საქართველოში ინფლაციის დონე მკვეთრად შემცირდა: რაშია ფასების ვარდნის მიზეზი

© Sputnik / STRINGERგარემოვაჭრეები
გარემოვაჭრეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ მინუს 1% შეადგინა. ნოემბრის თვეში ინფლაციის მაჩვენებელი 0,9% იყო.

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2019 წლის დეკემბერი – 2020 წლის დეკემბერი) 2,4% შეადგინა – 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“. 

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
პანდემია და ვაჭრობა: საქართველოდან ექსპორტი 12%-ით შემცირდა

ასე რომ, 2019 წლის თებერვლიდან პირველად ინფლაციის წლიური დონე მიზნობრივ მაჩვენებელზე ნაკლები აღმოჩნდა.

დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში მინუს 1% შეადგინა. ნოემბრის თვეში ინფლაციის მაჩვენებელი 0,9% იყო.

„საქსტატის“ მონაცემებით, დეკემბერში ყველაზე მეტად ფასები შემცირდა კომუნალურ მომსახურებაზე – 22%-ით. ამავე დროს, ფასები გაიზარდა სურსათსა (2,1%) და ტრანსპორტზე (2,4%).

კომუნალურ მომსახურებაზე ფასების კლების მიზეზები

„საქსტატით“ განმარტებით, დეკემბერში ინფლაციის დონის კლების მიზეზი მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის კომუნალური ხარჯების სუბსიდირება გახდა, რომელიც მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ამასთან, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის სუბსიდირება ხორციელდება მათი მოხმარების მიხედვით, ხოლო წყალმომარაგების და დასუფთავების სერვისის – მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის მიხედვით.

პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის (შესაბამისად, 200 კვტ/სთ და 200 მ3) ხარჯების დაფარვის შესახებ.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოთავაზებული სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშების საერთაშორისო მეთოდოლოგიის თანახმად, ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისას გამოიყენება უშუალოდ მომხმარებლის მიერ გადახდილი საფასური. ანუ, სამომხმარებლო ფასი მოიცავს ყველა გადასახადს და არ მოიცავს სუბსიდიებს. აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე აბონენტებისთვის დეკემბერში განხორციელდა ტარიფის სრული სუბსიდირება, რაც მათთვის 0-ის ტოლ ტარიფს გულისხმობს. დანარჩენი აბონენტებისთვის კი ტარიფი დარჩა უცვლელი“, – ნათქვამია „საქსტატის“ განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სუბსიდირების შედეგი გათვალისწინებული იქნა დეკემბის ინფლაციის დონის გაანგარიშებისას, რამაც გარკვეულწილად შეამცირა წლიური ინფლაციის მაჩვენებელი გასული თვეების დინამიკასთან შედარებით.

როგორ იცვლებოდა ინფლაცია წლის დასაწყისიდან

2019 წელს წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა. მის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, ბოლოს იგი 2019 წლის დეკემბერში გაიზარდა. 

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო
ინფლაციის დონე საქართველოში მესამე თვეა არ იცვლება – ახალი სტატისტიკა

2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციის დონემ შემცირება დაიწყო – იანვარსა და თებერვალში მან 6,4% შეადგინა, მარტში – 6,1%, სექტემბერში – 3,8%. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლებამ 21 მარტიდან კარანტინი და კომენდანტის საათი დააწესა. ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისთვის ეროვნულმა ბანკმა აპრილიდან სამ ეტაპად 8%-მდე შეამცირა მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი.

2020 წლის დეკემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომუნალურ მომსახურებაზე ფასები 21,7%-ით შემცირდა. გარდა ამისა, ფასებმა დაიწია ტრანსპორტზე (2,3%), გართობასა და დასვენებაზე (2,8%). ამასთან, წლის განმავლობაში სურსათი 6,8%-ით გაძვირდა, მათ შორის, რძე, ყველი და კვერცხი – 11,3%-ით, მზესუმზირის ზეთი – 27,2%-ით, ყავა და ჩაი – 13,4%-ით, პურპროდუქტები – 7%-ით, ხორცი – 1,7%-ით, ხილი კი გაიაფდა 4,5%-ით. კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 9,6%-ით გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს მომსახურების ფასებიც.

მარტო ციფრებით ვერ „გაძღები“

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ინფლაციის გამოთვლის ფორმულა არ გამოდგება ადამიანების კეთილდღეობისა და მათი შემოსავლების გასაზომად. 

კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

„მოქალაქეების სამომხმარებლო კალათა შეზღუდულია და, სამწუხაროდ, დღეისათვის არსებული იმ შემოსავლების გათვალისწინებით, რომელიც მოსახლეობას აქვს, ეს კალათა უფრო მეტად დამძიმდა, ვიდრე ეს ოფიციალური სტატისტიკა. ინფლაციის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა საკვები არ არის, იმიტომ რომ ადამიანები საკვებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე ხარჯავენ ფულს“, – განაცხადა ხუხაშვილმა „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, საქმე ისაა, რომ პირველადი მოხმარების საგნები 15-30%-ით გაძვირდა.

მოსახლეობაში შემოსავლების არქონა დეფლაციურ პროცესებს გამოიწვევს

„საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ აღნიშნა, რომ მთავრობამ მოსახლეობისთვის კომუნალური ხარჯების სუბსიდირება განახორციელა, სტატისტიკის სამსახურმა კი ეს მონაცემები აღრიცხა, როგორც დაკლებული ფასები. 

ნიკა შენგელია - Sputnik საქართველო
ნიკა შენგელია: 2021 წლის მთავარი გამოწვევა ისევ ლარის კურსი და მაღალი ფასები იქნება

„ისეთი ფენომენი შეიქმნა, რომ სადღაც მარტში სიტუაცია შეიძლება ისე წავიდეს, რომ ჩვენ შეიძლება დეფლაციური პროცესები მივიღოთ, რაც მოსახლეობაზე უარესად აისახება. ეს ნიშნავს, რომ ფასების ვარდნა მოხდება იმის ფონზე, რომ მოსახლეობას არ ექნება ფული სურსათის შესაძენად“, – განაცხადა შენგელიამ „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში. ექსპერტის თქმით, იმის გამო, რომ მოსახლეობას არ ექნება შემოსავალი, მოთხოვნა იქნება ნაკლები.

„ამ შემთხვევაში მთავრობას კვლავ მოუწევს მოსახლეობის დახმარება და მან უნდა მოიფიქროს, თუ როგორ განახორციელოს ეს“, – განაცხადა შენგელიამ.

თავის მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ინფლაციის კლების დინამიკა განპირობებულია სუსტი ჯამური მოთხოვნით და მოსალოდნელია, რომ ეს გავლენა მომავალშიც დარჩება. გარდა ამისა, საყურადღებოა საგარეო მოთხოვნის შემცირებაც.

ყველა ახალი ამბავი
0