გახარია: საქართველომ კრიზისი უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურიზმის მსოფლიო ბაზარზე საქართველო უნდა პოზიციონირებდეს როგორც ვირუსის თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყანა, მიიჩნევს პრემიერი

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველომ უნდა გამოიყენოს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი როგორც ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გახარიამ აჭარაში გამართა შეხვედრა სასტუმრო და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც კიდევ ერთხელ განიხილა მთავრობის უახლოესი გეგმები ტურიზმის გახსნის კუთხით და გამოთქვა ხელისუფლების მზადყოფნა დაეხმაროს სექტორს მუშაობის აღდგენაში ახალი რეალიების გათვალისწინებით.

ტურიზმის პერსპექტივები საქართველოში: ხელისუფლების გლობალური გეგმები >>

კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად ქვეყნის ხელისუფლებამ შიდა ტურიზმის 15 ივნისიდან, უცხოელი ტურისტებისთვის კი საზღვრის 1 ივლისიდან გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. 

„კრიზისი იმდენად ტექტონიკურ ცვლილებებს გამოიწვევს გადაცემათა ჯაჭვებში, მოთხოვნა-მიწოდების სტრუქტურირებაში, ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობა. ჩვენ შეიძლება, ჩვენი ეკონომიკის ყველაზე ძლიერი მხარეები ახლა ისეთ კონკურენტულ უპირატესობად ვაქციოთ, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გარღვევა მოვახდინოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც ილუზიებში ან ოცნებებში ვმოგზაურობთ, არა, დღეს საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა, რათა ეს კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში ეკონომიკაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტურიზმი უკიდურესად მნიშვნელოვანია

გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სხვა დარგებს საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია.

თბილისის ცენტრი - ხედი სიონის გუმბათზე (მარჯვნივ) და ჯვარისმამის ტაძარზე (მარცხნივ) - Sputnik საქართველო
სექტემბერში საქართველო ტურიზმის მინისტერიალს უმასპინძლებს

2019 წელს პირველად საქართველოს ისტორიაში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 9,3 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებულმა შემოსავალმა საქართველოში შეადგინა 3,3 მილიარდი დოლარი, რაც 2018 წელთან შედარებით 1,4%-ით მეტია.

„საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე ანგარიშით ძირითადად ვითარდებოდა ტურიზმის, უცხოური ინვესტიციების ბაზაზე. სამწუხაროდ დღეს ყველა მიმართულებით გარკვეული პრობლემა გვაქვს. ამიტომ ტურიზმი არის ის მიმართულება, რომელიც ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ და აქ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველები“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად სულ მალე შეიმუშავებენ კონკრეტულ წესებს, თუ როგორ უნდა გაიხსნას ტურიზმი და ზოგადად მოგზაურობები.

„არსებობს რამდენიმე კრიტიკული წერტილი. რა თქმა უნდა, ეს არის საზღვარი და კონტროლი საზღვარზე, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო. შემდგომ უკვე, რა თქმა უნდა, ტრანსპორტი და შემდეგ სასტუმრო. ყველა ის ეტაპია აუცილებელი, მინიმალური, სადაც „კოვიდის“ საწინააღმდეგო ზომები და წესები უსაფრთხოების ნაწილში უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა პრემიერმა.

„მწვანე ზონები“ უცხოელებისთვის

საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გახარიას თქმით, საუბარია მცირე, მობილურ ზონებზე.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
1 ივლისიდან საქართველო საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს

„ეს შეიძლება იყოს საირმე, წყალტუბო ან გუდაური. ბაკურიანიც კი დიდია ამისთვის, აჭარას რომ თავი დავანებოთ. აჭარის გამოცხადება ასეთი ფორმით საკმაოდ რთული იქნება, თუმცა გარკვეული ნაწილები შესაძლებელია. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმ სასტუმროებს, სადაც ამის ინფრასტრუქტურა არსებობს. შეიძლება ვიფიქროთ ბათუმზე, როგორც ცალკე აღებულზე და გარკვეული წესები დავაწესოთ, რომ კოვიდისგან თავისუფალ ზონებად გამოვაცხადოთ ცალკეული ლოკაციები“, - აღნიშნა პრეიერმა.

მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებმა ისწავლონ ვირუსთან ადაპტაცია, რათა ქვეყნის ეკონომიკა არ გაჩერდეს და ქვეყანას განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს.

„რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი, შევეგუოთ სოციალურ დისტანცირებას, პირბადეს, შევეგუოთ დისტანციურ შრომას, მაგრამ მოგვიწევს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რა პირობებშიც ჩვენ შეგვიძლია, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაიწყებს ტურიზმის ეტაპობრივ და ძალიან ფრთხილ გახსნას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დანიშნულების ადგილი - უსაფრთხო

ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების კუთხით, რომელიც პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლების 70% დაკარგა, ხელისუფლებამ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების გადაწყვეტილება მიიღო.

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
საბერძნეთი საქართველოსთან უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისთვის მზადაა

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, მდგომარეობს იმაში, რომ ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ტურიზმისა და ეკონომიკის სხვა დარგების, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, მშენებლობის, მაგრამ პირველ რიგში, ტურიზმის ეფექტიანი გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა, რომ საქართველო, როგორც ტურისტული ბრენდი პოზიციონირებდეს უკვე საერთაშორისო ბაზარზე, არა მხოლოდ როგორც ზღვის, ღვინის, მთის ისტორიული კულტურის, სამზარეულოს ქვეყანა ტურისტებისთვის, არამედ როგორც ვირუსის თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყანა“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ამის მისაღწევად ეკონომიკის გახსნის დროს უკიდურესი სიფრთხილეა საჭირო.

საქართველო უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნებთან ე.წ. „უსაფრთხოების დერეფნებით“ ტურისტების მიღების კუთხით. 

ყველა ახალი ამბავი
0