ეს იმ პირობებში, როდესაც F-35 Lightning II პროექტში მეხუთე თაობის პარამეტრებიც კი არ არის მიღწეული და არც ტექნოლოგიური გარღვევა მომხდარა. ინტრიგა ის არის, რომ ევროპელები აქტიურად ლობირებენ მეექვსე თაობის გამანადგურებლების ორ საკუთარ პროექტს (აშშ-ისგან დამოუკიდებლად), Lockheed Martin-ი კი ცდილობს მოკავშირეების ინიციატივის ჩახშობას - უპირისპირებს და თავს ახვევს მათ F-35-ის „შემოწმებულ ვარიანტს“, რომელიც 2020-2030 წლებში მოდერნიზაციის შემდეგ თითქოსდა მეექვსე თაობაში აღმოჩნდება.
ამერიკელების სწრაფვა, აქტიურად მიყიდონ F-35 Lightning II ევროპელ და სხვა მოკავშირეებს (საშუალოდ, 100 მლნ დოლარად თითო) ადვილად ასახსნელია. მრავალმიზნიანი გამანადგურებელ-ბომბდამშენის შექმნის პროგრამის ღირებულებამ დაახლოებით 1,3 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ინვესტიციამ მოგება უნდა მოიტანოს. კორპორაცია Lockheed-მა F-35-ის ტიპის 500-ზე მეტი თვითმფრინავი გაყიდა მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში. ყოველწლიურად იწარმოება 100-ზე მეტი „ელვა“. F-35-ის სხვადასხვა მოდიფიკაცია სერიულად გამოდის 2011 წლიდან, მაგრამ ექსპლუატაციის დროს თვითმფრინავი მაინც იწვევს საავიაციო სპეციალისტების იმედგაცრუებას. მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში დაიმსხვრა შვიდი ამერიკული გამანადგურებელი, მათ შორის, „მეხუთე თაობის“ სამი თვითმფრინავი, აქედან ორი F-35A. დღეს „ელვას“ ხუთი კრიტიკული ნაკლი აქვს, რომელთა ტექნიკურად მოგვარება შეუძლებელია. მაგალითად, ინერტული აირის (OBIGGS) გენერაციის საბორტო სისტემის კონსტრუქციულმა თავისებურებებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰაერში გამანადგურებლის საწვავის ავზების აფეთქება - ატმოსფერული ელექტრობის განმუხტვის შედეგად. ფაქტები მეტყველებენ, რომ F-35 Lightning II - არის მეოთხე თაობის ქვებგერითი გამანადგურებელი, რომელსაც ფორსაჟის რეჟიმში აჩქარება შეუძლია არაუმეტეს ერთი წუთის განმავლობაში. მეტიც, „უხილავი“ F-35 შესანიშნავად ჩანს თანამედროვე რადარებზე, განსაკუთრებით კორპუსის გადახურების დროს, რომელიც 1 მახის სიჩქარის განვითარებისას იწყება. 1,6 მახის შემდეგ თვითმფრინავს შეიძლება უბრალოდ კუდი მოძვრეს. პენტაგონი იძულებული გახდა, საექსპლუატაციო მაჩვენებლები შეეცვალა. ახლა F-35 ითვლება ქვებგერით თვითმფრინავად, რომელსაც სიჩქარის განვითარება ხანმოკლე დროით შეუძლია.
F-35 Lightning II-ის რეპუტაცია საფუძვლიანად შეილახა და სწორედ ის დროა, გამოცხადდეს მოდერნიზაცია თვითმფრინავის „ტელეპორტაციით“ მეექვსე თაობაში. გამანადგურებელი უნდა აღიჭურვოს შეიარაღების გარე სისტემებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ქსელური შესაძლებლობებით. რასაკვირველია, თავიანთი გლობალური საინფორმაციო ქსელები მოკავშირეებს არ გააჩნიათ, პენტაგონის ქსელთან მიერთება კი F-35-ის ფასსა და ეფექტურობაზე იმოქმედებს. ამერიკელების ბიზნესგეგმა უნაკლო ჩანს და მაინც ვერ ერგება მკაცრ რეალობას. „ელვის“ ევოლუციური გარდაქმნა მეოთხე (დე ფაქტო) თაობიდან მეექვსე თაობის თვითმფრინავად ნაკლებ რეალურია.
