ერევანში 9–10 ნოემბრის ღამე საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. სომხეთის მოქალაქეებმა შტუმრით აიღეს მთავრობის სახლი, შემდეგ კი პარლამენტის შენობა.
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
„მე მივიღე რთული, განსაკუთრებით რთული გადაწყვეტილება ჩემთვის და თქვენთვის. რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოვაწერე ყარაბაღის ომის შეწყვეტას 01:00 საათზე. გამოქვეყნებული განცხადების ტექსტი ძალიან მტკივნეულია პირადად ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის მოქალაქეებს მყისიერი რეაქცია ჰქონდათ ფაშინიანის განცხადებაზე ომის შეწყვეტისა და ტერიტორიის დათმობის შესახებ. საპროტესტო აქცია გაიმართა მთავრობის სახლთან, მომიტინგეები შეიჭრნენ შენობაში, დაარბიეს ფაშინიანის კაბინეტი და წაიღეს სახელმწიფო სიმბოლოები. შემდეგ მათ გადაინაცვლეს პარლამენტთან, სადაც ნაციონალური კრების სპიკერი არარატ მირზოიანი სცემეს.