ფიგურალურად რომ ვთქვათ, „ცხოვრების ფილმის“ მეორე სეზონი მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა. თუმცა, მარტო იღბალი არაფერ შუაშია, საამისოდ რთული გზაც გაიარა. „წინა სერიებში“ კი იმდენჯერ გახდა ტრიუმფატორი, რომ თავი უხერხულადაც კი იგრძნო...
მისი წარმატებები სწავლაში საკუთარ ქვეყანაში დაიწყო, რის შედეგადაც საქართველოს მასშტაბით შვიდ საუკეთესო სტუდენტს შორის დაასახელეს. 2017 წელს ექვსი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაცია „აისეკის“ გაცვლითი პროგრამით იტალიაში იყო. მაშინაც, როგორც არაერთხელ, შალვას მგზავრობის ხარჯები გაიღო ფონდმა „იავნანამ“, რომლის სტიპენდიანტიც არის. ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც სწავლობს, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტია.
შოტლანდიაში კი გლაზგოს უნივერსიტეტში მოხვდა ერასმუსის პროგრამით, რაც სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. ის დღეს გლობალური შესაძლებლობების ელჩი გახდა და უნივერსიტეტის ისტორიაში ამ პოზიციაზე მყოფი პირველი ქართველი სტუდენტია.
- შალვა, თქვენი აზრით, რა ფაქტორებმა ითამაშა განმსაზღვრელი როლი, რომ ასეთი მოტივირებული და განათლებაზე ორიენტირებული ადამიანი ხართ?
- პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რადგან ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ვიტყოდი, რომ მთავარი როლი ჩემს ცხოვრებაში მოტივაციასა და განათლებისკენ სწრაფვაში მე თავად ვითამაშე. თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ფაქტორები, რომლებმაც არა მარტო მიმიყვანა ახლანდელ „საკუთარ თავთან“, არამედ მომავლის რწმენა და მისი იმგვარად დაგეგმვის შესაძლებლობა მომცა, როგორც მსურდა. ეს უკანასკნელი მოზარდისთვის, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს დამოუკიდებელიც ხდები და თავისუფლებისკენ ისრაფვი. მნიშვნელოვანი ფაქტორებიდან გამოვყოფდი ჩემს ოჯახს, რადგან 12 წლის ვიყავი, როდესაც მე, ჩემი ძმა და მამაჩემი იმ რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, რომ დედა სხვა ქვეყანაში სამუშაოდ უნდა წასულიყო. ასეც მოხდა და დაიწყო უდედო დღეები, სავსე მონატრებით და მისი ნახვის სურვილით. სწორედ ამ პერიოდში დავიწყე ლექსების წერა და აღმოჩნდა, რომ ის დარდი მხოლოდ ამ გზით მოვინელე.
- როდის გააცნობიერეთ, რომ სულ სხვა გზა გელოდათ და ნამდვილ მიზნამდე როგორ მიხვედით?
- ერთხელაც ვიგრძენი, რომ ჩემი ნამდვილი ბუნების წინააღმდეგ ვირჯებოდი, მივხვდი, რომ „ზურგის ქარი“ ყოველთვის არ უბერავდა და რაც უფრო ვტოვებდი ბავშვობას, მით უფრო ნათლად აღვიქვამდი რეალობის „მკვახე ფერს“. მალე გავაცნობიერე, რომ საკუთარ თავზე გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა ამეღო და პრიორიტეტები განმესაზღვრა. მაშინ ჩემი თავი სადღაც შორს, მომავალში დავინახე. შემდეგ სულ ვირჩევდი გზებს, რომლებიც ჩემს მიზნებთან მიდიოდა, მაგრამ ეს გზები არ იყო მარტივად გასავლელი. განათლების მიღების სურვილიც ერთ-ერთი ამ გზათაგანია, ის, რამაც ჩემში მოტივაცია გაზარდა. ამ გზაზე ბევრი მქომაგობდა: მშობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობები თუ უცნობები, ვინც გულითადად იზიარებდა თითოეულ ჩემს ნაბიჯს. განსაკუთრებულად მადლიერი ვარ ჩემი მშობლების: დედის, რომელიც უკვე მეთორმეტე წელია ემიგრანტია და, სიშორის მიუხედავად, ცდილობდა, რომ უდედობა არასდროს მეგრძნო. დედა ყოველთვის ჩემ გვერდზეა და როცა ვეცემი, ფეხზე წამოდგომაში მეხმარება. რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ მამისაც, ვინც მე და ჩემი ძმა უდედოდ გაგვზარდა და თავისი ქცევებით მასწავლა, როგორ უნდა მიყვარდეს. ეს გრძნობა ჩემთვის შეუფასებელი და ყველაზე წმინდაა.
