თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის ულიანოვსკ–ვოსტოჩნის აეროდრომიდან სომხეთის მიმართულებით უკვე აფრინდა სამშვიდობო კონტინგენტის ექვსი თვითმფრინავი, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი მთიან ყარაბაღში 1 960 სამხედრო მოსამსახურეს, 90 ჯავშანტრანსპორტიორს, 380 ერთეულ სხვა სამხედრო ტექნიკას განათავსებს. სამშვიდობო ოპერაციის მართვის მიზნით სტეფანაკერტის მიდამოებში რუსეთის სამშვიდობო ძალების შტაბი განთავსდება.
9 ნოემბერს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. განცხადების თანახმად, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე დარჩებიან და ამასთან ტყვეთა გაცვლას დაიწყებენ.
სომხეთის მოსახლეობამ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაზე მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტისა და ტერიტორიის ჩაბარების თაობაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა. მთავრობის სახლთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები შენობაში შეიჭრნენ, ფაშინიანის კაბინეტი დაარბიეს და სახელმწიფო სიმბოლიკა გაიტაცეს. ამის შემდეგ ისინი პარლამენტისკენ დაიძრნენ, სადაც ეროვნული კრების სპიკერი არარატ მირზოიანი სცემეს.
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო, რაშიც ერევანი და ბაქო ერთმანეთს სდებენ ბრალს. მხარეებმა რამდენჯერმე მოილაპარაკეს ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ბრძოლები ამ დრომდე გრძელდებოდა. ვითარებას ართულებს ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანს აქტიურად უჭერს მხარს თურქეთი, რომელიც ნატოს წევრია, ხოლო სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში შედის.