თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის საქმეზე სასამართლო პროცესი, რომელიც უკვე ერთი თვეა გრძელდება, ორშაბათს ბრალდებულის განცხადებით დაიწყო.
„მივესალმები გუშინდელ მოვლენებს პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესრულდება. ეს ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მახარებს, რომ გადადგმულია ნაბიჯი წინ“, - ასეთი პოლიტიკური განცხადება გააკეთა გიორგი რურუამ, ადამიანმა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მთავარ - არჩევნების საკითხში საჯილდაო ქვად და განხეთქილების ვაშლად იქცა.
მრავალთვიანი მიტინგების, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით, 8 მარტს მხარეები შეთანხმდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებაზე. თუმცა ოპოზიციას აინტერესებს არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებები და დამდეგი არჩევნები, არამედ გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელსაც ოპოზიცია ერთხმად მოიხსენიებს პოლიტიკურ პატიმრად.
კვირას საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. 150 ადგილიდან 120 გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც 1%-იან ბარიერს გადალახავენ. დანარჩენი 30 დეპუტატი კი - მაჟორიტარული წესით ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა. შესწორებებს მხარი დაუჭირა 136-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო ხუთი.
8 მარტის შეთანხმება პრაქტიკულად შესრულებულია, რომ არა ერთი „მაგრამ“... ოპოზიცია მათ მიერ დასახელებული სამი „პოლიტიკური პატიმრიდან“ ბოლო - გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს.
გიორგი რურუას ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებაში. თავად ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იარაღი ჩაუდეს.
თავის უდანაშაულობაზე რურუამ დღესაც ისაუბრა. მისი მტკიცებით, ჯიბეში მხოლოდ საფულე და გასაღები ედო, არავითარი იარაღი არ ჰქონია.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვამ ოთხი მოწმე წარადგინა. ყველა მათგანი პოლიციელია, რომლებიც რურუას დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ.
ბრალდებულმა მოწმეებს რამდენიმე კითხვა დაუსვა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო - საიდან მიიღეს პოლიციელებმა ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ და უწევთ თუ არა მათ იარაღის ჩადება და სამხილების გაყალბება.
როგორც რურუამ აღნიშნა, მისი დაკავების დღეს პოლიციელებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე, მისი მანქანის შორიახლოს მოითათბირეს, როგორ ემოქმედათ და მან ეს ყველაფერი დაინახა.
დღევანდელი სხდომის შემდეგ, მიუხედავად დაცვის შუამდგომლობისა, რურუას აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა. პროკურორი მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა შეიძლება ახალი დანაშაული ჩაიდინოს ან მართლმსაჯულებას დაემალოს, ამიტომ საპატიმროში უნდა დარჩეს.
ბრალდებულის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი კი დანებებას არ გეგმავს და თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის თავდებით გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობას ამზადებს.
ამასთან, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ ევროპარლამენტარები, აშშ-ის სენატორები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მაგრამ არც ხელისუფლება აპირებს პოზიციების დათმობას და აცხადებს, რომ „სასამართლომ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ზეწოლისა და ჩარევის გარეშე“.
დღევანდელი სასამართლო სხდომის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ისაუბრა. მისი თქმით, რურუას თუ არ გაათავისუფლებენ, მმართველი პარტია მეორე და მესამე მოსმენით საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერას ვერ მიიღებს და ოპოზიციის ხმების გარეშე დარჩება.