თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით 115 ხმით მიიღო შესწორებები კონსტიტუციაში, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს.
შესწორებების წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა.
გვაქვს შანსი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდეს:ბურჯანაძე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ>>
შესწორებების განხილვას მეორე მოსმენით, პირველისგან განსხვავებით, დეპუტატები ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოდან“ არ დაესწრნენ. სხდომას, პირველი მოსმენის მსგავსად, ბოიკოტი გამოუცხადეს დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
დამტკიცებული ცვლილებებით, პარლამენტში 150-დან 120 ადგილი პროპორციულად განაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებმაც ამომრჩევლის 1%-ზე მეტი ხმა მიიღეს, ან ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ ხმების სულ მცირე იმდენ პროცენტს, რამდენი სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 ერთმანდატიან ოლქში არჩევნების გამარჯვებულები მიიღებენ.
პირველი მოსმენით შესწორებები კონსტიტუციაში 2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარების შესახებ საქართველოს პარლამენტმა კვირას, 21 ივნისს დაამტკიცა. შესწორებებს ხმა მისცა 136-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი წავიდა ხუთი.
შესწორებების მისაღებად საჭიროა არანაკლებ 113 დეპუტატის ხმა.
ცვლილებების საბოლოო, მესამე მოსმენით განხილვა 29 ივნისს გაიმართება.