თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მოამზადა.
დოკუმენტში განსაზღვრულია ინფლაციის სამი წლის მიზნობრივი მაჩვენებელი, ასევე, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი ინფლაციის შესაკავებლად იყენებს.
წლიურმა ინფლაციამ საქართველოში, მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში, 3,8% შეადგინა. ამგვარად, ინფლაციის დონე უკვე ზედიზედ მესამე თვეა, არ იცვლება. ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,9% შეადგინა, ოქტომბერში კი -0,8%.
„ინფლაციის მიზნობრივი 3%–იანი მაჩვენებელი საშუალოვადიანი ინდიკატორია. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია მიზნობრივი დონისგან უმეტესწილად განსხვავებული იქნება; ის ზოგჯერ მიზნობრივ ინფლაციაზე უფრო მაღალი, ზოგჯერ კი უფრო დაბალი იქნება, თუმცა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის ამ მაჩვენებლისკენ იმოძრავებს“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თარგეთირების რეჟიმის დაწესების დღიდან, ანუ 2009 წლიდან დღემდე, წლიურმა ინფლაციამ, საშუალოდ, 3,7% შეადგინა. „ინფლაციის თარგეთირების შემოღებამდე, 2001-2008 წლებში, ის თითქმის ორჯერ მეტი - საშუალოდ 7,2% იყო.",- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
როგორ ებრძვის ეროვნული ბანკი პანდემიის გავლენას
გვენეტაძემ დეტალურად ისაუბრა საგანგებო ზომებზე, რომლებსაც ეროვნული ბანკი ქვეყნის ფინანსურ სექტორზე კორონავირუსის პანდემიის ნეგატიური ზემოქმედების შესარბილებლად და ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისთვის ატარებს.
„პანდემიის პირობებში, ლიკვიდობის მომავალი რისკების თავიდან აცილების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა დროებითი ინსტრუმენტები აამოქმედა: სავალუტო სვოპი, მუდმივმოქმედი სავალუტო სვოპი და მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მხარდამჭერი ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტი. 2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, კლება დაიწყო. თუმცა შემდგომ, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა შოკმა ინფლაციის ტრაექტორია შეცვალა. აღნიშნულ ფონზე, აპრილში ინფლაცია 6,9%-მდე გაიზარდა. თუმცა, შემდგომ თვეებში ეტაპობრივი კლების ტენდენცია გამოიკვეთა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისი თქმით, მიმდინარე საბაზო პროგნოზის თანახმად, მოთხოვნილებისა და შეთავაზების ფაქტორების მნიშვნელოვანი გავლენა სამომხმარებლო ფასებზე გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება.
„თუმცა აქვე აღსანიშნავია ფისკალური ხარჯების არსებული და დაგეგმილი გააქტიურება, რაც, ბუნებრივია, ეკონომიკის გაჯანსაღებას უწყობს ხელს, მაგრამ იმავდროულად მოსალოდნელია, რომ მოხმარების ზრდის ფონზე მას ფასებზე დამატებითი ზეწოლა ექნება. თუ ეს უკანასკნელი ინფლაციის მოლოდინებზე უარყოფით გავლენას მოახდენს, მაშინ, ამ გავლენის ზომის შესაბამისად, ეროვნული ბანკის მხრიდან გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება ან მისი დამატებით ზომიერად გამკაცრება გახდება საჭირო," - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფლაციური რისკების შემცირებასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებული ფაზიდან ეტაპობრივი გამოსვლაა მოსალოდნელი.