თანამედროვე იურისპრუდენციას რომის სამართალი უდევს საფუძვლად. მისი ცოდნა ყველასთვის, ვისაც კანონთან აქვს საქმე, აუცილებელია — იურისტების, ადვოკატების, მოსამართლეების, პროკურორებისთვის. იმ დროისთვის ეს ყველაზე განვითარებული სახელმწიფო იყო. მაგრამ ძველ რომში იყო ისეთი კანონები, რომლებიც დღეს სრულებით წარმოუდგენელია ჩვენთვის თავისი ველურობითა და ბარბაროსობით.
იკრძალებოდა მეწამულისფერი ტოგის ტარება
რომაელის ძირითად სამოსს ტოგა წარმოადგენდა. ის, როგორც წესი, თეთრი ფერის იყო, ხანდახან ჰქონდა მეწამულისფერი ან ოქროსფერი ზოლები ან ყვავილოვანი ორნამენტი. მგლოვიარე ნაცრისფერ ან შავ ტოგას ატარებდა. ფერის მხრივ რაიმე მკაცრი წესები არ არსებობდა გარდა ერთისა — მეწამულისფერი ტოგის ტარების უფლება მხოლოდ იმპერატორს ჰქონდა. ამასთან, ეს შეზღუდვა პრაგმატული შეხედულებებიდან გამომდინარეობდა.
საქმე ისაა, რომ საღებავი იმ დროს ძალზე ძვირად ფასობდა. მას მხოლოდ ფინიკიაში ამზადებდნენ და რომში იმპერატორის სპეციალური შეკვეთით ჩამოჰქონდათ. შეიძლება ითქვას, რომ ერთი ტოგის შეღებვას ოქროს ფასი ჰქონდა.
იკრძალებოდა დიდი ნადიმობა
ძველ რომში საკმაოდ გავრცელებული იყო სუმპტუარული კანონები (leges sumptuariae), ანუ კანონები ზედმეტი ფუფუნების წინააღმდეგ ფართის მოწყობაში, ტანსაცმელში, საკვებში და სხვა. ერთ-ერთი ასეთი კანონი იყო ნადიმისთვის თანხების დაზოგვა. მოგვიანებით ეს კანონი კიდევ უფრო გამკაცრდა. ეს კანონი ჩვეულებრივ დღეებში სამ, ხოლო ბაზრის დღეებში ხუთ სტუმარზე მეტის გამასპინძლებას კრძალავდა. ბაზრის დღე კი თვეში სამჯერ იყო.
იკრძალებოდა ტირილი დაკრძალვის დროს
დაკრძალვა ძველ რომში საკმაოდ საინტერესო ცერემონია იყო. რაც უფრო ცნობილი და მდიდარი იყო განსვენებული, მით უფრო დიდი პროცესია იმართებოდა მისი დაკრძალვისას. დაკრძალვის პროცესიის სათავეში მიდიოდნენ მუსიკოსები, შემდეგ — მოტირლები, მომღერლები, ხოლო ბოლოს მსახიობები. მოტირლები იმდენად შედიოდნენ „როლში", რომ იგლეჯდნენ თმას, იხოკავდნენ სახეს და ა. შ. ბოლოს ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ აიკრძალა ასეთი მსახიობების დაქირავება.
მამას შეეძლო ლეგალურად მოეკლა საკუთარი ქალიშვილის საყვარელი
მეუღლის ღალატის ნაწილში ძველი რომის კანონმდებლობა საკმაოდ თავისებური იყო, თუმცა ასევე ასახავდა იმ დროის მორალსა და ზნეობრივ მხარეს. თუ მამაკაცი ცოლს საყვარელთან წაასწრებდა, მას ორივე უნდა ჩაეკეტა სახლში და რაც შეიძლება მეტი მეზობლისთვის დაეძახა, რომ მათ ღალატის ფაქტი დაემოწმებინათ. ოფიციალური ბრალდების შემდეგ მამაკაცი აუცილებლად უნდა გაშორებოდა ცოლს, რომ ის თავად არ დაედანაშაულებინათ სუტენიორობაში. იმ შემთხვევაში, თუ ცოლის საყვარელი მსახიობი ან ლიბერტინი (გათავისუფლებული მონა) აღმოჩნდებოდა, მამაკაცს მისი მოკვლის სრული უფლება ჰქონდა. ხოლო თუ მამა თავის გაუთხოვარ ქალიშვილს წაასწრებდა საყვარელთან, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა, მისი მოკვლის უფლება ჰქონდა. მეორე მხრივ, არანაირად არ ისჯებოდა მამაკაცის ღალატი.
