წარმოუდგენლად უაზრო სასამართლო პროცესები...

CC0 / Pixabay / pixel2013 / მართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა ეპოქაში ითვლებოდა, რომ ადამიანები სასამართლოს სამართლიანობის აღადგენის მიზნით მიმართავენ, თუმცა ისტორია იცნობს ფაქტებს, როცა თემიდის მსახურებს სასაცილო მიზეზებით მიმართავენ - ზღვისთვის ტალღების მოპარვისთვის, ან წარუმატებელი თვითმკვლელობის შემდეგ...

ყველა ამ შემთხვევის მიზანი ერთია — არამი ფულის შოვნა! საოცარია, მაგრამ ისეც ხდება, რომ საწადელსაც აღწევენ. გიამბობთ რამდენიმე უაზრო შემთხვევაზე, რომელთა საბოლოო შედეგი აშკარად ღიმილის მომგვრელია.

ამერიკელმა ლუდის მოყვარულმა რიჩარდ ოვერტონმა კომპანია Anheuser-Busch-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პატივცემული რიჩარდი ხსენებული ლუდის რეკლამაში დაშვებული უზუსტობების გამო კომპენსაციას 10 000 დოლარის ოდენობით ითხოვდა. მისი თქმით, კომპანია Bud-ის ლუდის რეგულარულ დალევას სულაც არ მოჰყოლია ნახევრად შიშველი ქალბატონების გამოჩენა, როგორც ეს სარეკლამო რგოლში ხდებოდა. პირველ ჯერზე ოვერტონმა პროცესი წააგო, მაგრამ ძალიან ჯიუტი გამოდგა და მეორედ იჩივლა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ ბატონმა იმდენი მოახერხა, რომ კომპანიის მესვეურებს ფული გადაახდევინა.

1998 წელს პენსილვანიის შტატში (აშშ)  ვინმე ტერენს დიქსონმა, სახლი გაქურდა და ავტოფარეხიდან უნდოდა გაქცევა, მაგრამ ფარეხის კარი ვერაფრით გააღო, უკან ბინაში შესასვლელი კარიც ჩაეკეტა და რადგან ბინის პატრონები ქალაქიდან იყვნენ გასულეი, რამდენიმე დღე მოუწია ფარეხში ყურყუტი, ბედად ძაღლის საკვებს მიაგნო და იმით გაჰქონდა თავი. როდესაც ამ „გაუგებრობას“ თავი დააღწია, მაშინვე დაიწყო სასამართლო პროცესი ბინის მეპატრონეების წინააღმდეგ, რომლებსაც „ფსიქოლოგიური ტრავმის“ მიყენებაში ადანაშაულებდა. ტერენს დიქსონმა ნახევარი მილიონი დოლარი მიიღო კომპენსაციის სახით(!!!).

2007 წელს ნებრასკას შტატის (აშშ) სენატორმა ერნი ჩამბერსმა სასამართლო პროცესი წამოიწყო… ღმერთის წინააღმდეგ! პატივცემული გვამი უფალს ადამიანების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებდა, ალბათ მხედველობაში ჰქონდა ავადმყოფობები და ბუნებრივი კატაკლიზმები. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ორთვიანი ფიქრის შემდეგ სასამართლომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა(!!!).

1874 წელს კანადელი მოსამართლე ფრენსის ევანს კორნიში თავმჯდომარეობდა პროცესს, სადაც ბრალდებული თავად იყო. საქმე იმაშია, რომ იგი ნასვამ მდგომარეობაში ნახეს საზოგადოების თავშეყრის ადგილას. კორნიშმა გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და საკუთარ თავი 5 დოლარით დააჯარიმა, თუმცა, მალევე გააუქმა განაჩენი, რადგან მისი სიტყვებით, ბრალდებული ადრე მსგავს ქმედებებში შემჩნეული არ ყოფილა.

ისევ ამერიკა, ამჯერად ოკლაჰომას შტატი. ვერნერების ოჯახმა უჩივლა კომპანია „ჰაინცს“ იმის გამო, რომ კეტჩუპის ბოთლებში პროდუქტს 42 გრამი აკლდა. იმავე დღეს ვერნერების ოჯახი 180 000 დოლარით გამდიდრდა.

2006 წელს შანხაის მკვიდრი ლინ ბიაო სასამართლოში იმის გამო დაიბარეს, რომ ინტერნეტ-აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა… საკუთარი სული. სასამართლომ დაადგინა:  ვინაიდან აუქციონზე ლოტის გამოტანის უფლება მხოლოდ ამ ლოტის მფლობელს ჰქონდა, აუქციონის განახლებისთვის უბედურ ლინ ბიაოს წერილობითი ნებართვა მოსთხოვეს  უზენაესისგან…

ნიუ-იორკში, ახალგაზრდა მამაკაცმა თავის მოკვლა განიზრახა და მეტროს მატარებელს ჩაუვარდა. საბედნიეროდ კაცი გადარჩა, თუმცა, სხეულის დაზიანებები მიიღო, ჰოდა ამანაც სასწრაფო წესით უჩივლა ქალაქ ნიუ-იორკს. იგი ითხოვდა 650 000 დოლარს მატარებლის მიერ მიყენებული დაზიანებების სანაცვლოდ. მართალია, სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მაგრამ ქალაქის მუნიციპალიტეტი დაავალდებულა მამაკაცის მკურნალობის ხარჯები დაეფარა.

 ასეთი ფაქტები ისტორიის მანძილზე უხვად გვხვდება, ალბათ, ამიტომაც აქვს თემიდას თვალები ახვეული, რადგან,  გნებავთ მოსარჩელეების და გნებავთ მისი მსახურების მხრიდან, ამდენი სისულელის ყურება, მართლაც შეუძლებელია…

 

ყველა ახალი ამბავი
0