- სკოლის პერიოდი რას გაგონებთ და იმ წლებიდან რა გახსენდებათ?
- იცით, სკოლის პერიოდი რას მახსენებს? – ორსეზონიან ფილმს. აი, პირველ სეზონში ნაკლებად მდიდრულად რომ აცვიათ მსახიობებს და აშკარად გრძნობ ფილმის ბიუჯეტის სიმცირეს, ხოლო მეორეში ამჩნევ, რომ მსახიობები უფრო გალამაზდნენ, ძვირფასი მანქანებიც ჰყავთ და უფრო ძვირფასადაც აცვიათ. ანუ გრჩება განცდა, რომ პირველმა სეზონმა რეჟისორს გარკვეული წარმატება მოუტანა და ეს ფილმის ბიუჯეტზეც აისახა. ეს განცდა ექნება ალბათ ყველა მოზარდს, ვინც ორიათასიანებში მივიდა თბილისის ერთ-ერთ სკოლაში. კარგად მახსოვს, პირველი ხუთი კლასი ქურასთან ვთბებოდით, ბევრჯერ შეშაც წაგვიღია სახლიდან, „ფონდის ფულს“ ვაგროვებდით... შემდეგ ჩვენთან ერთად სკოლაც იცვლებოდა, შენობა გარემონტდა და გალამაზდა, ცენტრალური გათბობაც გაკეთდა, თუმცა განათლების სისტემა ისევ ხარვეზებით სავსე დარჩა...
- როგორც ჩანს, „ცხოვრების ფილმის“ მეორე სეზონმა თქვენ შემთხვევაშიც გაამართლა - 2016 წელს საქართველოს მასშტაბით შვიდ საუკეთესო სტუდენტს შორის დაგასახელეს...
- კი, გაამართლა. მანამდე თბილისში დავამთავრე სკოლა „კანდიდი“ და ამავე წელს ჩავაბარე დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 2016 წელს, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და წარჩინებული სწავლის გამო, უნივერსიტეტის სტიპენდიანტი გავხდი და სწორედ მაშინ დამასახელეს საქართველოს მასშტაბით შვიდ საუკეთესო სტუდენტს შორის, რის გამოც ფონდმა „იავნანამ“ ექვსთვიანი სტიპენდიაც დამინიშნა. 2019 წელს სწავლა წითელ დიპლომზე დავასრულე და სოციალურ მეცნიერებებში (ჟურნალისტიკა) ოთხწლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მივიღე. ამ დროის მანძილზე არა მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრები, არამედ მთელი ჩემი სანაცნობო თუ საახლობლო ისე მიეჩვია ჩემს წარმატებებს, რომ ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, ხომ არ გადავღალე-მეთქი ისინი ამ ყველაფრით.
- პირიქით, დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებებით ძალიან ამაყობენ. შემდეგ წლებში თქვენი სასწავლო მარათონი როგორ წარიმართა?
- 2017 წელს ექვსი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაცია „აისეკის“ გაცვლითი პროგრამით იტალიაში ვიყავი. ჩემი მგზავრობის ხარჯები გაიღო ფონდმა „იავნანამ“, რომლის სტიპენდიანტიც უკვე გახლდით. 2018-2019 წლებში ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი გავხდი. ხოლო 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში, როგორც ერთ-ერთმა წარჩინებულმა სტუდენტმა, სახელმწიფო სტაჟირება გავიარე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში, სადაც თითქმის ორი წელი ვიმუშავე როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა. 2019 წელს ჩავაბარე და დღემდე ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი გავხდი.
- გლაზგოს უნივერსიტეტში როგორ აღმოჩნდით?
- დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, შოტლანდიაში 2020-21 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის განსახორციელებლად მოვხვდი ერასმუსის პროგრამით, რაც სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. თუმცა იმ პერიოდში ჩემს ოჯახს სამგზავრო ბილეთებისთვის საჭირო თანხა არ გააჩნდა. დედა, როგორც გითხარით, ემიგრანტია, მამა კი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში უმუშევრად დარჩა. ამიტომ ისევ ჩემს ერთგულ ფონდ „იავნანას“ მივმართე თხოვნით, რათა სამგზავრო ხარჯები დაეფარა. ფონდმა ჩემი თხოვნა დააკმაყოფილა და სწორედ მათი შეწევნით ჩამოვედი დიდ ბრიტანეთში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ პაატა ბურჭულაძეს და მის ფონდს გვერდში დგომისთვის კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა.
- შოტლანდია უძველესი ტრადიციების ქვეყანაა, როგორი იყო მისგან მიღებული პირველი შთაბეჭდილება?
