თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანა ყარაბაღის ტვირთისგან გაათავისუფლა – ყარაბაღთან დაკავშირებული სომხეთი განწირული იყო, მიიჩნევს ოპოზიციური „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.
ამბოხის ღამე ერევანში: 10 ნოემბრის მოვლენების ქრონიკა - ვიდეო>>
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა, სომხეთის პრემიერმა ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში ცეცხლისა და ყველა სამხედრო მოქმედების სრული შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 10 ნოემბრიდან. განცხადების თანახმად, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან, ასევე მათ უნდა გაცვალონ ტყვეები. ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდებიან.
„ნიკოლ ფაშინიანმა, ნებსით თუ უნებლიეთ, ამხელა ყარაბაღული ტვირთისგან, მარწუხებისგან სომხეთის გათავისუფლების პროცესი წამოიწყო. ბევრი წელი დასჭირდებათ სომხებს ამის გასაცნობიერებლად... ბევრია წარსულზე ორიენტირებული ხალხი... ყველაზე მაგარი სომეხია ფაშინიანი. განწირული იყო ყარაბაღით დაბმული სომხეთი“, – დაწერა ბერძენიშვილმა თავის Facebook-გვერდზე.
პოლიტიკოსის აზრით, ახლა არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, შეძლებს თუ არა ფაშინიანი ხელისუფლების შენარჩუნებას.
„მან სიმართლეს გაუსწორა თვალი, იომა და, როგორც მოსალოდნელი იყო, მარცხდებოდა. გაბედა და, გაუბედავი ტერ-პეტროსიანისგან განსხვავებით, ადეკვატურად მოიქცა. სტეფანაკერტი, ლაჩინის დერეფანი სომხურ/რუსული კონტროლით ჯერჯერობით შეინარჩუნა. ტერ-პეტროსიანმა ვერც ხელისუფლება შეინარჩუნა და ორ ათეულ წელზე მეტიც დააკარგინა სომხეთს. სიმართლე ესაა, ჩემი აზრით“, – დაწერა ბერძენიშვილმა.
ფაშინიანის განცხადებას ყარაბაღში ომის შეწყვეტისა და ტერიტორიების დათმობის შესახებ სომხეთის მოქალაქეების მხრიდან წამიერი რეაგირება მოჰყვა. მთავრობის სახლთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები შენობაში შეიჭრნენ, ფაშინიანის კაბინეტი დაარბიეს და სახელმწიფო სიმბოლიკა გაიტაცეს. ამის შემდეგ ისინი პარლამენტისკენ დაიძრნენ, სადაც ეროვნული კრების სპიკერი არარატ მირზოიანი სცემეს.
მასობრივი არეულობა სომხეთში: რა მოჰყვა ფაშინიანის განცხადებას ყარაბაღის შესახებ? - ფოტო>>
ბრძოლები მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო, ხოლო კონფლიქტი რეგიონში 1988 წელს, როდესაც ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკის სომხურმა მოსახლეობამ აზერბაიჯანიდან გასვლის თაობაზე გამოაცხადა.
მას შემდეგ აზერბაიჯანი თავისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაზე ზრუნავს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს.