სოფია მელნიჩუკი
ვაშინგტონი აღარ მონაწილეობს ხელშეკრულებაში, რომელსაც რუსეთი „უხეშად არღვევდა წლების განმავლობაში“. ტრამპის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ქვეყანა იმ მოძველებული შეთანხმებებიდან გაჰყავს, რომლებიც „მოწინააღმდეგეს უპირატესობას ანიჭებს ეროვნული უსაფრთხოების ფასად“. ახლა მოსკოვი აპირებს მიაღწიოს შეთანხმებაში დარჩენილი გარანტიების შესრულებას. არსებობს თუ არა იმის შანსი, რომ ბაიდენის გუნდმა ისევ გახსნას ამერიკული ცა?
არ არსებობს შეთანხმება ნდობის გარეშე
თეთრის სახლის მოსკოვისადმი ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია — საინსპექციო ფრენების შეზღუდვაა აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის, ჩეჩნეთისა და კალინინგრადის თავზე. ამაზე პასუხად ამერიკელებმა ცა ალასკისა და წყნარი ოკეანის კუნძულების თავზე დახურეს.
ხელშეკრულების თანახმად, 2002 წლიდან 35 წევრ ქვეყანას სადაზვერვო ფრენების ჩატარება შეუძლია ერთმანეთის ტერიტორიებზე. მიღებული მონაცემები ხელმისაწვდომია ყველასთვის. ამასთან, თვითმფრინავები არ არის შეიარაღებული, ვიდეოაპარატურა წინასწარ მოწმდება, ხოლო ბორტზე გასაინსპექტირებელი ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფება.
2019 წელს „ღია ცის“ ხელშეკრულების ფარგლებში 1500-ზე მეტი ასეთი გაფრენა განხორციელდა. მაგრამ ქვეყნებს შორის კონტროლი და ნდობის განმტკიცება ერთადერთი მიზანი არ არის. აქ მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალებიც არის ხოლმე. მაგალითად, დონბასში კონფლიქტის დაწყების შემდეგ აშშ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის თავზე ფრენებს კიევის მხარდაჭერის ნიშნად ახორციელებდა.
ბინძური თამაშები
„კრემლში ეს ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნიათ ურთიერთნდობისა და შეიარაღების კონტროლის მხრივ. აშშ-ის გასვლა შეთანხმებიდან მას სიცოცხლისუუნაროს ხდის“, — აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მაგრამ მოსკოვი მაინც განაგრძობს დოკუმენტის ნორმების დაცვას — რამდენიმე პირობის საფუძველზე, განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
პირველი: ევროპული ქვეყნები იძლევიან გარანტიას, რომ არ გადასცემენ თავიანთი ფრენების მონაცემებს აშშ-ს; მეორე: რუსული თვითმფრინავები შეძლებენ ინსპექტირება გაუწიონ ამერიკულ ობიექტებს ევროპაში. ჯერჯერობით არანაირი გარანტია მიღებული არ არის, რაც მოსკოვს კატეგორიულად არ აწყობს.
„საიდუმლო არ არის, რომ აშშ მოკავშირეებისგან მოითხოვს, ხელი მოაწერონ დოკუმენტებს, რომელთა თანახმადაც, ვაშინგტონის [„ღია ცის“ ხელშეკრულებიდან] გასვლის შემდეგ ისინი ამერიკულ მხარეს გადასცემენ მონაცემებს, რომლებსაც რუსეთის თავზე სადამკვირვებლო ფრენების შედეგად მიიღებენ, — ამბობდა კონსტანტინ გავრილოვი, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი ვენაში. — ეს მარტო ხელშეკრულების დარღვევა კი არა, ბინძური თამაშებია ხელშეკრულების სფეროში, რომელიც ვაშინგტონის სტრატეგიის მსხვერპლად იქცა“.
„ეს სიგიჟეა“
აშშ-ის გასვლა „ღია ცის“ ხელშეკრულებიდან, პირველ რიგში, ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეებს ურტყამს. მათთვის მნიშვნელოვანია ამერიკული თვითმფრინავების მიერ მოგროვებულ მონაცემებზე წვდომა. რამდენიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელმა სინანული გამოთქვა ვაშინგტონის გადაწყვეტილების გამო. „ჩვენ გვესმის, რომ იყო სირთულეები რუსეთის მხრიდან ნორმების დაუცველობის კუთხით, მაგრამ ეს, ჩვენი აზრით, არ არის შეთანხმებიდან გასვლის საბაბი“, — აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკო მაასმა.
საფრანგეთის საგარეო უწყებაში მიუთითეს, რომ შეერთებულმა შტატებმა არ წარმოადგინა მოსკოვის მიერ შეთანხმების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ერთობლივ განცხადებაში ესპანეთმა, ბელგიამ, ფინეთმა, იტალიამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, ჩეხეთმა და შვედეთმა ხაზი გაუსვეს, რომ „ღია ცის“ ხელშეკრულება კვლავაც რჩება „ფუნქციონირებადად და სასარგებლოდ“.
თავად შტატებში ამ საკითხზე ერთსულოვნება არ არის. მაგალითად, სენატის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის წევრი რობერტ მენენდესი თეთრი სახლის ნაბიჯებს ასე აფასებს:
„პრეზიდენტმა ტრამპმა თავხედურად უარყო კანონი და ცალმხრივად გადადგა პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი მას შემდეგაც კი, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა“.
„ეს სიგიჟეა“, — ასეთი კომენტარი გააკეთა აშშ-ის სამხედრო–საჰაერო ძალების გენერალმა და ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, CIA-ს დირექტორმა მაიკლ ჰაიდენმა. ხოლო რეიგანის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ შულცმა, ჯორჯ ბუშის თავდაცვის მინისტრმა უილიამ პერიმ და ბარაკ ობამას არაოფიციალურმა მრჩეველმა სემუელ ნანმა წერილი გაგზავნეს თეთრ სახლში მოწოდებით, შენარჩუნდეს „ღია ცის“ ხელშეკრულება.
