ანდრეი კოცი
სენატორების აზრით, ქვეყანას არ ჰყოფნის ყინულმჭრელები, რომლებსაც ჩრდილოეთ პოლუსზე მოქმედება შეუძლიათ, და რუსეთი გაცილებით მომგებიან მდგომარეობაშია.
მარტოხელა ყინულმჭრელი
უიკერი და სალივანი აცხადებენ: მოსკოვი ფლობს მსოფლიოს უმსხვილეს ყინულმჭრელ ფლოტს, რომელიც 40 ხომალდისგან შედგება. შესადარებლად: აშშ-ის სანაპირო დაცვას სულ ორი ყინულმჭრელი ჰყავს - PolarStar და Healy. ამასთან, ხანძრის შემდეგ ერთი მათგანის შეკეთება ჯერ არ დასრულებულა. არადა არქტიკაზე კონტროლი მდიდარ ბუნებრივ რესურსებზე წვდომისა და ევრაზიის ჩრდილოეთში სამხედრო ბაზების მუდმივი დისლოცირების შესაძლებლობას იძლევა.
ექსპერტების თქმით, ზაფხულში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ცივი ომის შემდგომ უმსხვილესი წვრთნები ჩაატარა ალასკის სანაპიროს მახლობლად. გარდა ამისა, ბოლო წლებში აღადგინა 50-მდე სამხედრო ობიექტი არქტიკაში. თავის მხრივ, ჩინეთი აშენებს ორ ყინულმჭრელ ხომალდს და არც მალავს, რომ რეგიონს ეკონომიკურ „პოლარულ აბრეშუმის გზად“ განიხილავს.
ივნისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყინულმჭრელების მძლავრი ფლოტის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. აშშ-ის ხელისუფლებამ ექვსი ახალი, მათ შორის, მძიმე კლასის ხომალდის მშენებლობა დაიწყო. კონგრესმა უკვე დააფინანსა მთავარი ყინულმჭრელი, რომელიც 2024 წელს უნდა გამოიცადოს.
ჯერჯერობით კი, სენატორების თქმით, აშშ-ს მოუწევს, Polar Star-ს ვადა გაუხანგრძლივოს, სულ მცირე, 2023 წლამდე. იმის გათვალისწინებით, რომ ხომალდმა ფაქტობრივად ამოწურა რესურსი ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში, მას არქტიკაში აშშ-ის დომინირების უზრუნველყოფის ამოცანის შესრულება გაუჭირდება.
ყინულის არმადა
რუსეთს არასდროს შეუწყვეტია ყინულის კლასის ხომალდების შენება. 21 ოქტომბერს საექსპლუატაციოდ გაუშვეს 22220 პროექტის ყინულმჭრელი „არქტიკა“, აღჭურვილი ორი ენერგეტიკული დანადგარით, РИТМ-200 რეაქტორებით, რომელთა თბური სიმძლავრე (თითოეულის) 175 მეგავატია, შეუძლია 2,8 მეტრის სისქის ყინულის გაჭრა ერთ-ნახევარი-ორი კვანძის სიჩქარით. შეუძლია როგორც ოკეანეში, ისე მდინარის კალაპოტში ცურვა. „ატომფლოტს“ კიდევ ოთხი ხომალდის მიღების იმედი აქვს. პირველ ორს, როგორც მოსალოდნელია, 2021 და 2022 წლებში გაუშვებენ საექსპლუატაციოდ.
ატომური ყინულმჭრელის - „არქტიკის“ ჩასვლა მურმანსკში
„არქტიკის“ წყალში გაშვება უბრალოდ მოვლენა კი არა, პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენაა, - განაცხადა რადიო Sputnik-ის ეთერში სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორმა ალექსეი პოდბერეზკინმა. - ახალი ყინულმჭრელების სერია უახლოეს წლებში აიგება და რუსეთი გააკონტროლებს ვითარებას ჩრდილოეთის საზღვაო გზის არა მხოლოდ ღრმაწყლოვან მონაკვეთებზე, არამედ, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია, მცირეწყლოვან ადგილებშიც. ასე რუსეთი შეძლებს სატრანსპორტო დერეფნის გახსნას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან ევროპაში“.
