არხოტის ხევსური საფრანგეთში და ალპებში გაშლილი ქართული დროშა

გამოწერა
დღეს რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ საფრანგეთში მცხოვრებ არხოტელ ხევსურს მალხაზ წიკლაურს გაგაცნობთ.

„სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!“ – ალბათ ქართველ ემიგრანტებზე დაწერილ ჩვენს მასალებს ლაიტმოტივად რუსთაველის ეს ფრაზა გასდევს...

დუშეთში წიკლაურების უძველესი გვარის ოჯახში გაიზარდა და მის გენებში ხევსურთა სისხლია. ამბობს, რომ „საქართველოზე შეყვარებული რიგითი ქართველია“. თავიდან მსახიობობაზე ოცნებობდა და ისე მოხდა, რომ დუშეთის თეატრის სცენაზე რამდენიმე როლი ითამაშა კიდეც. მართალია, პროფესიონალი მსახიობი ვერ დადგა, მაგრამ თეატრის სიყვარული არასოდეს განელებია. დღეს საქართველოსგან საკმაოდ მოშორებით ცხოვრობს, მაგრამ მისი მთავარი ადამიანური ფასეულობები იგივე დარჩა და ასევე უცვლელია მისი არტისტული ნატურაც...

© photo: courtesy of Malkhazi Tsiklauriმალხაზ წიკლაური
არხოტის ხევსური საფრანგეთში და ალპებში გაშლილი ქართული დროშა - Sputnik საქართველო
მალხაზ წიკლაური

- ბატონო მალხაზ, უცნობ ადამიანს როგორ ეცნობით უცხოეთში?

- საქართველოზე შეყვარებული და სამშობლოს მონატრებული ჩვეულებრივი ემიგრანტი ვარ. არა მგონია, ვინმესთვის საინტერესო ვიყო... ჩემს ქვეყანაში ოდესღაც მსახიობი ვიყავი. მერე ის გადარეული 90-იანი წლები დადგა და აგერ უკვე ოცი წელია ემიგრაციაში ვარ. თავიდან, რომ იტყვიან, პორტუგალიამ მიშვილა, მერე საფრანგეთში ჩამოვედი.

© photo: courtesy of Malkhazi Tsiklauriალპებში ქართული დროშით
არხოტის ხევსური საფრანგეთში და ალპებში გაშლილი ქართული დროშა - Sputnik საქართველო
ალპებში ქართული დროშით

- როგორ გრძნობს თავს ხევსური კაცი ევროპის შუაგულში?

- როგორ ვიქნები სამშობლოს გარეშე?!. უცხოეთში რომ ჩადიხარ და მათი ენა არ იცი... ეგ პერიოდი უმძიმესი იყო. მერე თანდათან ალღო ავუღე სხვა ქვეყანას და სხვა ხალხის ცხოვრებას, წესებს და იმდენად აღარ მიჭირდა. გავიდა დრო და, ქართული მენტალიტეტის ამბავი ხომ იცით? ვინც საქართველოდან აქ ჩამოდიოდა, ყველას ვხვდებოდით და ვაკვალიანებდით. ჩემთან ჩამოსულს სახლიც ხვდებოდა, სამსახურიც და თარჯიმანიც ჩემი სახით.

© photo: courtesy of Malkhazi Tsiklauriმალხაზ წიკლაური
არხოტის ხევსური საფრანგეთში და ალპებში გაშლილი ქართული დროშა - Sputnik საქართველო
მალხაზ წიკლაური

- საქართველოში თეატრის სცენაზეც იდექით...

- ცხოვრებაში ერთი მოუსვენარი ბიჭი ვიყავი და თეატრშიც მაგიტომ მიმიწვიეს. პირველად ვითამაშე სპექტაკლში, რომელსაც „დედას ბიჭები“ ერქვა. იმ სპექტაკლში ერთდროულად ორ შვილს ვთამაშობდი. ახლა რომ ვიხსენებ, ის დრო ჩემთვის ყველაზე ტკბილი მოგონებაა. მერე იყო როლი სპექტაკლში „ხევისბერი გოჩა“. ამის შემდეგ გადავწყვიტე თეატრალურზე ჩამებარებინა, მაგრამ არ მიმიღო თეატრალურმა უნივერსიტეტმა. ეს ამბავი ჩემი დიდი ტკივილი იყო.

© photo: courtesy of Malkhazi Tsiklauriმეუღლესთან ერთად
არხოტის ხევსური საფრანგეთში და ალპებში გაშლილი ქართული დროშა - Sputnik საქართველო
მეუღლესთან ერთად

- თუმცა ლილი იოსელიანის ყურადღების მიქცევა მაინც მოახერხეთ...

- ალბათ ასეა, რადგან გამოცდების მერე ქალბატონმა ლილიმ მკითხა – ასე კარგად რომ ჩაგვაბარე, ვისი ხარო. უნივერსიტეტში მოხვედრილთა სიაში ეძება ჩემი თავი და ვერ მიპოვა. მაშინ სხვა დრო იყო, ახალგაზრდებმა ეს არ იციან, მარტო ნიჭი არ ჭრიდა და მაგიდის ქვემოთ რომ ჰქონდათ, იმ სიაშიც უნდა ყოფილიყავი. ასე ჩაბარდა მსახიობობაზე ჩემი ოცნება ისტორიას. თუმცა, ეტყობა, თავი მაინც დავამახსოვრე ხალხს, იმიტომ რომ მარჯანიშვილის თეატრიდან მქონდა მიწვევა, მაგრამ იმ დროს უკვე საქართველოს ვემსახურებოდი. მერე აიარია ქვეყანა და... თუ შეიძლება ასე ითქვას, მარტო ცხოვრების სცენასღა შემოვრჩი.