Lockheed Martin-ის დაპირებები
სპეციალისტების აზრით, უკვე დღეს სამხედრო-საჰაერო ძალების სამეთაურო და მართვის დეცენტრალიზებული სისტემა იყენებს F-35 თვითმფრინავების გამომთვლელ სიმძლავრეს, სენსორების მონაცემებსა და კავშირის საშუალებებს ყველა მიმართულებით მსხვილმასშტაბიანი შეტევების ორგანიზებისთვის. საჭიროა დაზუსტდეს: სად და როდის შედგა ეს შეტევები, როგორია შედეგი? მაგრამ პრეზენტაციები რეალობას აცდენილია.
Lockheed-ის ვიცეპრეზიდენტმა გრეგ ულმერმა განაცხადა, რომ განახლებული Tech Refresh 3-ის პაკეტში გაჩნდება ახალი ინტეგრირებული პროცესორი გაზრდილი გამომთვლელი სიმძლავრით, კაბინის პანორამული ეკრანით და გაფართოებული მეხსიერების ბლოკით. ამ სერიის თვითმფრინავები 2023 წლისთვის უნდა დამზადდეს. ამ დროისთვისვე უნდა შეიქმნას ღია არქიტექტურის პლატფორმა, რომელიც ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ოპერატიულად გააფართოებს თვითმფრინავის შესაძლებლობებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაერთიანებულმა პროგრამულმა ოფისმა F-35 (JPO) განსაზღვრა აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის პირველი 66 განახლება, რომელთაგან 8 შარშან უნდა ყოფილიყო რეალიზებული. დღეისათვის მზადაა მხოლოდ ზედაპირთან შეჯახების თავიდან აცილების ავტომატური სისტემა. შესრულების ასეთი ტემპი სახარბიელო არ არის. თუმცა შესამჩნევ ტექნოლოგიურ ნახტომს Lockheed Martin-ი არც არავის ჰპირდება, პერსპექტივაში მხოლოდ „ევოლუციური პროცესია“.
მომავლის გამანადგურებელს ექნება გარეთა საწვავის ავზები, რომელთაც ფრენის რადიუსის 40%-ით გაფართოება შეუძლიათ. 2030 წლისთვის F-35 გამანადგურებლებმა უნდა შეძლონ AIM-260 ან Raytheon AIM-120 ტიპის საშუალო სიშორის ექვსი სრულყოფილი რაკეტის ზიდვა და საზღვაო მიზნების განადგურება შორი მანძილის რაკეტებით. თუმცა ათი წლის შემდეგ ეს არავის გააკვირვებს. აშშ-ის პოტენციური მოწინააღმდეგეების ყველა ხომალდი ჰაერსაწინააღმდეგო და ჰიპერბგერითი მძლავრი იარაღით იქნება აღჭურვილი.
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ სურთ F-35-ის ინტეგრირება იაფფასიან დრონებთან, რომლებიც ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი. განახლებათა პაკეტში ქსელის მართვის ტექნოლოგია ჯერ დაგეგმილი არ არის, მაგრამ იმავე ულმერის სიტყვებით, ამის მიღწევა შესაძლებელია.
„ელვის“ განვითარების კიდევ ერთი პოტენციური მიმართულება - რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაა. ყველა შესაძლო მოდიფიკაცია, Lockheed Martin-ის აზრით, F-35-ს მიიყვანს იმ მდგომარეობამდე, „რომელიც შლის ზღვარს მეხუთე თაობისა... და მეექვსე თაობის გამანადგურებლებს შორის“.
ალბათ მოკავშირეებიცა და სავარაუდო მოწინააღმდეგეებიც არ იდგებიან ერთ ადგილზე და 10 წლის შემდეგ პენტაგონთან დაახლოებული გამოცემა Defense News რეგულარულად გააგრძელებს დაუსრულებელი F-35 გამანადგურებლების „ლინჩის წესით გასამართლებას“. როგორც არ უნდა იყოს, მასშტაბური მოდერნიზაცია - ფაქტობრივად გადაწყვეტილი საკითხია. აშშ-ის კოგრესში წარდგენილია „ელვის“ განახლებათა სია და პროექტის ლობისტები ამით არ შემოიფარგლებიან.
