თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ათზე მეტმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომლითაც არალეგიტიმურად გამოაცხადეს არჩევნების შედეგები და უარი განაცხადეს დეპუტატის მანდატზე.
განცხადებას ხელი მოაწერა ბარიერგადალახულმა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის: „ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ“ და ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია, „ევროპულმა საქართველომ“, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელო საქართველოსთვის“, „გირჩმა“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეებმა“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, ასევე იმ პარტიებმაც, რომლებმაც ვერ შეძლეს პარლამენტში მოხვედრა – ნინო ბურჯანაძის „ერთიანმა საქართველომ“ და ეკა ბესელიას „სამართლიანობისთვის“.
„ჩვენთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მართვის მანდატი... ჩვენ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად არ ვცნობთ“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
ქართული ოპოზიციის მთელი სპექტრი ხელისუფლებას 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს. გუშინ პარტიებმა ერთმანეთის მიყოლებით ახალი მოწვევის პარლამენტის მანდატებზე უარი განაცხადეს. თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო.
„მე მთლიანად ვუერთდები ამ დოკუმენტს... ჩემთან მიმართებით გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ნებისმიერ ფასად პარლამენტს მიღმა დავეტოვებინე. თუმცა, ივანიშვილმა ვერ გათვალა, რომ ჩვენ ასეთი სოლიდარობა გვექნებოდა“, – განაცხადა პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის შედეგებით ამომრჩეველთა ხმები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" – 48,15%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 27,14%, „ევროპული საქართველო“ – 3,78%, „ლელო საქართველოსთვის“ – 3,15%, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%, „გირჩი“ – 2,89, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,335, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ 1%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.
საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა, რომელშიც 48 პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1% იყო.
ბოლო მონაცემებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური ჩატარდება თბილისის ყველა ოლქსა და რეგიონების რვა ოლქში.