მშობლების მკვლელი ტყავის ტომრით ცხოველებთან ერთად უნდა დაეხრჩოთ
ასე სჯიდნენ ძირითადად იმ რომაელებს, რომლებმაც ახლო ნათესავები მოკლეს. ადამიანებს სიკვდილით სხვადასხვა მიზეზით სჯიდნენ, მაგრამ სწორედ ახლო ნათესავის მკვლელს უდებდნენ ტომარაში ცხოველს — ძაღლს, გველს ან მაიმუნს. საერთოდ, ტომრით დახრჩობა იმ დროს ძალზე დამამცირებლად მიიჩნეოდა. არისტოკრატებს, ჩვეულებრივ, სიკვდილით სხვაგვარად სჯიდნენ.
მეძავები ვალდებული იყვნენ, თმა ქერად შეეღებათ
ამის საფუძველი გახდა რომაელების დამპყრობლური ომები ცენტრალურ ევროპაში. მალე იმპერიის დედაქალაქში ძალიან მომრავლდნენ ტყვე ქალები გერმანიიდან და გალიიდან. ისინი, ძირითადად, საროსკიპოებში ხვდებოდნენ. რადგან მათ შორის უმეტესობა ქერა და წითური იყო, მალე გამოიცა ოფიციალური ბრძანება, რომ ყველა რომაელ „სიყვარულის ქურუმს" თმა ქერად ან წითურად შეეღება, რათა ისინი „წესიერი შავთმიანებისგან" გაერჩიათ.
თვითმკვლელობისთვის სენატის ნებართვა იყო საჭირო
მაშინ მოქალაქეებს უფლება არ ჰქონდათ, საკუთარი სურვილით მოეკლათ თავი. მოქალაქეს ოფიციალური თხოვნით უნდა მიემართა სენატისთვის და დაწვრილებით აღეწერა მიზეზები, თუ რა უბიძგებს მას ამ ნაბიჯისკენ. თუ სენატორები ამ მიზეზებს დამაკმაყოფილებლად მიიჩნევდნენ, მთხოვნელს უფასოდ აძლევდნენ შხამს.
მამას თავისი შვილების მონებად გაყიდვა სამჯერ შეეძლო
ოჯახის მამა რომში ძალზე სერიოზული პატივისცემით სარგებლობდა და რიგი უფლებები ჰქონდა. ერთ-ერთია შვილების დროებით მონობაში გაყიდვის უფლება. სხვათა შორის, ეს დროებითი მონობა იქნებოდა თუ მუდმივი, ამასაც მამა წყვეტდა. ცნობილია, რომ რაღაც მომენტში მამას შეეძლო ვაჟის უკან დაბრუნება მოეთხოვა. ასეთ შემთხვევაში ის კვლავ იღებდა ძალაუფლებას თავის შვილზე და მისი ხელახლა გაყიდვა შეეძლო. სამჯერ გაყიდვის შემდეგ ვაჟი მთლიანად თავისუფლდებოდა მამის ძალაუფლებისგან.
ქალს, ქორწინების წინ „გამოსაცდელი ვადის" გასახანგრძლივებლად, სახლიდან სამი დღით წასვლა შეეძლო
იმ დროს რომში ქორწინების სამი სახეობა არსებობდა. პირველი ორი თანამედროვე ოფიციალურ ქორწინებას ჰგავდა, ხოლო მესამე შემთხვევაში წყვილი ქორწინებას ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ აფორმებდა. იყო ე. წ. გამოსაცდელი ვადა, რომლის დროს წყვილი ერთმანეთს აკვირდებოდა და ფიქრობდა, ღირდა თუ არა ოფიციალური ქორწინება. ამასთან, თუ ქალი წლის განმავლობაში მომავალი მეუღლის სახლიდან სამ დღე-ღამეზე მეტი დროით მიდიოდა, დროის ათვლა თავიდან იწყებოდა.
ოჯახის მამას შეეძლო კანონიერად მოეკლა თავისი ოჯახის წევრები
ეს განსაკუთრებით ადრეულ იმპერიამდელ რომში ხდებოდა. ოჯახის მამად დინასტიის უხუცესი წევრი მიიჩნეოდა. მას თავის ოჯახში განუსაზღვრელი უფლებები ჰქონდა, ის იყო მოსამართლეც, ქურუმიც, ჯალათიც, ბრალმდებელიც… მაშინაც კი, თუ მის ვაჟებს უკვე თავიანთი ოჯახები ჰქონდათ, სანამ მამა ცოცხალი იყო, ოჯახის უფროსი სწორედ ის იყო. მას ეკუთვნოდა — თან პირდაპირი მნიშვნელობით — ცოლიც, ბავშვებიცა და მათი მეუღლეებიც. ოჯახის მამას ცოლის მოკვლა შეეძლო ღალატისთვის, ქალიშვილის — არაკანონიერი კავშირისთვის, ვაჟების — სამართალდარღვევისთვის.