გელათის ტაძრის დასავლეთ ნაწილზე დროებითი გადახურვის ფრაგმენტის აღდგენა დასრულდა

© Sputnik / STRINGERგელათი
გელათი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამუშაო პროცესის უსაფრთხოებას კლუბ „თეთნულდის“  მეკლდეურეები და სააგენტოს შრომითი უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფდნენ.

 

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დასავლეთ მკლავზე დაზიანებული დროებითი გადახურვის ფრაგმენტის აღდგენა დასრულდა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით,  სპეციალური ტექნიკის გამოყენებით,  ტაძრის მკლავის სამხრეთ ფერდზე 15 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე არეალზე სპეციალისტების მიერ მოწყობილ ხის კონსტრუქციულ ბაზისზე თუნუქის ფენილი სათანადო წესით დაეფინა.

ახლადმოწყობილი დროებითი გადახურვის ფრაგმენტი სტრუქტურულად გამაგრდა. პარალელურად კი შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად, მომდევნო 2 დღეში შემოწმდება და გამაგრდება მყარი გადახურვის ფენილების ყველა სეგმენტი.

სამოქალაქო აქტივისტების აზრით, ჩატარებული სამუშაოს ხარისხზე საუბარი ჯერ ადრეა. ისინი სამუშაო პროცესში უცხოელი სპეციალისტების ჩართვას მოითხოვენ. 

გელათში ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაზე ახალი კომპანია იმუშავებს - Sputnik საქართველო
გელათში ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაზე ახალი კომპანია იმუშავებს

გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აღდგენაზე ახალი კომპანია - „ბაგინეთი+“ იმუშავებს. კომპანიები – „იკორთა 2007“ და „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, რომლებიც აღნიშნულ სამუშაოებს „ბაგინეთამდე“ აწარმოებდნენ, აღდგენითი სამუშაოების პროცესში შეცდომების გამო 12-12 ათასი ლარით დაჯარიმდნენ.

18 იანვარს, უამინდობის შედეგად ღვთისმშობლის ტაძრის დროებითი სახურავის ნაწილი დაზიანდა და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალური ფრესკები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ.

გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის სამუშაოები 2016 წელს შესრულდა, მაგრამ კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა, რის გამოც ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.

ტაძარზე თუნუქის დროებითი გადახურვა იქნება მანამ, სანამ ქვედა რეგისტრების წუნდებული კრამიტი მთლიანად არ შეიცვლება ახლით, რომლის ხარისხი ლაბორატორიული კვლევებით და ექსპერტთა დასკვნებით დადასტურდება.

გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათალიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და მისი განსასვენებელი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0