ათწლეულის პერსპექტივები
„მეხუთე თაობის“ F-35 Lightning II-ის ძვირადღირებული წარუმატებლობების მთელი სერიის შემდეგ კონგრესმა განაცხადა, რომ მეექვსე თაობის გამანადგურებლის შექმნის პროგრამის დაფინანსებას 2021 ფინანსურ წელიწადში 85%-ით შეამცირებდა. ამ პირობებში „ათწლოვანი მოდერნიზაცია“ - კორპორაციის წარმატებული სვლაა.
F-35-ის მოდერნიზაციის ოპტიმისტური სცენარი გულისხმობს თავდაცვის გლობალური ხარჯის ზრდას - F-35-ის 4000 თვითმფრინავამდე. ნეიტრალური ითვალისწინებს, რომ თავდაცვის ხარჯი 2040 წლამდე ძველებურ დონეზე დარჩება, რაც დაამუხრუჭებს მოდერნიზაციის პროგრამას, მაგრამ არ იმოქმედებს გაყიდვებზე. ნეგატიური სცენარი უკავშირდება სამხედრო ხარჯის გრძელვადიან შემცირებას, მოდერნიზაციის დამუხრუჭებას და 2020-2030 წლებში გაყიდვების შემცირებას. ეს სქემები საკმაოდ პირობითია და არ ითვალისწინებს მრავალ გარეშე ფაქტორს, მათ შორის, პლანეტაზე მეზობლების ტექნოლოგიურ განვითარებასა და გადაიარაღებას. როგორც F-35-ის პროგრამის რეალიზაციის გამოცდილება ცხადყოფს, მსხვილი ინვესტიციები ყოველთვის არ ნიშნავს ტექნოლოგიურ სრულყოფას. ყველა ქვეყნის საავიაციო დარგის სპეციალისტები ინტერესით დააკვირდებიან, გამოუვათ თუ არა ამერიკელებს „ელვის“ მეექვსე თაობის გამანადგურებლად გარდაქმნა.
მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ მეექვსე თაობის კონცეფცია ითვალისწინებს „სეტეცენტრიულ“ თვითმფრინავს სისტემის ფარგლებში, რომელიც აშშ-ში ჯერ არ არის ფორმირებული (ის არც ევროპელ მოკავშირეებს აქვთ). სრულყოფილებისგან შორსაა F-35-ის (დე-ფაქტო მეოთხე თაობის) შესაბამისი მოდიფიკაციების პროგრამული უზრუნველყოფაც. ღია არქიტექტურა და ჰიპერბგერითი იარაღი - პროექტშია. ძრავი მოისუსტებს. უხილავობა - მითოლოგიის სფეროდანაა. F-22 და F-35 გამანადგურებლების საბრძოლო ეფექტურობა მაღალტექნოლოგიურ მოწინააღმდეგესთან შეტაკებისას შემოწმებული არ არის. ბრმა „მოდერნიზაციის“ შემდგომი გზა მცურავი კოორდინატების სისტემაში წარმატების გარანტიას არ იძლევა.
შესაძლოა ტექნოლოგიური წარმატება არც არის ამერიკული „ელვის“ მიზანი, 500 თვითმფრინავი ხომ უკვე გაყიდულია ცხრა ქვეყანაში, მიუხედავად სიძვირისა და აშკარა ხარვეზებისა. თუ „დაუსრულებელი“ გამანადგურებლების გაყიდვის უნარს მოგება მოაქვს, მაღალი ტექნოლოგიები - მთავარი არ არის, მახასიათებლების შელამაზება და უსასრულო მოდერნიზაცია კი - მხოლოდ „ვარსკვლავური ომებისა“ და „მანქანების ამბოხის“ სტილში წარმოუდგენელი პროდუქციის მარკეტინგსა და რეკლამას ემსახურება. Lockheed Martin-ი პირობას დებს, რომ 2024 წლისთვის ყოველწლიურად F-35 Lightning II 180 გამანადგურებელს გამოუშვებს.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს!