თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს.
12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტს მიმართა ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად. ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ უარი თქვა გირაოს გადახდაზე, რომელიც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით დააკისრა.
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტების წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო.
იურიდიული კომიტეტის წევრთაგან გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა მხოლოდ ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების" წევრმა ლევან იოსელიანმა, ხოლო საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრებმა მას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, პარლამენტი გენერალურ პროკურატურას აძლევს შესაძლებლობას, რომ მელიას მიმართ პატიმრობის ღონისძიება იყოს გამოყენებული, ხოლო თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, ეს სასამართლოს პრეროგატივაა.
სკანდალი ნიკა მელიას ირგვლივ გრძელდება: ოპოზიციის და ხელისუფლების თვალსაზრისი>>
ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს კენჭი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უნდა ეყაროს.
როგორც ცნობილია, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარს არ დაუჭერენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და დეპუტატის მხრიდან გირაოს არგადახდის შემთხვევში უმრავლესობა პროკურატურის მიმართვას დააკმაყოფილებს.
საქართველოში აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე იღებს. მაგრამ ამ შემთხვევაში მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართვამდე პროკურატურამ პარლამენტის ნებართვა უნდა მიიღოს.
პარლამენტი ნებართვას კომიტეტებზე განხილვის შემდეგ პლენარულ სხდომაზე გასცემს. თუ პარლამენტი მელიას თაობაზე პროკურატურის მიმართვას დააკმაყოფილებს, ეს უკვე მეორე შემთხვევა იქნება, როდესაც საკანონმდებლო ორგანო მსგავს გადაწყვეტილებას იღებს ერთსა და იმავე საქმეზე – 2019 წლის 20 ივნისის ღამეს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“.
პირველად პარლამენტმა მელიას სადეპუტატო ხელშეუხებლობა 2019 წლის ივნისში მოუხსნა – პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ივლისში კი მელიას დეპუტატის მანდატი ვადაზე ადრე შეუჩერეს.
2019 წლის 27 ივნისს გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა და ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრა. მას ასევე საჯაროდ გამოსვლა აეკრძალა. მაშინ ის ამ წესებს დაემორჩილა, მათ შორის, გირაოს თანხაც გადაიხადა.
მელია გასული წლის ოქტომბერში აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში, 2020 წლის ნოემბერში კი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან ერთ-ერთ მიტინგზე საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული სამაჯური და გადააგდო. ამის შემდეგ მას სამაჯურის ტარების ვალდებულება მოუხსნეს და გირაოს თანხა – 40 ათასი ლარი თავიდან დააკისრეს.