ანდრეი კოცი
პირველად 50 წლის განმავლობაში აშშ ატომურ ენერგიას სამხედრო–საზღვაო ძალებს მიღმაც გამოიყენებს. რაში სჭირდება ვაშინგტონს ახალი კომპაქტური რეაქტორები?
სარეზერვო წყარო
აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ატომური რეაქტორებით წყალქვეშა ნავები და ავიამზიდებია აღჭურვილი. ამის წყალობით ამერიკული ფლოტის ყველაზე დიდ ვიმპელებს ზღვაში განუსაზღვრელი ვადით შეუძლიათ ყოფნა.
სამხედრო–საზღვაო ძალებში ბირთვულ ენერგიას სხვა ქვეყნებიც იყენებენ. მაგალითად, ფრანგებს ჰყავთ ატომური ავიამზიდი „შარლს დე გოლი“, რუსეთს — მძიმე სარაკეტო კრეისერი „პეტრე დიდი“. მაგრამ ამერიკაში ატომმავლები ბევრად მეტია. და ამერიკელები არ აპირებენ მიღწეულზე გაჩერებას.
„პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, თავდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს და განახორციელებს ქვეყანაში სამხედრო ობიექტებზე ენერგეტიკული მოქნილობისა და ეფექტურობის დემონსტრაციის გეგმას მცირე სიმძლავრის ატომური რეაქტორების თვალსაზრისით. ასევე ჩაატარებს მცირე სიმძლავრის მობილური რეაქტორის გამოცდას. ენერგიის მსგავსი წყაროები შეუცვლელია როგორც თავდაცვის სფეროში, ისე შორეული კოსმოსის კვლევის საკითხებში, სადაც მზის ენერგიის გამოყენება შეუძლებელია“, — იუწყება თეთრი სახლის პრეს-სამსახური.
კონკრეტულად რისთვის სჭირდებათ კომპაქტური ბირთვული რეაქტორები, ქვეყნის ხელისუფლება არ აკონკრეტებს. პორტალ defensenews.com-ის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საუბარია არმიის ბაზებზე ენერგიის კვების სარეზერვო წყაროებზე. თუ სამხედრო ობიექტზე ელექტრობა გაითიშება, რეაქტორი ენერგიით უზრუნველყოფს კრიტიკულად მნიშვნელოვან აღჭურვილობას.
ბრძანებულების ტექსტის თანახმად, პირველი პროტოტიპის გამოცდა ნახევარი წლის განმავლობაში უნდა მოხერხდეს — სპეციალისტთა ვარაუდით, ნევადის პოლიგონზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდია აშშ-ში.
კოსმოსის დაპყრობა
არაკომერციული ორგანიზაცია Secure World Foundation-ის კოსმოსური უსაფრთხოების ექსპერტის ბრაიან უიდენის თქმით, ბირთვული ენერგიის გარეშე შორეული ფრენების განხორციელება შეუძლებელია, მათ შორის, პილოტირებული ფრენებისა მთვარის, მარსისა თუ სხვა პლანეტების მიმართულებით. პერსპექტივაში რეაქტორები საჭირო გახდება პირველი არამიწიერი კოლონიებისთვისაც. ზოგ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ახალი ტექნოლოგიები შეიძლება ამოქმედდეს იარაღის ორბიტულ პლატფორმებზეც. პრინციპში, ეს სცენარი სრულად შეესაბამება აშშ-ის კოსმოსური ჯარების საკმაოდ აგრესიულ დოქტრინას, რომელიც კოსმოსს ბრძოლის პოტენციურ ველად განიხილავს.
„ჩემი ვარაუდით, ამერიკელებს ეს, პირველ რიგში, კოსმოსური მიზნებისთვის სჭირდებათ, — მიაჩნია სამხედრო ექსპერტ ვიქტორ მურახოვსკის. — ჩვენში სიტყვათშეთანხმება „ატომური რეაქტორი“ სხვადასხვა რამეს მოიაზრებს. პირველი — ეს არის მოწყობილობა, რომელიც ურანის დაყოფის ჯაჭვური რეაქციის საფუძველზე მუშაობს. რუსეთში მსგავსი დანადგარები უკვე შექმნილია „ბურევესტნიკისა“ და „პოსეიდონისთვის“. მეორე — ეს ენერგიის იზოტოპური ბირთვული წყაროებია, რომლებიც გამოიყენება თანამგზავრებზე, რადიოტივტივებსა და მეტეოსადგურებზე. ისინი მეტად არაეფექტურია, თუმცა არ ახლავს ძლიერი ბგერითი ფონი“.
