თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველო სექტემბერში ტურიზმის ინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ეგიდით, მინისტერიალს უმასპინძლებს, აღნიშნულია მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის ვიდეოკონფერენციისას გახდა ცნობილი და მასზე რამდენიმე ათეული ქვეყნის ტურიზმის მინისტრები შეიკრიბებიან.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში, საქართველოს აქვს ძალიან კარგი პოზიცია და ადგილმდებარეობითა და ბოლო წლებში შექმნილი ტურისტული ინფრასტრუქტურით, შეუძლია, იყოს საკმაოდ კონკურენტუნარიანი ტურისტული მიმართულება, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია კი მაქსიმალურად შეუწყობს მას ხელს იმ მიზნობრივ ბაზრებთან კოორდინაციის პროცესში, რომლებიც საქართველოსთვის საინტერესოა.
ვიდეოკონფერენციისას ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას როგორც ახალ კორონავირუსთან ბრძოლის, ისე საკარანტინო სივრცეებში მოქალაქეების მომსახურების კუთხით. აღინიშნა, რომ ეს არის ის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც საქართველო აუცილებლად გამოიყენებს.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ასევე პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება „ტურისტულ მწვანე ზონებად" სხვადასხვა კურორტის გამოყოფის შესახებ. ყურადღება გამახვილდა უსაფრთხო დერეფნების კონცეფციაზეც, რაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ისე საქართველოსთვის ტურისტულად საინტერესო სხვა სახელმწიფოებთან. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ამ პროცესში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ტურიზმის სფერო, გარდა იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, არის ის კონკურენტული უპირატესობაც, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს პანდემიის შემდგომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
ვიდეოკონფერენციაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი მონაწილეობდნენ.