ბავშვები თვითიზოლაციის პერიოდში, ანუ რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება

CC BY 2.0 / Anna Pruzhevskaya / Familyშვილები და მშობლები
შვილები და მშობლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ ვიზრუნოთ და დავიცვათ ბავშვები, როდესაც იზოლაციაში ხართ - ამ თემაზე რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარი, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ტრენერი ნანა ფაცაცია საუბრობს.

ბავშვები ადეკვატურად აღიქვამენ და გრძნობენ უფროსების ემოციურ მდგომარეობას, რომელიც მარტივად აისახება მათ განწყობებზე და ქცევაზე. იზოლაციის პირობებში ეს განცდები მეტად თვალსაჩინო ხდება. მოგეხსენებათ, თუ მშობელი ზედმეტი ემოციურობით აღიქვამს მოვლენებს, უჭირს საკუთარი ქცევისა და ემოციის კონტროლი, მუდმივად შფოთავს, უსმენს გაუთავებლად საინფორმაციო საშუალებებს და უჭირს ადაპტაცია რეალობასთან, შესაბამისად, ემოციური ფონი ბავშებზეც უარყოფითად აისახება. მნიშვნელოვანია უფროსების მხრიდან ადეკვატური რეაგირება მიმდინარე მოვლენებზე, რათა დავიცვათ ბავშვები უარყოფითი ინფორმაციისა და ემოციებისგან.

Მეფე-პატარძალი ველოსიპედებით - Sputnik საქართველო
როცა გიყვარს, შენ შენ არ ხარ, ანუ ქორწილი თბილისურ კარანტინში

როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვის რთულია იზოლაციის პირობებში ცხოვრება, როცა ხდება ცხოვრების ჩვეული რიტმის ცვლილება და უჩვეულო გარემოსთან ადაპტაცია აუცილებელია. თუმცა ბავშვები შედარებით მარტივად ადაპტირდებიან ახალ მოცემულობასთან და აქვთ უნარი მარტივად დაძლიონ სტრესული გარემოება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მშობლები და ახლობლები იქნებიან მათთვის მხარდამჭერი და დამხმარენი.

იზოლაციის დროს, როცა ბავშვების ფიზიკური აქტივობა მეტ-ნაკლებად შეზღუდულია, შესაძლოა თავი იჩინოს უჩვეულო აქტიურობამ, ადვილად გაღიზიანებადობამ, შფოთვამ, ძილის დარღვევამ, დაავადების იმიტირებამ, გუნება-განწყობის ცვალებადობამ და ა.შ. იზოლაციის დროს ბავშვებისა და მოზარდების მხრიდან შესაძლოა მოიმატოს სმარტფონებისა და გაჯეტების გამოყენების სიხშირემ, რაც ასევე განპირობებულია მეტი თვისუფალი დროის გაჩენით.

კახა კალაძე ელექტროსკუტერით - Sputnik საქართველო
„ეკომეგობარი“ თბილისში, ანუ ყველაფერი ელექტროსკუტერით მგზავრობის შესახებ

მნიშვნელოვანია მშობელმა ყურადღება მიაქციოს, თუ რა სახის ინფორმაციას იღებს და რა სახის თამაშებს უყურებს და თამაშობს მოზარდი. აუცილებელია ბავშვებს მიეცეთ ემოციებისგან გათავისუფლების და განტვირთვის საშუალება, მშობლების მხრიდან მხარდაჭერით და ერთობლივი დაგეგმვით სხვადასხვა სახის ფიზიკური თუ საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება სახლის პირობებში, როგორიცაა: ფიზიკური ვარჯიში, შემეცნებით-გამააქტიურებელი სავარჯიშოები, ხატვა, ცეკვა და ა.შ. თუ ეზო გაქვთ, მით უფრო მრავალფეროვანი შეიძლება გახდეს აქტივობები, როგორიც არის ეზოში მუშაობა, მცენარეების  მოვლა და ა.შ., რასაც მნიშვნელოვანი თერაპიული ეფექტი აქვს.

