იდეის არსი შემდეგია: საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნების“ მოწყობა მოქალაქეებისთვის, რომლებიც 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მისაცემად აპირებენ მისვლას.
რატომ გადაწყვიტა ოპოზიციამ, რომ ეს ამომრჩევლები შერცხვენას იმსახურებენ? ყველაფერი მარტივადაა: ოპოზიცია არ ცნობს პირველი ტურის შედეგებს, ხელისუფლებას ბრალს სდებს ტოტალურ გაყალბებაში და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ქვეყანაში იმართება საპროტესტო აქციები, პარლამენტში პარტიული სიით გასული ოპოზიციური პარტიები კი უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებსა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.
„ველურები ხომ არ ვართ“ – ვაშაძე „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების აუცილებლობის შესახებ>>
„ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციის ქმედებას დესტრუქციულს უწოდებენ და მას დესტაბილიზაციისა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვის მცდელობაში ადანაშაულებენ.
ახალი სვლა
„სირცხვილის დერეფნის“ მოწყობის იდეა პირველად ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ლევან ვარშალომიძემ გააჟღერა. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის ლიდერებმა კონსილიუმიც კი გამართეს, მაგრამ მაინც ვერ შეთანხმდნენ.
„ამ საკითხს სხვადასხვა პარტიასთან განვიხილავთ. მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა შევუქმნათ დისკომფორტი არჩევნების გამყალბებლებს და არა მოქალაქეებს, არა იმათ, ვინც გულწრფელად ფიქრობს, რომ თავისი არჩევანი უნდა გააკეთოს ან მოდის და უნდა ყველა კანდიდატი გადახაზოს“, - განაცხადა პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი ყუფარაძემ.
ამასთან, აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება დანარჩენ ოპოზიციასთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე გაჟღერდა.
ვინ არის მომხრე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მხარი დაუჭირა პარლამენტის ექსსპიკერმა ნინო ბურჯანაძემ.
„უბრალოდ, ეს არ არის იმდენად სირცხვილის კორიდორი, რამდენადაც უფრო გამოფხიზლების. თუ რომელიღაც ამომრჩეველს მიაჩნია, რომ ოცნების ხმა დაცული უნდა იყოს და ბურჯანაძის, მელიას, უგულავას ან ნებისმიერი სხვა პარტიის ხმა მოპარული უნდა იყოს, თუ ასე თვლის რომელიღაც ამომრჩეველი და ნორმალურად მიაჩნია, რომ საქართველოში ხმებს იპარავენ, ოფისები იწვება და თავში ურტყამენ ადამიანებს, მაშინ ასეთმა ამომრჩეველმა უნდა გაიაროს სირცხვილის კორიდორში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მსგავსი აზრი გამოხატა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმაც.
„რიგითი ამომრჩეველი, ვისაც საქართველო უყვარს, გაყალბებისა და თავზე ლაფის დასხმის შემდეგ საარჩევნო უბნისკენ არ უნდა წავიდეს, თუ არ ჩატარდება ახალი არჩევნები. ვის ასარჩევად მიდიან - ხახუბიასი, კობიაშვილის თუ სხვა ბანდიტების ბიძინასი? ეს ის მდგომარეობაა, რომელსაც არჩევანი კი არა დანაშაული ჰქვია მომავლის წინაშე“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ვინ არის წინააღმდეგი
განსხვავებული აზრის არიან ოპოზიციურ პარტია „ევროპულ საქართველოში“.
„ჩვენ არ ვაპირებთ სირცხვილის კორიდორების მოწყობას და მასში მონაწილეობას. ამ შემთხვევაში, სირცხვილის კორიდორის წინააღმდეგი ვარ“, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაში მონაწილეობას არც პარტია „გირჩი“ აპირებს.
„გირჩი“ სირცხვილის დერეფანში მონაწილეობას არ იღებს. თუ რომელიმე პარტიას უნდა მსგავსი გააკეთოს, გააკეთებს. „გირჩი“ ამ აქციას არ აწყობს და ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. რაღაც აქციებში მონაწილეობას ვიღებთ, რაღაცაში – არა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ხელისუფლების რეაქცია
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებას „დემოკრატიასთან შეუთავსებელი ავტორიტარული ქმედება“ უწოდეს.
პარტიის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, ხელი შეუშალოს მოქალაქეებს, დააფიქსირონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი.
„ხალხისთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევა და მათი არჩევანის ძალადობრივი გზით მიიტაცება მათი ხელწერაა. ისინი ამას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას, ისინი იმავეს ცდილობენ ოპოზიციის რიგებიდან. ეს არის დემოკრატიასთან ყოველად შეუთავსებელი, ავტორიტარული ქმედება, საგანგაშო მოვლენა და საჭიროებს ძალიან მკაცრ და მკაფიო შეფასებას“,- განაცხადა დავითულიანმა.
„ქართულ ოცნებაში“ ყველა ოპოზიციურ ძალას და საერთაშორისო პარტნიორს მოუწოდეს, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმასთან დაკავშირებით.
„მოვუწოდებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც სააკაშვილის ამ ანტიდემოკრატიულ კამპანიაში მონაწილეობის მიღება არ სურთ, მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია და შეაფასონ „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ანტიდემოკრატიული მოწოდება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ვოლსკი: გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, ამაზე შეთავაზებებზე ოპოზიციის უარი მეტყველებს>>
ჯერ კი ქართულ ოპოზიცია განაგრძობს კონსულტაციებს და ახლო მომავალში გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას ამომრჩევლებისთვის „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობასთან დაკავშირებით.