თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. წლიურმა ინფლაციამ საქართველოში (2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის ნოემბრამდე) მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში 3,8% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
ამგვარად, ინფლაციის დონე უკვე მესამე თვეა არ იცვლება.
ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,9%, ოქტომბერში კი 0,8% შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ნოემბერში ყველაზე მეტად – 0,1%-ით განათლების ფასები შემცირდა. ყველაზე მეტად გაძვირდა სურსათი – 1,8%-ით, ტრანსპორტი – 1,1%-ით და ავეჯი – 0,8%-ით.
როგორ იცვლებოდა ინფლაცია წლის დასაწყისიდან
2019 წელს წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა. მის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, ბოლოს – 2019 წლის დეკემბერში.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან ინფლაციის დონემ შემცირება დაიწყო – იანვარსა და თებერვალში მან 6,4% შეადგინა, მარტში – 6,1%, სექტემბერში – 3,8%. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლებამ 21 მარტიდან კარანტინი და კომენდანტის საათი დააწესა. ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისთვის ეროვნულმა ბანკმა აპრილიდან სამ ეტაპად 8%-მდე შეამცირა მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი.
ამის მიუხედავად, ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათის ფასი 6%-ით გაიზარდა, თუმცა ხილის ფასი 5,3%-ით შემცირდა, რძე, ყველი და კვერცხი 8%-ით გაძვირდა, მზესუმზირის ზეთი – 23,2%-ით, ყავა – 7,6%-ით, პურპროდუქტები – 7,1%-ით, ხორცი – 3,7%-ით. კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 8,8%-ით გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს მომსახურების ფასებიც.
როგორ შეიცვლება ინფლაცია
საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ინფლაციის ბოლო თვეების დინამიკა რეგულატორის პროგნოზებს შეესაბამება.
როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე პროგნოზის თანახმად, სხვა თანაბარი პირობების არსებობისას, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია შენარჩუნდება და 2021 წელს მიუახლოვდება მიზნობრივ ინფლაციას (3%-ს).
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინფლაციის შემცირების დინამიკა განპირობებულია სუსტი ჯამური მოთხოვნილებით და მოსალოდნელია, რომ ეს გავლენა მომავალშიც შენარჩუნდება. გარდა ამისა, საყურადღებოა საგარეო მოთხოვნილების შემცირებაც.