაწყდეს, მისი ადვოკატები დასწრებოდნენ. თავად მელია, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, პროტესტის ნიშნად პარლამენტის მუშაობაში არ მონაწილეობს.
„ადვოკატებს კომიტეტისთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ. ჩვენ დღეს არ ვწყვეტთ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების საკითხს. ჩვენ დღეს ვწყვეტთ საკითხს, მიეცეს თუ არა უფლება პროკურატურას, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს არ არის სასამართლო და სასამართლოზე მხარეებს სრული უფლება ექნებათ იპაექრონ“, – განუცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებს.
პროკურატურამ მიმართა პარლამენტს ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით. ასეთი გადაწყვეტილება პროკურორმა მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ უარი თქვა გირაოს გადახდაზე, რომელიც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით დააკისრა.
საქართველოში აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე იღებს. მაგრამ ამ შემთხვევაში მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართვამდე პროკურატურამ პარლამენტის ნებართვა უნდა მიიღოს.
თუ პარლამენტი მელიას თაობაზე პროკურატურის მიმართვას დააკმაყოფილებს, ეს უკვე მეორე შემთხვევა იქნება, როდესაც საკანონმდებლო ორგანო მსგავს გადაწყვეტილებას იღებს ერთსა და იმავე საქმეზე – 2019 წლის 20 ივნისის ღამეს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“.
პირველად პარლამენტმა მელიას სადეპუტატო ხელშეუხებლობა 2019 წლის ივნისში მოუხსნა – პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ივლისში კი მელიას დეპუტატის მანდატი ვადაზე ადრე შეუჩერეს.
2019 წლის 27 ივნისს გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა და ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრა. მას ასევე საჯაროდ გამოსვლა აეკრძალა. მაშინ ის ამ წესებს დაემორჩილა, მათ შორის, გირაოს თანხაც გადაიხადა.
მელია გასული წლის ოქტომბერში აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში, 2020 წლის ნოემბერში კი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან ერთ-ერთ მიტინგზე საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული სამაჯური და გადააგდო. ამის შემდეგ მას სამაჯურის ტარების ვალდებულება მოუხსნეს და გირაოს თანხა – 40 ათასი ლარი თავიდან დააკისრეს.