თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციის რადიკალური ფრთა განაგრძობს ბოიკოტს და არ მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო შესწორებების მესამე მოსმენით კენჭისყრაში, რომელიც დღეს გაიმართება.
ბოიკოტის მიზეზად ოპოზიცია კვლავ ასახელებს 8 მარტის შეთანხმების პირობების შეუსრულებლობას უმრავლესობის მიერ, რომელმაც, ოპოზიციონერების აზრით, მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა შეთანხმება, რადგან მათ მიერ პოლიტპატიმრად გამოცხადებული გიორგი რურუა კვლავ საპატიმროში რჩება.
საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციას ცვლის: რა მოხდება ისტორიულ კენჭისყრაზე>>
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან უნდა შესრულდეს შეთანხმება, როგორც ამას საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ.
„ჩვენ ხვალ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ამბობს ერთსა და იმავეს – შეთანხმება უნდა შესრულდეს სრულად. სრულად შესრულება კი ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პატიმარი არ უნდა ჰყავდეს ქვეყანას, უნდა გათავისუფლდეს ბოლო პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, საქართველოში კი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა. ხელისუფლება თუ შეიგნებს იმას, რომ საერთო კონსენსუსით მიღებული საარჩევნო ცვლილებები უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და ის მეტ ნდობას აღძრავს წინასაარჩევნოდ, კარგი იქნება. თუ ვერ შეიგნებს, მას მაინც მოუწევს გიორგი რურუას გათავისუფლება, ვინაიდან ეს არის როგორც ყველა პოლიტიკური პარტიის, ისე ყველა ჩვენი საერთაშორისო მეგობრის მოთხოვნა", – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ანალოგიური მოსაზრება აქვს საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს" წევრს სერგო რატიანს.
„რაც შეეხება შეთანხმების პირველ ნაწილს, ის შესრულებული არ არის და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას". საქართველოში არ უნდა გვყავდეს პოლიტპატიმრები და, შესაბამისად, გიორგი რურუა უნდა გამოუშვან", – განაცხადა რატიანმა.
რურუას საქმე - საჯილდაო ქვა ქართულ პოლიტიკაში>>
იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო შესწორებები დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება, ამაზე პასუხისმგებლობა, დეპუტატის აზრით, „ქართულ ოცნებას" დაეკისრება.
„იმ შემთხვევაში, თუ ნოემბრის სცენარის გამეორებას აპირებენ და რაღაც დაემუქრება შეთანხმების მეორე ნაწილს, რომელსაც ეწოდება საკონსტიტუციო ცვლილებები, ამაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება „ქართულ ოცნებას" და ამის შედეგებს ის ნახავს როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ, რომ თუ არ იქნება შეთანხმება შესრულებული, ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შესვლას (პარლამენტში) არ ვაპირებთ", – განაცხადა რატიანმა.
საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში მეორე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას ითვალისწინებს. შესწორებების მიღებისთვის აუცილებელია 113 დეპუტატის ხმა, რომელიც უმრავლესობას არა აქვს. ამიტომ მათთვის საჭიროა ოპოზიციის ნაწილის და დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერა.
საკონსტიტუციო შესწორებების მიხედვით, პარლამენტში 150 ადგილი ამგვარად გადანაწილდება: 120 ადგილი განაწილდება პარტიებს შორის, ხოლო 30 ადგილს მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულები მიიღებენ. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერია 1%. საარჩევნოდ შექმნილმა ბლოკმა კი პარლამენტში მოსახვედრად მინიმუმ იმდენი პროცენტი უნდა მიიღოს, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. ამას გარდა, ხმების დათვლის დროს იმოქმედებს ე.წ. 40%-იანი შეზღუდვა – ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი პარტია ან ბლოკი იმაზე მხოლოდ ერთი მეოთხედით მეტი მანდატის მიღებას შეძლებს, ვიდრე მათ პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით ერგებათ.