- შოტლანდიაში ჩამოსვლის დღიდან მთელი რიგი გამოწვევების წინაშე აღმოვჩდი, მაგრამ ყველა მათგანი დავძლიე. მანამდე დიდ ბრიტანეთში არასდროს ვყოფილვარ. როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი, სულ მეგონა, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ მდიდარი ოჯახის შვილები სწავლობდნენ. პანდემიის გამო შოტლანდია ისეთივე დაცლილი და უფერული დამხვდა, როგორიც დღეს უმეტესი ქვეყნებია. კორონავირუსმა მთელი მსოფლიო შეცვალა და ჩვენც ამ ცვლილებებს ვეგუებით. მისი ნახვით ე.წ. „კულტურული შოკი“ ნაკლებად მქონდა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ გლაზგო ზედმიწევნით ასახავს როგორც უძველესი კულტურის, ასევე თანამედროვე ცხოვრების მომენტებს. შენობებზე აშკარად ჩანს კავშირი წარსულსა და თანამედროვეობას შორის. ჩემი აღტაცება გამოიწვია გოთიკურმა არქიტექტურამ, რამაც შეუძლებელია გულგრილი დაგტოვოს.
- ქართველები ნისლიანი ალბიონის ამინდებს ძნელად ვეგუებით ხოლმე და თქვენ შემთხვევაშიც ასე იყო?
- დიახ, დასავლეთ ევროპის უმრავლეს ქვეყნებში ოკეანესთან სიახლოვის გამო უფრო მეტად წვიმს და ცივი ამინდებიც ბევრად ადრე დგება, ვიდრე საქართველოში. ეს წინასწარ ვიცოდი, მაგრამ არ მეგონა, თუ კვირაში 5-6 დღე იწვიმებდა. აქ ჩამოვედი 8 სექტემბერს და 14-დღიანი თვითიზოლაციის მერე, როდესაც გარეთ გასვლა დავაპირე, იმდენად ციოდა, რომ ზამთრის ტანსაცმელი ჩავიცვი. ამ დროს ქუჩაში ადგილობრივები მოკლე შორტებით დადიოდნენ. თავი იმდენად უხერხულად ვიგრძენი, რომ მეგონა სიცივის განცდას ვაზვიადებდი, თუმცა ეს უხერხულობა ნელ-ნელა მომეხსნა. ახლა ნოემბერია და აშკარად ძალიან ცივა, თუმცა ადგილობრივები ისევ შორტებით დადიან...
- სავარაუდოდ, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ალბათ გლაზგოს უნივერსიტეტში სწავლაც ონლაინ გიწევთ, მიუხედავად ამისა, მაინც სასიამოვნო მომენტი იქნება...
- დიახ, დიდ ბრიტანეთში ჩამოსვლამდე წინასწარ ვიყავი ინფორმირებული, რომ სწავლა მხოლოდ ვირტუალურად იქნებოდა შესაძლებელი და ასეც არის. ლექციებიც და სემინარებიც ონლაინ გვიტარდება. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან შესაძლებლობა მაქვს, რომ უცხოელ სტუდენტებთან და პროფესორებთან მქონდეს კომუნიკაცია, რაც, ვფიქრობ, უთუოდ მნიშვნელოვანია. აკადემიური პერსონალიც და გლაზგოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სტუდენტებს არაფერი დაგვაკლდეს – იქნება ეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული თემა თუ ნებისმიერი სხვა საკითხი. მიუხედავად ონლაინ სწავლებისა, გლაზგოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა გვაქვს, რომ ადგილობრივი ბიბლიოთეკით ვისარგებლოთ, სადაც თითქმის მთელ დღეს ვატარებ. ბიბლიოთეკაში ყველა ის რესურსია, რაც სტუდენტს სასწავლო პროცესის წარმატებულად გავლისთვის სჭირდება.
- ვიცი, რომ ელჩად დაგასახელეს, რა გევალებათ?
- ასეა, შესაძლებლობა მომეცა, რომ გლობალური შესაძლებლობების ელჩი გავმხდარიყავი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც აქ არიან, ან მომავალში აპირებენ ჩამოსვლას. თუ არ ვცდები, პირველი ქართველი სტუდენტი ვარ, ვინც აქ ამ პოზიციაზე მოხვდა. ვიმედოვნებ, რომ ამ მხრვ ინიციატივას სამომავლოდ სხვა ქართველი სტუდენტებიც გამოიჩენენ. მოკლედ, კორონავირუსის გამო შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში ვცადე, რომ მაქსიმალურად საინტერესოდ გამომეყენებინა დიდ ბრიტანეთში სწავლის შესაძლებლობა. აქტიურად ვარ ჩართული სასწავლო პროცესში და ვცდილობ ბრიტანული განათლება გააზრებულად მივიღო, რათა შემდეგ ეს ცოდნა ჩემს ქვეყანას და ხალხს მოვახმარო. როგორც ელჩი ჩართული ვარ გლაზგოს უნივერსიტეტის სოციალური მედიის არხების მართვასა და მათი კონტენტის შექმნაში, რაც საერთაშორისო სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. აგრეთვე ვცდილობ წარმოვაჩინო მშობლიური უნივერსიტეტი და აქტიური კომუნიკაცია დავამყარო ამ ორი უმაღლესის სტუდენტებს შორის.