თბილისის ცარიელი ქუჩები - Sputnik საქართველო
კორონავირუსი და გამოწვევები, ანუ როგორ ერთობა სახლში დარჩენილი მსოფლიო

თუ ბავშვი სვამს კითხვებს მიმდინარე მოვლენებზე, აუცილებელია მისი ასაკის გათვალისწინებით ბავშვებს მიეწოდოს სწორი და რეალური ინფორმაცია უფროსების მხრიდან, ისე, რომ ეს არ იყოს მათთვის დამთრგუნველი და ტრავმის გამომწვევი. ბავშვები ძალიან კარგად აღიქვამენ მათ ირგვლივ მოვლენებს, უფროსების რეაქციებს, მშობლების ემოციურ მდგომარეობას, ესმით სხვადასხვა სახის ინფორმაცია ტელევიზიის თუ ინტერნეტის საშუალებით. შესაბამისად, რეალობის დამალვა და ტყუილის თქმა ბავშვებისთვის არ იქნება სწორი. განსაკუთრებით, როცა ბავშვი სვამს შეკითხვებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აინტერესებს, თუ რა ხდება მის ირგვლივ, რატომ შეიცვალა მისი ყოფითი ჩვეული ცხოვრების სტილი. შესაბამისად, უფროსების პასუხი მათ კითხვებზე უნდა იყოს სწორი და ადეკვატური, ოპტიმისტური შინაარსის მესიჯებით გაჯერებული.

ოჯახი - Sputnik საქართველო
სახლში დარჩენილი შიშები, ურთიერთობები ოჯახში და კორონავირუსი - ფსიქოლოგი გვირჩევს

გარდატეხის ასაკის თავისებურებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია თვითიზოლაციის დროს  გამწვავდეს ემოციური ფონი გარდატეხის ასაკის მოზარდებში. მნიშვნელოვანია ხელშეწყობა უფროსების მხრიდან, საუბარი და მოსმენა, მათი ემოციების გაგება, ინფორმაციის მიწოდება, თანადგომის გამოხატვა.

თვითიზოლაციის დროს გარკვეულ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ოჯახები, სადაც ძალადობას ჰქონდა ადგილი, განსაკუთრებით, ბავშვები, რომლებიც იყვნენ ძალადობის მსხვერპლი. მეტად საყურადღებოა მათი მდგომარეობა იზოლაციის პირობებში, ვინაიდან შეზღუდული სივრცე, სტრესული ფონი,  ეკონომიკური პრობლემები შესაძლოა ასეთ დროს გახდეს ძალადობრივი ქცევის მაპროვოცირებელი. მნიშვნელოვანია სახელმწიფო და არასამთავრობო უწყებების მხრიდან მობილიზება და მონიტორინგი, რომლებიც მუშაობენ ძალადობის პრევენციაზე.

მოხალისეები მოხუცებს და სოციალურად დაუცველებს ეხმარებიან - Sputnik საქართველო
როგორია ცხოვრება ერთმეტრიანი დაშორებით, ანუ როგორ შევიცვალეთ შენ, მე, ჩვენ...

ბავშვების უარყოფითი ემოციებისგან დასაცავად აუცილებელია მშობლების მხრიდან ადეკვატური რეაგირება მიმდინარე მოვლენებზე, სწორი ინფორმაციის მიწოდება მოზარდებისთვის, ბავშვების ასაკის გათვალისწინებით სხვადასხვა სახის შიდა აქტივობების ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება. მნიშვნელოვანია უფროსებმა შეძლონ საკუთარი ემოციების გამოხატვა ისე, რომ არ იყოს ტრავმის მიმყენებელი ბავშებისთვის და ირგვლივ მყოფებისთვის. აუცილებელია მოზარდებს ჰქონდეთ უსაფრთხოების და დაცულობის განცდა, რაც გაუადვილებს მოზარდებს სტრესული პერიოდის ჯანსაღად გადალახვას.

ასე რომ... დარჩით სახლში და შექმენით ჰარმონია.

საკუთარი სტრესისა და ემოციების მართვა ახლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რაც არ უნდა სტრესულ ინფორმაციას გადავაწყდეთ, შევეცადოთ ბავშვებს არ გადავდოთ უარყოფითი ემოცია.

შეეცადეთ, სახლში ყოფნის ეს პერიოდი აქციოთ რესურსად: საუკეთესო მოგონებად დარჩეს თქვენი შვილებისთვის. შემდეგ გაიხსენებენ - რა წაიკითხეს ამ დროს, რა დაწერეს, რა დახატეს, რას თამაშობდნენ...

 

ყველა ახალი ამბავი
0