სწორედ ატომური ყინულმჭრელებია ნებისმიერი სამხედრო და სამოქალაქო მშენებლობის წარმატების საწინდარი რეგიონში. „არქტიკის“ გარდა, რუსეთს ჰყავს კიდევ ორი ხომალდი ორრეაქტორიანი ატომური ენერგეტიკული დანადგარით, რომელთა სიმძლავრე 75 ათასი ცხენის ძალაა, ასევე ორი ყინულმჭრელი ერთრეაქტორიანი დანადგარით, 50 ათასი ცხენის ძალის სიმძლავრით და სხვ. არქტიკული ფლოტილია მეტად შთამბეჭდავად გამოიყურება, თანაც დიზელ-ელექტრული ხომალდების გათვალისწინების გარეშე.
ამ უკანასკნელთა კატეგორიას განეკუთვნება, მაგალითად, სუპერთანამედროვე „ილია მურომეცი“, რომელიც ჩრდილოეთის ფლოტის შემადგენლობაში 2017 წელს მოხვდა. ძირითადი ფუნქციის გარდა - გზა გაუკვალოს გემებს არქტიკულ წყლებში - ხომალდს გადააქვს ტვირთი არქტიკის საჯარისო დანაყოფებისთვის. პროექტი ითვალისწინებს ასევე ხომალდის საარტილერიო დანადგარების - АК-630, АК-230, АК-306 - მონტაჟს. თეორიულად ყინულმჭრელი შეიძლება დამრტყმელ საბრძოლო ხომალდად გადაკეთდეს - საკმარისია მისი აღჭურვა გემსაწინააღმდეგო რაკეტებით.
მუდამ ლიდერი
რუსეთი ყოველთვის უსწრებდა სხვა ქვეყნებს ყინულის კლასის ხომალდების მშენებლობის საქმეში. პირველი თანამედროვე ტიპის ყინულმჭრელი იყო სამაშველო ბუქსირი „პაილოტი“, რომელიც 1864 წელს გაუშვეს წყალში. სპეციალური ცხვირი მას ყინულზე დაწოლისა და წონით მისი გატეხვის შესაძლებლობას აძლევდა. ამ კონსტრუქციამ საერთაშორისო აღიარება ჰპოვა. 1871 წლის ზამთარში გერმანიის მთავრობამ რუსეთისგან ყინულმჭრელის ნახაზები შეიძინა, რათა ჰამბურგის ნავსადგურის აკვატორია და ელბა ყინულისგან გაეწმინდა, ვინაიდან უკიდურესად დაბალმა ტემპერატურამ რეგიონში ვაჭრობა მთლიანად შებოჭა. შემდეგ გერმანელების მაგალითს მიბაძეს მეწარმეებმა დანიიდან, შვედეთიდან და აშშ-დან.
მსოფლიოში პირველი ატომური ყინულმჭრელიც სსრკ-ში ააგეს და „ლენინი“ დაარქვეს. ხომალდი საზღვაო ფლოტის სამინისტროს 1959 წელს გადასცეს. ამ გიგანტმა საგრძნობლად განავითარა ნავიგაცია ჩრდილოეთის წყლებში. ექსპლუატაციის მხოლოდ პირველ ექვს წელიწადში „ლენინმა“ 82 ათასზე მეტი საზღვაო მილი გაიარა და დამოუკიდებლად გაუწმინდა გზა 400 ხომალდს. 1989 წელს ყინულმჭრელი მურმანსკში დააბინავეს და ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ერთიან რეესტრში შეიტანეს.
ყინულმჭრელი Севморпуть, 61,88 ათასი ტონა წყალწყვით - მსოფლიოში უმსხვილესი სატრანსპორტო გემია, რომელიც 1988 წლიდან დაცურავს და შეუძლია დამოუკიდებლად ერთი მეტრი სისქის ყინულის გაჭრა. დღესდღეობით ეს ერთადერთი სატვირთო ხომალდია ატომური სიმძლავრის დანადგარით.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!