ექსპერტის თქმით, 1950-60-იან წლებში როგორც აშშ, ისე სსრკ ცდილობდნენ კომპაქტური ბირთვული რეაქტორის შექმნას თვითმფრინავებისთვის, მაგრამ ამ პროექტებზე საბოლოოდ უარი ითქვა — ყველაზე დიდ თვითმფრინავსაც კი არ შეეძლო ეკიპაჟის ბიოლოგიური დაცვის სისტემის ზიდვა. ამიტომაც რეაქტორების გამოყენება მხოლოდ დიდი საზღვაო ხომალდებით შემოიფარგლა.
მურახოვსკის თქმით, აქამდე ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო, შეექმნა კომპაქტური რეაქტორი დაყოფის რეაქციაზე, რომლის გამოყენებაც პილოტირებად თვითმფრინავებში, მცირე წყალწყვის გემებსა და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებში იქნებოდა შესაძლებელი. იმავდროულად ექსპერტს ეჭვი ეპარება, რომ ამერიკელებს რუსული „ბურევესტნიკისა“ და „პოსეიდონის“ გამეორება სურდეთ.
„ეს სისტემები საკმაოდ სპეციფიკურია. ისინი ბირთვული ომის შემთხვევაში ნებისმიერ პირობებში გარანტირებული საპასუხო დარტყმის მიყენებისა და დასავლური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ნიველირების მიზნით შეიქმნა. ამერიკელებს უამისოდაც საკმარისად აქვთ მათი მიზნებისთვის შესაფერისი იარაღი“, — ამბობს ექსპერტი.
რადიაციის პრობლემა
ბირთვული ძალისმიერი დანადგარი თავის დროზე საკონტინენტთაშორისო სტრატეგიული ბომბდამშენების Convair B-36-სთვის შეიქმნა, რომლებიც აშშ-ის შეიარაღებაში 1949–1959 წლებში იყო. მფრინავი ლაბორატორია NB-36H-ის ცხვირის ნაწილში 12-ტონიანი დამცავი კაფსულა დააყენეს, ხოლო ერთი მეგავატის სიმძლავრის, 1,2 მ დიამეტრისა და 16 ტონა წონის რეაქტორი — საბომბე ნაკვეთურში. რეაქტორი ფრენის დროს უნდა ამუშავებულიყო და ატმოსფერული ჰაერით გაგრილებულიყო. ექსპერიმენტულმა თვითმფრინავმა 47 გაფრენა შეასრულა, მაგრამ ბირთვულ ძრავს მხოლოდ მცირე დროით რთავდნენ.
თუმცა იდეა საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა. ასეთი საფრენი აპარატი შეიძლებოდა სტრატეგიულ ბომბდამშენად ან მზვერავად ყოფილიყო გამოყენებული, რომელსაც ჰაერში რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში გაჩერების უნარი ექნებოდა საწვავის მარაგის შევსების გარეშე. მაგრამ იყო ძალიან ბევრი პრობლემა.
პირველ რიგში კი ის, რომ ნებისმიერი ატომმფრენი არსით „ბინძური ბომბია“, რომელიც შეიძლება საკუთარ ტერიტორიაზევე ჩამოვარდეს; მეორე — ექსპერიმენტული ბორტი ჰაერში რადიოაქტიური ნივთიერებების „შლეიფს“ ტოვებდა; მესამე — ეკიპაჟი ძლიერ დასხივებას იღებდა. საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების განვითარებამ საბოლოოდ მოუსპო ატომმფრენებს ყველა პერსპექტივა.
აშშ-ში ბირთვული რეაქტორის სახმელეთო ტექნიკაზე დაყენებაც სცადეს. 25-ტონიანი ტანკი Chrysler TV-8 არასდროს წარმოებულა მასობრივად — ის მხოლოდ სრული მასშტაბის მაკეტის სახით არსებობდა, რომელიც საშტატო სისტემების მხოლოდ ნაწილით იყო აღჭურვილი. მანქანა მოძრაობაში ორთქლის ძრავას უნდა მოეყვანა, რომლისთვისაც ორთქლს მცირე ზომის ატომური რეაქტორი გამოიმუშავებდა. მაგრამ ამერიკელმა სამხედროებმა კორპორაცია Chrysler-ის მეიარაღეთა ინოვაციური განწყობა ვერ დააფასეს. ტანკი ზედმეტად რთულად შეფასდა, ხოლო მისი საბრძოლო შესაძლებლობები არასაკმარისად ცნეს იმისთვის, რომ ტრადიციულ მანქანებზე უარი ეთქვათ. და 1956 წლის 23 აპრილს პროექტი TV-8 დაიხურა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს