როგორი რეაქცია ჰქონდათ ამაზე მეზობელ საქართველოში, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ფაქტობრივად ორ ცეცხლ შუა იმყოფებოდა, - იკითხეთ Sputnik-საქართველოს მასალაში.
უკვე ექვსი თვითმფრინავი: რუსმა სამშვიდობოებმა მთიან ყარაბაღში ჩასვლა დაიწყეს >>
გუშინ აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის სახელმწიფო მეთაურებმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. განცხადების თანახმად, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან, ხოლო აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე დარჩებიან და ამასთან ტყვეთა გაცვლას დაიწყებენ.
სომხეთის მოსახლეობამ ეს დამარცხებად ჩათვალა და მასობრივი პროტესტები და არეულობები დაიწყო, ხოლო აზერბაიჯანში პირიქით - საყოველთაო ზეიმია.
ახალი ეპოქა
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება საქართველოში შეაფასეს. პირველი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ახალი ეპოქის დასაწყისი უწოდა.
„კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება, ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ფასილიტატორებს. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია. ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“, – დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.
„საქართველო მხარს უჭერს დიალოგს ორ მხარეს შორის. ამასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სამშვიდობო პროცესის განხორციელებას. დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ძალისხმევა და მრავალმხრივი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება შედეგს გამოიღებს გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს მთლიანად რეგიონისთვის“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
გამარჯვება თუ კაპიტულაცია
დაზავების შესახებ შეთანხმება მთიან ყარაბაღში ომს შეწყვეტს, მაგრამ, მეორეს მხრივ, სომხეთში ეს შეფასდა როგორც დამარცხება და კაპიტულაცია, Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში განაცხადა პოლიტოლოგმა ვასო კაპანაძემ.
„სიტუაცია, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, შეიძლება შეფასდეს როგორც პრეზიდენტ ალიევის გამარჯვება. რადგან ალიევი ძალიან ჭკვიანად მოიქცა - მან ძალიან კარგი პირადი კონტაქტები დაამყარა პრეზიდენტ პუტინთან. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს პრინციპით „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“. შესაბამისად, ამ მომენტისათვის აზერბაიჯანი ზეიმობს“, - განაცხადა კაპანაძემ.
ამასთან, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განთავსება საქართველოზე პირდაპირ ზეგავლენას არ მოახდენს.
„თუმცა ამ ფაქტორის გათვალისწინება მოუწევთ ქართველ პოლიტიკოსებს, დიპლომატებს, პოლიტოლოგებს და მთელს საზოგადოებას, რომელიც ჩვენ რეგიონში სტაბილურობით არის დაინტერესებული. რა მოხდება მომავალში, ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და ზოგადად რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება მოხერხდება“, - განაცხადა კაპანაძემ.
მშვიდობის ფასი
ისტორიკოსი და ქართველი პოლიტიკოსი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ფაშინიანმა სომხეთს ყარაბაღის ტვირთი მოუხსნა. ყარაბაღზე მიბმული სომხეთი განწირული იყო, აღნიშნავს ბერძენიშვილი.
„ნიკოლ ფაშინიანმა, ნებსით თუ უნებლიეთ, ამხელა ყარაბაღული ტვირთისგან, მარწუხებისგან სომხეთის გათავისუფლების პროცესი წამოიწყო. ბევრი წელი დასჭირდებათ სომხებს ამის გასაცნობიერებლად... ბევრია წარსულზე ორიენტირებული ხალხი... ყველაზე მაგარი სომეხია ფაშინიანი. განწირული იყო ყარაბაღით დაბმული სომხეთი“, – დაწერა ბერძენიშვილმა თავის Facebook-გვერდზე.
პოლიტიკოსის აზრით, ახლა არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, შეძლებს თუ არა ფაშინიანი ძალაუფლების შენარჩუნებას.
„მან სიმართლეს გაუსწორა თვალი, იომა და, როგორც მოსალოდნელი იყო, მარცხდებოდა. გაბედა და, გაუბედავი ტერ-პეტროსიანისგან განსხვავებით, ადეკვატურად მოიქცა. სტეფანაკერტი, ლაჩინის დერეფანი სომხურ/რუსული კონტროლით ჯერჯერობით შეინარჩუნა. ტერ-პეტროსიანმა ვერც ხელისუფლება შეინარჩუნა და ორ ათეულ წელზე მეტიც დააკარგინა სომხეთს. სიმართლე ესაა, ჩემი აზრით“, – დაწერა ბერძენიშვილმა.
ფაშინიანის განცხადებას ყარაბაღში ომის შეწყვეტისა და ტერიტორიების დათმობის შესახებ სომხეთის მოქალაქეების მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა. მთავრობის სახლთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები შენობაში შეიჭრნენ, ფაშინიანის კაბინეტი დაარბიეს და სახელმწიფო სიმბოლიკა გაიტაცეს.
ახალი დღის წესრიგი
ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში და საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ გუშინდელი შეთანხმების შემდეგ რეგიონში ახალი სურათი შეიქმნა.
„აზერბაიჯანმა დაიბრუნა რამდენიმე რეგიონი, რაც ალიევისთვის უზარმაზარი პლუსია. არის საუბარი იმაზე, რომ უფრო მეტს დაიბრუნებს, რადგან შეთანხმებაში გაწერილია, რა უნდა დაუბრუნდეს აზერბაიჯანს დეკემბრისთვის“, - მიიჩნევს ფხალაძე.
რაც შეეხება სომხეთს, ფხალაძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლება შეიცვლება და მოვა ის გუნდი, რომელიც კრემლის შეხედულებებს უფრო მეტად გაითვალისწინებს.
„ფაშინიანის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა შეიარაღებული კონფლიქტის განახლება გამოიწვია. ფაშინიანის პოლიტიკური კარიერა დასრულებულია, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ“, - აღნიშნა მან.
რუსეთის ფაქტორი
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, სიტუაცია რეგიონში რთული რჩება.
ამბოხის ღამე ერევანში: 10 ნოემბრის მოვლენების ქრონიკა – ვიდეო >>
„ახლა ისე გამოდის, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკაში რუსეთს თავისი დასაყრდენი ჰყავს. მაგრამ მეორეს მხრივ, არსებობს გარკვეული შეუთავსებლობები. სომეხი საზოგადოება ამ ეტაპზე რუსეთის პოლიტიკის მიმართ მკვეთრად უარყოფითად არის განწყობილი. მომავალში რუსეთი ეცდება ერთგვარ რეაბილიტაციას მათ თვალში და სომხებისა და სომხეთისთვის ყარაბაღის ნაწილს მაინც შეინარჩუნებს, მათ შორის ლაჩინის დერეფანს“, - განაცხადა არეშიძემ Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში.
ამასთან, პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ეს რუსეთის პოლიტიკის გარკვეული წარმატებაა სამხრეთ კავკასიაში.
„რუსეთმა შეძლო ყარაბაღის საკითხის გადაჭრისას მინსკის ჯგუფის და შესაბამისად აშშ-ის და საფრანგეთის როლის დაკნინება. და თავად გახდა დომინანტი ამ საკითხში. მეორეს მხრივ, მან მიიღო „თავის ტკივილი“ თურქეთის სახით, რომელიც აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო პროცესში და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საკუთარ სამხედრო ბაზას დააარსებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი გეგმები არსებობს“, - განაცხადა არეშიძემ.
აქედან გამომდინარე, ექსპერტი მიიჩნევს, რომ რეგიონის სამივე ქვეყანას მოუწევს გადაწყობა ახალ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ თვალწინ იქმნება.
„ასეთი გეოპოლიტიკური ტექტონიკური რყევების დროს ქვეყანა, პოლიტიკური ელიტა უნდა იყოს კონსოლიდირებული საგარეო პოლიტიკაზე და ქმნიდეს ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობების ახალ ფორმატებს. ახლა არ არის შიდა გარჩევების დრო, ეს არაფერს არ მოგვიტანს... ჩვენი პოლიტიკური ელიტა გონს უნდა მოეგოს. დროა შეიქმნას ახალი ფორმატები მეზობლებთან, რუსეთთან, დასავლეთთან ურთიერთობებში. როგორი უნდა იყოს ეს ფორმატები, ახლა ამაზე ჯერ ნაადრევია საუბარი. მაგრამ ხაზს ვუსვამ, ისინი უნდა იყოს ახალი“, - დასასრულს აღნიშნა არეშიძემ.