© photo: courtesy of Malkhazi Tsiklauriმალხაზ წიკლაური
არხოტის ხევსური საფრანგეთში და ალპებში გაშლილი ქართული დროშა - Sputnik საქართველო
მალხაზ წიკლაური

- როგორ მოხვდით საფრანგეთში?

- ის, რაც ჩემ აქ წამოსვლას მოჰყვა, ალბათ ყველა ვერ წარმოიდგენს. ახლაც მიყვება ხოლმე ჩემი ძმა, როცა ემიგრაციაში წახვედი, დედა სულ იჯდა და ტიროდაო. არადა, სამშობლოს დასაცავად რომ გამიშვა, მაშინ არ უტირია. საფრანგეთზე რა მოგიყვეთ? ჩემი ხელობით ის შევძელი, რომ აქ უმაგრესი ადგილები ვნახე. ხუთი წელია, რაც ბრეტანიაში ვარ, ეს ჩრდილო-დასავლეთი საფრანგეთშია. ვცდილობ სადაც კი წავალ, საქართველოზე და ქართველებზე ვილაპარაკო. ჩემმა ფრანგმა მეგობრებმა უკვე იციან, რომ ქართველები პირველი ევროპელები ვართ...

- ევროპამ რა ახალი თვისება შეგძინათ?

- პასუხისმგებლობის გრძნობა ისედაც მქონდა, მაგრამ ევროპამ გამიათმაგა, წესრიგი და კანონის მორჩილება მასწავლა. ისე კი, მაინც ქართველად დავრჩი, სითბოსა და მართალი ურთიერთობების გარეშე არ შემიძლია.

© courtesy of Malkhazi Tsiklauriმალხაზ წიკლაური
არხოტის ხევსური საფრანგეთში და ალპებში გაშლილი ქართული დროშა - Sputnik საქართველო
მალხაზ წიკლაური

- ეს ალბათ თქვენი ხევსურული წარმომავლობის „ბრალიცაა“...

- რაც შეეხება ჩემ ხევსურობას, მე არხოტიონი, არხოტის ხევსური ვარ და ეს უკვე ჩემს გონებასა და გენშია. შეუძლებელია ერთხელ მაინც ნახო არხოტი და მთელი ცხოვრება მოგონებად არ დაგრჩეს. მე წიკლაურების უძველესი გვარის წამომადგენელი ვარ, ჩვენი საგვარეულო სალოცავები ბევრგანაა – გუდამაყარში, უკანახოში, არხოტში, გაღმაროშკაში, ქსმოტში. სულ ამას ვიმეორებ – აუცილებელია, რომ ყველამ იცოდეს თავისი გვარის ისტორია. მე ახლაც, შორიდანაც ვიტყვი: უფალმა დალოცოს და გააძლიეროს წიკლაურების გვარი სხვა ქართულ გვარებთან ერთად!.. საქართველოს მონატრება ჩემში ძლიერადაა, მაგრამ აქ, სამწუხაროდ, არიან ისეთი ქართველებიც, ვინც სხვანაირად ფიქრობს. მათთვის უცხოეთში ყოფნა მხოლოდ სიამოვნებასა და კომფორტთანაა დაკავშირებული, მათი ძალიან მიკვირს და არც მესმის...

© photo: courtesy of Malkhazi Tsiklauriმალხაზ წიკლაური
არხოტის ხევსური საფრანგეთში და ალპებში გაშლილი ქართული დროშა - Sputnik საქართველო
მალხაზ წიკლაური

- ხევსურობამ რაიმე ფორმით ხომ არ იჩინა თავი უცხოეთში?

- ერთი პატარა ამბავი მახსენდება: საქართველოდან რომ წამოვედი, თან ქართული დროშა წამოვიღე. ერთხელ ალპებში, ზღვის დონიდან 1800 მეტრზე აღმოვჩნდი. მთების დანახვაზე გული ამიჩქარდა, მანქანა გავაჩერებინე, გადმოვედი და ქართული დროშა გავშალე. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ იმ სიმაღლეზე მყოფს ჩემი დროშიანად საქართველოშიც, ჩემს კუთხეშიც მხედავდნენ...

- რა სახელები ჰქვია თქვენს მონატრებას?

- სამშობლო, ოჯახი, მეუღლე, შვილები, სახლი, სისხლი, ჯიში... როცა ეს ყველაფერი გაკლია და ემიგრანტი ხარ, ძნელია მონატრება აიტანო. სულ მეკითხებიან ხოლმე, მახო, როდის დაგვიბრუნდებიო. ერთხელაც იქნება, დავბრუნდები. ველოდები და მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება და მისი ყველა შვილი თავის ქვეყანაში ბედნიერად იცხოვრებს...

 

ყველა ახალი ამბავი
0