- რომელია ამბავი, რომელსაც შოტლანდიიდან ჩამოსვლის მერე მეგობრებს მოუყვები?
- მახსენდება ის მომენტი, როდესაც გლაზგოს უნივერსიტეტის მუზეუმს (Hunterian Museum) ვესტუმრე და იქ აღმოვაჩინე, რომ თურმე ამ უნივერსიტეტის დაარსებიდან (1451) XIX საუკუნის შუა ხანებამდე ყველა სტუდენტი ზეპირ გამოცდას უჩვეულოდ აბარებდა. ისინი ამ დროს სხდებოდნენ ე.წ. „შავი ქვის სკამზე". 1775-76 წლებში ნახატზე ასახულია სკამი, რომელიც დოლერიტისგან (ეფუზიური მაგმური ქანი) დაამზადეს და მუხის კონსტრუქციაშია ჩასმული. სკამის ზედა ნაწილზე მოთავსებულია ქვიშის საათი, რომელიც დაფნის ფოთლებითაა გარშემორტყმული. გამოცდის დაწყებისთანავე აკადემიური საბჭოდან მოწვეული პირი ქვიშის საათს გადააბრუნებდა. შესაბამისად, სტუდენტს დაახლოებით 20 წუთი ჰქონდა, რომ დასმული კითხვებისთვის ეპასუხა. როდესაც ქვიშა მთლიანად ჩამოიცლებოდა, ზემოთ აღნიშნული პიროვნება დაიძახებდა: Fluxit! – „დრო ამოიწურა!“. მაშინ სტუდენტი იწყებდა პასუხის გაცემას, მერე კი დაიძახებდნენ: Ad alium, Domine! - ანუ „შემდეგი, სერ!". ეს „შავი ქვის სკამი" დღესაც გამოიყენება Cowan-ის მედლის მოსაპოვებლად, რაც კლასიკური და საპატიო კურსდამთავრებულთათვისაა განკუთვნილი.
- შალვა, პირველი საერთაშორისო გამოცდილება იტალიაში მიიღეთ და რა თემაზე კითხულობდით სემინარებს?
- დიახ, 2017 წელს ექვსი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაცია „აისეკის“ გაცვლითი პროგრამით იტალიაში ვიყავი. ამ დროის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა, რომ ერთ-ერთ სკოლაში IX–XI და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან ჩამეტარებინა სემინარები კულტურის, განათლებისა და ევროპის კავშირის შესახებ. ეს იყო ჩემთვის პირველი საერთაშორისო გამოცდილება, რომელმაც ჩემზე გავლენა იქონია. ასე თუ ისე, შევძელი იმ ახალგაზრდებისთვის ჩემი ცოდნისა და დადებითი ემოციების გაზიარება. ამის შედეგად გამიჩნდა განცდა, რომ ადამიანებზე პოზიტიური გავლენის მოხდენა მართლა შემიძლია. როდესაც იტალიის მერე საქართველოში დავბრუნდი, როგორც ადამიანური რესურსების ვიცე-პრეზიდენტმა, ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთ ადგილობრივ კომიტეტში მთელი წელი მოხალისედ ვიმუშავე. მაშინ მომეცა შესაძლებლობა, რომ ურთიერთობა დამემყარებინა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ თანატოლებთან, რამაც საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში უფრო მეტად გამიფართოვა თვალსაწიერი და გადავწყვიტე სწავლა ამ მიმართულებით გამეგრძელებინა.
- როგორც საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი სპეციალისტი, რას ფიქრობთ საქართველოს მომავალზე, რა მოსაზრებები გაგაჩნიათ?
- საქართველოში არსებული პოლიტიკური ფონის გამო იმის განცდა და სურვილი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იმსახურებს უკეთეს მომავალს. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა საზოგადოების თვითგამორკვევა და შემდეგ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ახალი ადამიანური რესურსით გადახალისება. შესაბამისად, მსურს საფუძვლიანად შევისწავლო საგარეო პოლიტიკისა და სახელმწიფოთშორისი ურთიერთობები იმ საერთაშორისო სისტემაში, სადაც საქართველოს ადგილი და როლი თითქმის შეუმჩნეველია. სამომავლოდ ჩემი წილი პასუხისმგებლობა მინდა ავიღო საკუთარ თავზე და საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში აქტიურად ჩავება. ეს არ არის ლიტონი სიტყვები, ამაზე მართლა ბევრს ვფიქრობ ხოლმე...