ხელშეკრულების დასასრული
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ ის შეიარაღებაზე კონტროლით დაინტერესებული არ არის. 2018 წელს ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული გარიგებიდან გადის იმ მიზეზით, რომ თეირანი შეთანხმების პირობებს არ იცავს.
ერთი წლის შემდეგ იგივე ბედი ეწია საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შესახებ შეთანხმებას, რომელსაც რონალდ რეიგანმა და მიხაილ გორბაჩოვმა მოაწერეს ხელი.
2020 წელს ადმინისტრაციაში არსებულმა წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თეთრ სახლში ბირთვული გამოცდების შესახებ მსჯელობდნენ — პირველად 1992 წლის შემდეგ. ეს იქნებოდა იმ მორატორიუმის დარღვევა, რომელიც აშშ-ზე, რუსეთზე, ჩინეთზე, ბრიტანეთსა და საფრანგეთზე ვრცელდება.
გაურკვეველია სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების (СНВ-3) ბედიც, რომელსაც 2010 წელს მოეწერა ხელი. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სექტემბერში დასრულდა, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მთელი რიგი დამატებითი პირობები შესთავაზა, რომელთა შორის არის შეუსრულებელი — შეთანხმებაში ჩინეთის ჩართვა. СНВ-3-ს ვადა თებერვალში ეწურება და РИА Новости-ს მიერ გამოკითხულ ექსპერტებს დიდი ეჭვი აქვთ, რომ მისი გახანგრძლივება მოხერხდება.
ასეა თუ ისე, „ღია ცის“ ხელშეკრულება, დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო მსხვერპლი გახდება. ჯო ბაიდენისთვის ოფიციალური გამარჯვების მილოცვა ჯერ ადრეა, მაგრამ იმის ალბათობა, რომ ოვალურ კაბინეტს სწორედ ის დაიკავებს, დღითი დღე იზრდება.
ახლებურად შესვლა
ზოგ ექსპერტს მიაჩნია, რომ ბაიდენი უნდა დაფიქრდეს „ღია ცის“ ხელშეკრულებაში დაბრუნებაზე, მაგრამ ეს ალბათ არ მოხდება, მიაჩნია დმიტრი სუსლოვს — კომპლექსური ევროპული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილეს.
„აშშ-ში რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბდა მკაფიო პოზიცია: თუ ისინი შეიიარაღებაზე კონტროლის შეთანხმებიდან გადიან, უკან აღარ ბრუნდებიან. უფრო მეტიც, რუსეთისადმი პრეტენზიებს „ღია ცის“ ხელშეკრულებაზე შტატები ჯერ კიდევ ობამას ადმინისტრაციის დროს აცხადებდა. არსებობს კონსენსუსი თეთრ სახლს, პენტაგონსა და სადაზვერვო სამსახურებს შორის იმის შესახებ, რომ მოსკოვი სრულად არ იცავს და არღვევს დოკუმენტის ნორმებს“, — განაცხადა მან.
ამასთან, ექსპერტის თქმით, ხელშეკრულებაში დაბრუნება კონგრესის ზედა პალატის რატიფიკაციას მოითხოვს. იმის გათვალისწინებით კი, რომ პალატა შეიძლება კვლავ რესპუბლიკელების კონტროლქვეშ აღმოჩნდეს, ეს ახალ პრობლემებს შექმნის. ხოლო თუ ბაიდენი მაინც გადაწყვეტს წინამორბედის გადაწყვეტილების გაუქმებას, ამას დრო დასჭირდება.
„ამასთან, ახლა ტრამპი კიდევ დამატებით წინაღობებს ქმნის“, — აცხადებს ექსპერტი ოლეგ შკიროვი.
თეთრი სახლის გადაწყვეტილება ქვეყნის სამხედრო–საჰაერო ძალებს აიძულებს, თავიდან მოიშოროს თვითმფრინავები, რომლებიც სადამკვირვებლო ფრენებისთვის გამოიყენება.
„კონგრესი, რესპუბლიკელების მოქმედებების გამო, დიდი ხნის განმავლობაში არ გამოყოფდა სახსრებს მათი მოდერნიზაციისთვის. და ეს ბრძოლა „ღია ცის“ ხელშეკრულების ჩამოშლისკენ იყო მიმართული. სადამკვირვებლო თვითმფრინავების გარეშე ხელშეკრულებაში დაბრუნება კი უფრო რთული იქნება“, — მიაჩნია ექსპერტს.
გარდა ამისა, შაკიროვის აზრით, გასათვალისწინებელია ისიც, თუ ვინ დაიკავებს სავარძლებს ბაიდენის ადმინისტრაციაში. მაგალითად, მაიკლ კარპენტერი — საგარეო პოლიტიკის ყოფილი მრჩეველი ასევე ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის მონაწილეობას „ღია ცის“ ხელშეკრულებაში, ვინაიდან რუსეთი თითქოს ინფორმაციას აგროვებს ამერიკული ინფრასტრუქტურის შესახებ — ავი ზრახვებით.
თუ უფრო მასშტაბურად ვიტყვით, ბაიდენის მთავარი იდეა — ევროპასთან ნდობის აღდგენაა, ხაზს უსვამს შაკიროვი. და იმის გათვალისწინებით, რომ ევროპისთვის ხელშეკრულება მნიშვნელოვანია, შეიძლება აშშ მაინც დაუბრუნდეს ხელშეკრულებას მოკავშირეთა ხათრით — თუნდაც არა მაშინვე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს