მოსაზრება: აშშ-ის ერაყული კამპანიის წარმატებები და შეცდომები

© photo: Sputnik / Davydov / გადასვლა მედიაბანკშიამერიკელი ჯარისკაცები ბაღდადის ქუჩებში
ამერიკელი ჯარისკაცები ბაღდადის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ექსტრემისტები განაგრძობენ ბომბების აფეთქებას, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმასა და შუღლის გაღვივებას“, — ამბობდა ბარაკ ობამა, როდესაც ერაყში სამხედრო ოპერაციის დასრულება გამოაცხადა.

სოფია მელნიჩუკი

კოალიციამ ქვეყანაში მისია შეასრულა და შინ დაბრუნების დრო იყო. მას შემდეგ ათი წელი გავიდა, მაგრამ ამერიკელები ისევ ბაღდადში არიან. რა მოუტანა ვაშინგტონის დახმარებამ ერაყელ ხალხს?

კიდევ ერთი „ბოროტების ღერძი“

„ამ წუთებში კოალიციის ძალები სამხედრო ოპერაციას იწყებენ ერაყის განსაიარაღებლად, მისი ხალხის გასათავისუფლებლად და მსოფლიოს სასიკვდილო საფრთხისგან დასაცავად“, — ამერიკელები პრეზიდენტ ჯორჯ ბუში–უმცროსის ამ სიტყვებით შეიჭრნენ ერაყში 2003 წლის 19 მარტს.

საათ-ნახევრის შემდეგ საზღვაო ბაზირების „ტომაჰავკებმა“ სპარსეთის ყურიდან პირველი სამიზნეები გაანადგურა, ხოლო კოალიციამ შეტევა წამოიწყო კუვეიტთან საზღვარზე.

ვლადიმირ პუტინი და მუჰამად იბნ სალმანი - Sputnik საქართველო
მოსაზრება: პრინცი და პრეზიდენტი – რატომ არ ასვენებს აშშ-ს პუტინისა და მუჰამედის ურთიერთობა

შეერთებული შტატებისთვის ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იყო საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის გზაზე, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ გამოცხადდა. „ალ-ქაიდას“ ბოევიკებმა იმ დღეს 3 ათასამდე ადამიანი მოკლეს. ჯორჯ ბუში თავის ხალხს დაპირდა, რომ დამნაშავეები დაისჯებოდნენ. ავღანეთში ომისას „ნომერ პირველი ტერორისტის“ უსამა ბენ ლადენის დაკავება არ მოხერხდა, ამერიკელები სხვა ლიდერზე — სადამ ჰუსეინზე გადაერთნენ. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ, დაზვერვის მონაცემებით, ის ხელს უწყობდა ტერორისტებს.

ახალი ერაყული კამპანიისთვის ამერიკულ საზოგადოებას წინასწარ ამზადებდნენ. პირველად კიდევ ერთი „ბოროტების ღერძის“ თაობაზე ჯორჯ ბუში 2002 წლის იანვარში ალაპარაკდა. სექტემბერში კი გაეროს გენასამბლეის ტრიბუნიდან დაიმუქრა – თუ ჰუსეინი არ განიარაღდება, ომი გარდაუვალი იქნებაო.

კონგრესმა მალევე გადასცა ხელმოსაწერად პრეზიდენტს რეზოლუცია, რომელიც ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენების ნებას იძლეოდა, ხოლო სენატმა დაამტკიცა სამხედრო ხარჯების ზრდა 37,5 მლრდ დოლარით და მაჩვენებელმა 355,1 მილიარდი შეადგინა. ეს ათწლეულის რეკორდული ზრდა იყო.

2003 წლის იანვარში ბუშმა განაცხადა: აშშ-ის დაზვერვას აქვს მტკიცებულებები, რომ სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების იარაღს, კერძოდ, ციმბირული წყლულის სპორებს ფლობს. და მიუხედავად იმისა, რომ ერაყში მხოლოდ 1980-იანი წლებიდან შემორჩენილი ქიმიური იარაღი იპოვეს, რომელიც მასობრივი ზიანის მისაყენებლად არ გამოდგებოდა, ეს ოპერაცია „ერაყული თავისუფლების“ ოფიციალურ მიზეზად იქცა.

სწრაფი შეჭრა

„ვინც ბოროტებით მოვიდა, არის ღმერთის, სამშობლოსა და კაცობრიობის მტერი, ჩაიდინა სისულელე და თავს დაესხა ჩვენს სამშობლოსა და ხალხს“ — გამოაცხადა ქვეყანაში შეჭრის დღეს ერაყულმა რადიომ. სადამ ჰუსეინი გაიქცა და ამის შემდეგ ხალხს მხოლოდ აუდიოჩანაწერებით მიმართავდა.

ამერიკელი ჯარისკაცები ბაღდადში - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რა მოუტანა ერაყის ომმა აშშ-სა და მსოფლიოს?

აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ჯარები ბევრად ძლიერი იყო, ვიდრე ერაყული. კოალიციამ რამდენიმე კვირაში აიღო ქალაქები ბასრა, ქერბელა, კირკუკი და მოსული, ხოლო 14 აპრილს ტიკრიტში შევიდა — სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქში. ოპერაციის აქტიურ ფაზაზე სულ 26 დღე დაიხარჯა და 2003 წლის 1 მაისს ყველაფერი დასრულდა. დაიწყო ხანგრძლივი ოკუპაცია და ნადირობა სადამ ჰუსეინზე.

ის ცხრა თვის შემდეგ შეიპყრეს. კადრებმა, რომელზეც ჩანდა, როგორ გამოჰყავდათ გაბურძგნული და დეზორიენტირებული სადამ ჰუსეინი ტიკრიტის მახლობლად მდებარე საფარიდან, მთელი მსოფლიო მოიარა. მას თან ჰქონდა ფულით სავსე ჩემოდანი (750 ათასი დოლარით) და პისტოლეტი — ტყვიების გარეშე. ამ პისტოლეტს ჯორჯ ბუში-უმცროსი მერე სამხედრო ალაფად ინახავდა.

ორი წლის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი სიკვდილით დასაჯეს — ჩამოხრჩობის გზით. მაგრამ ომი არ დასრულებულა. ერაყს რელიგიათშორისი ძალადობის ტალღამ გადაუარა.

დახმარების გაწევა

„ერაყი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ჭრელი ქვეყანაა. ამერიკელებმა უამრავი პრობლემა გამოავლინეს — არა მარტო კონფესიათშორისი თვალსაზრისით, არამედ „ცივილიზებული ქალაქისა“ და ერაყული საზოგადოების ნაწილის — უდაბნოს ტომების დონეზეც“, — ამბობს ექსპერტი რუსლან მამედოვი. — ერთი მეორეს დაედო და გამოვიდა არაფუნქციონირებადი სახელმწიფო წარმონაქმნი, რომელიც აშშ-ის შეჭრის შემდეგ უამრავ გადაულახავ სირთულეს შეეჯახა“.

2004-ში შედარებითი სიმშვიდის დამყარების შემდეგ სუნიტურ უმცირესობასა (რომლებიც სადამ ჰუსეინის დროს ხელისუფლებაში იყვნენ) და შიიტურ ქურთულ უმრავლესობას შორის დაპირისპირება გამწვავდა.

ერთი წლის შემდეგ ქვეყანაში, პირველად 50 წლის განმავლობაში, მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. თუმცა სუნიტებმა მას პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადეს. მიუხედავად ამისა, მაინც მოხერხდა გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელსაც ახალი კონსტიტუცია უნდა წარმოედგინა.

ხედი თეთრ სახლზე - Sputnik საქართველო
მოსაზრება: „შავი სქემა“, ანუ ვინ არის ამერიკის შიდა მტერი

პროცესი შიიტებს, ქურთებსა და სუნიტებს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო დამუხრუჭდა. ამ უკანასკნელებს არ აწყობდათ ქვეყნის ფედერალური მოწყობა, პარტია „ბაასის“ ლიკვიდაცია და სხვა ნორმები, რომლებიც უფრო შიიტებისა და ქურთების ინტერესებს პასუხობდა. მაგრამ კონსტიტუცია მაინც მიიღეს და ახალი პარლამენტიც ჩამოაყალიბეს. თუმცა ამან ქვეყანა ძალადობისგან ვერ იხსნა.

სუნიტებს, რომლებსაც ტრადიციულად მიეკუთვნებოდა ქვეყნის პოლიტიკური ელიტა და, მათ შორის, სადამ ჰუსეინიც, ხელისუფლების ჩაბარება არ სურდათ. „ახალი პოლიტიკური ელიტა არსებითად ამერიკელთა პროტეჟეები იყვნენ — მათ მამებსა და პაპებს საკვანძო თანამდებობები ეკავათ მონარქიის დროს — 1958 წლამდე. საზოგადოებასთან კავშირები მათ არ ჰქონდათ“, — ამბობს მამედოვი.

სისხლისღვრა გრძელდებოდა, მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპებოდა და ქვეყნიდან გარბოდა. 2007 წელს ბუშმა ერაყში კიდევ 21,5 ათასი სამხედრო გაგზავნა და ასევე გადახედა სტრატეგიას, რომელსაც სახელად „დიდი ტალღა“ ეწოდა. ივარაუდებოდა, რომ მას უნდა ჩაექრო კონფესიათა შორის კონფლიქტი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ბაღდადის თვით ყველაზე დაცული რაიონი „მწვანე ზონაც“ კი უკვე საშიში გახდა. ამერიკული დარეგულირების ეფექტურობა ეჭვებს იწვევდა.

ბარაკ ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ თეთრმა სახლმა ერაყიდან ჯარების გაყვანა გადაწყვიტა. 2010 წლის ზაფხულისთვის სამშობლოში 90 ათასი სამხედრო დაბრუნდა, ერაყში დაახლოებით 50 ათასი ჯარისკაცი რჩებოდა. 31 აგვისტოს ბარაკ ობამამ ერს მიმართა და ერაყში ამმერიკული ოპერაციის სრული შეწყვეტა ამცნო.

შოკისმომგვრელი შედეგი

სახელმწიფოებრიობა და უშიშროების ინსტიტუტები, რომელთა შექმნასაც ცდილობდა აშშ ერაყში, რუსლან მამედოვის აზრით, მყარი არ გამოდგა.

„ეს სტრუქტურები მზად არ იყო არც საგარეო და არც საშინაო საფრთხეებზე პასუხის გასაცემად. გასაკვირი არ არის, რომ ერაყში ამერიკული კამპანიისა და არჩევნების დასრულების შემდეგ მაშინდელმა პრემიერმა ნური ალ-მალიქმა ხისტი ნაბიჯები გადადგა ხელისუფლების ცენტრალიზაციის მიზნით, მოაწყო არასასურველი პოლიტიკოსების დევნა და ბრალი დასდო მათ ტერორისტულ საქმიანობაში. აშშ-ის წასვლის შემდეგ მას აღარაფერი აკავებდა და, შედეგად, ერაყული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ, სუნიტები მარგინალებად აქციეს“.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპი ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირებას გეგმავს

ვაშინგტონის მთავარი შეცდომა — სუნიტური ლაშქარი იყო, რომლებიც ამერიკელებს რადიკალურ დაჯგუფებებთან ბრძოლაში ეხმარებოდნენ.

„ახალგაზრდები უბრალოდ შინ წავიდნენ და იარაღიც თან წაიღეს. ეს ჯგუფები უშიშროების საერთო სისტემაში არ შეუყვანიათ, ისინი დარჩნენ უხელფასოდ, ხოლო მათ ლიდერებს დევნიდნენ“, — განმარტავს მამედოვი.

სწორედ სუნიტების მძიმე მდგომარეობამ მოიტანა რადიკალური იდეების გავრცელება. „2014-ში ყველამ შოკი მიიღო: „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი დაიპყრო და ერაყის მთავრობამ ტერიტორიის ნახევარზე კონტროლი დაკარგა“, — ამბობს ექსპერტი.

ერაყმა ბოლოს მაინც დაამარცხა „ისლამური სახელმწიფო“, მათ შორის, ამერიკელების დაბრუნების გამოც. მაგრამ, მამედოვის აზრით, მთლიანობაში ამერიკული ოპერაციის წარმატებულად შეფასება — მაინც გადაჭარბებულია.

ამ დრომდე ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენი ერაყელი დაიღუპა ომის დროს. ამერიკული მედიის მონაცემებით, ეს რიცხვი 100 ათასიდან 300 ათასამდე კაცს შეადგენს. ჯანმო განმარტავს, რომ მარტო პირველ წლებში ომს 150-დან 223 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. გადასახადების გადამხდელებს ერაყში შეჭრა ორ ტრილიონ დოლარზე მეტი დაუჯდათ.

„აშშ-ში არ არსებობს ერთი აზრი იმ მისიის მიზანშეწონილობის შესახებ“, — აღნიშნავს ექსპერტი ვიქტორია ჟურავლიოვა. — მიუხედავად მასობრივი განადგურების იარაღისა და ასევე ჰუსეინის „ალ-ქაიდასთან“ კავშირის არარსებობისა, რესპუბლიკურ პარტიაში პოზიცია ერთმნიშვნელოვანია — გადაწყვეტილება სწორი იყო — იმ ნებისმიერზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების თვალსაზრისით, ვინც 11 სექტემბრის რაღაც მსგავსს ჩაიფიქრებს. შურისძიების კამპანია შედგა“.

ჟურავლიოვას აზრით, საზოგადოებაში ერაყის ოპერაციას მაინც გადაჭარბებულად აფასებენ, განსაკუთრებით, იმ მემუარების პუბლიკაციის შემდეგ, რომ ბუშმა გადაწყვეტილება ზეწოლით მიიღო.

„რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვინც მხარს უჭერს დერჟავულ განწყობებს, რომ აშშ გამუდმებით უნდა ამტკიცებდეს თავის ლიდერობას. მაგრამ დომინირებს „პოსტვიეტნამური სინდრომი“ — წარმატებულად მარტო მოკლე კამპანიები მიიჩნევა, ხოლო თუ ისინი დროში იწელება და აშშ-ს დანაკარგები უჩნდება, საზოგადოება ამის მიმართ მაქსიმალურად ნეგატიურად განეწყობა“, — მიაჩნია ჟურავლიოვას.

მიუხედავად ობამასა და ტრამპის დაპირებისა, ამერიკელები ბაღდადში რჩებიან. ერაყი მნიშვნელოვანია ვაშინგტონისთვის. ეს ქვეყანა კვალავაც რჩება ამერიკულ–ირანული კონფრონტაციის მძევლად და თეთრი სახლი ერაყის კარს არ კეტავს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0