რა ეშველება გელათის ტაძარს? პარლამენტმა საკითხი განიხილა

© photo: Sputnik / გელათი
გელათი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ერთ–ერთი მთავარი სიწმინდე მერამდენე წელია საფრთხის წინაშეა – ექსპერტები და სპეციალისტები განგაშს ტეხენ

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

კომიტეტმა პირველი  გამსვლელი სხდომა გელათის ტერიტორიაზე ჩაატარა, სადაც განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მონასტრის გადარჩენის პროექტში მონაწილე ყველა მხარის, მათ შორის, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელთა აზრი მოისმინა, თუმცა, მისი თქმით, კრიტიკულ კითხვებზე ამომწურავი პასუხი კვლავ ვერ მიიღო. 

გელათის მონასტრის დაზიანებული სახურავი აღადგინეს - ვიდეო - Sputnik საქართველო
გელათის მონასტრის დაზიანებული დროებითი გადახურვა ისევ აღადგინეს – ვიდეო

 „გაირკვა, რომ კომპანია, რომელიც გელათის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს 2011 წლიდან ატარებს, ტენდერის გზით არ შერჩეულა. იგი მაშინდელმა ხელმძღვანელობამ პირდაპირი წესით შეარჩია როგორც ორგანიზაცია, რომელიც სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად შესაფერისი იყო. ჩვენს შეხვედრაზე აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელიც ესწრებოდა. როდესაც ჩვენ მას ვკითხეთ, პასუხისმგებლობას რასთან დაკავშირებით იღებს, მან განაცხადა, რომ არ იცის საკუთარი ვალდებულებების შესახებ“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, იგი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ „უპასუხისმგებლო ორგანიზაცია ესოდენ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ამდენი ხანი მონაწილეობდა“. წულუკიანმა სხდომაზე არ დაუშვა ორგანიზაციის ადვოკატი და დასძინა, რომ „ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო“.

რა ხდება გელათში?

ამ დროისთვის გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დასავლეთ მკლავზე დაზიანებული დროებითი გადახურვის ფრაგმენტის აღდგენა დასრულდა.  ახლა სპეციალისტები აკვირდებიან სამონასტრო კომპლექსის წყალგაყვანილობის სისტემას და სახურავს. ახლადმოწყობილი დროებითი გადახურვის ფრაგმენტი სტრუქტურულად გამაგრდა. პარალელურად კი შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად  შემოწმდება და გამაგრდება მყარი გადახურვის ფენილების ყველა სეგმენტი. 

გელათი - Sputnik საქართველო
გელათის ტაძრის დასავლეთ ნაწილზე დროებითი გადახურვის ფრაგმენტის აღდგენა დასრულდა

გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აღდგენაზე ახალი კომპანია - „ბაგინეთი+“ იმუშავებს. კომპანიები – „იკორთა 2007“ და „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, რომლებიც აღნიშნულ სამუშაოებს „ბაგინეთამდე“ აწარმოებდნენ, აღდგენითი სამუშაოების პროცესში შეცდომების გამო 12-12 ათასი ლარით დაჯარიმდნენ – 18 იანვარს უამინდობის შედეგად ღვთისმშობლის ტაძრის დროებითი სახურავის ნაწილი დაზიანდა და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალური ფრესკები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ. 

გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის სამუშაოები 2016 წელს შესრულდა, მაგრამ კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა, რის გამოც ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.

გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათალიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და მისი განსასვენებელი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0