იუნესკო გელათის ტაძრის რესტავრაციაში ქართველ სპეციალისტებს დაეხმარება

© Sputnik / STRINGERგელათის მონასტერი
გელათის მონასტერი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს კომპანიები „იკორთა 2007“ და „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ აწარმოებდნენ, რომლებიც აღდგენითი სამუშაოების პროცესში შეცდომების გამო 12-12 ათასი ლარით დაჯარიმდნენ.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის სპეციალისტები საქართველოში გაზაფხულზე ჩამოვლენ და გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის რესტავრაციაში დახმარებას გაგვიწევენ, განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ. 

გელათი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2021
რა ეშველება გელათის ტაძარს? პარლამენტმა საკითხი განიხილა

ანთიძის განმარტებით, იუნესკოს სპეციალისტები ტაძარს დაათვალიერებენ და მისი რეაბილიტაციის კუთხით რეკომენდაციებს გასცემენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ მომენტში სააგენტოს ყოველდღიურ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან.

როგორც ანთიძემ აღნიშნა, სააგენტომ შეცვალა სამუშაოების მწარმოებელი კომპანია, რომელიც უკვე ვეღარ ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობებს და ამჟამად პროცესები სამართლებრივ ჭრილშია გადასული. 

„ახლა მთავარია საერთაშორისო ექსპერტებს დაველოდოთ. ჩვენ ველოდებით სპეციალისტებს, რომლებიც კონკრეტულად ტაძრის სახურავზე იქნებიან ორიენტირებული. ტაძრის სრული აღდგენის შემდეგ სახურავთან დაკავშირებული პრობლემა არასასიამოვნო იყო. სრული რეაბილიტაციის შემდეგ დაზიანებული კრამიტის სახურავის გამო ტაძარში პრობლემები იქმნება. ამიტომაც ჩვენ გვჭირდება სპეციალისტების რჩევები, თუ რა სახის კვლევები უნდა ჩატარდეს და რა ვადაში.  კომპანია, რომელიც მომავალში განახორციელებს სამუშაოებს, მათ რჩევებს გაითვალისწინებს“, – განაცხადა ანთიძემ. 

გელათი - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2021
გელათის ტაძრის დასავლეთ ნაწილზე დროებითი გადახურვის ფრაგმენტის აღდგენა დასრულდა

გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის სამუშაოები 2016 წელს შესრულდა, მაგრამ კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა, რის გამოც ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.

ტაძარზე თუნუქის დროებითი გადახურვა იქნება მანამ, სანამ ქვედა რეგისტრების წუნდებული კრამიტი მთლიანად არ შეიცვლება ახლით, რომლის ხარისხი ლაბორატორიული კვლევებით და ექსპერტთა დასკვნებით დადასტურდება.

გელათის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათალიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და შემდეგ ის მისი განსასვენებელიც გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0