„თავს ეუბნები - უნდა გაუძლო შვილებისთვის“: ემიგრანტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

© photo: courtesy of Pikria Robakidzeფიქრია რობაქიძე
ფიქრია რობაქიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს კაცობრიობა უდიდესი გამოცდის წინაშე დადგა. კორონავირუსის სახით მოვლენილმა საფრთხემ პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა...

„იცით, რა ბედნიერები ხართ, ვინც თქვენს საკუთარ მიწაზე, საკუთარ სისხლთან და ხორცთან ხართ? ვერ აფასებთ იმას, რაც გაქვთ. დღეს ეს ასმაგად დავაფასე. როდესაც ყველა ანალიზის და გამოკვლევის პასუხს ვიგებდი, მუხლები მეკვეთებოდა, ცრემლებს ვყლაპავდი და ჩემს თავს ვუმეორებდი, ფიქრია ძლიერი ხარ, შენ ამას გაუძლებ. იცით, დიაგნოზზე რთული რა არის? ის, რომ მარტო ხარ. ვერავის დაეყრდნობი“, - ეს სიტყვები ქართველ ემიგრანტს ფიქრია რობაქიძეს ეკუთვნის, რომელსაც ესპანეთში ორი კვირი წინ კორონავირუსი დაუდგინდა.

ფიქრია ბარსელონაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია. ვერაგ ვირუსს 10 დღის განმავლობაში ებრძოდა. დღეს უკვე სახლშია და თავს სრულიად ჯანმრთელად გრძნობს. თუმცა მანამდე იყო ძალიან რთული პერიოდი. როგორც უკვე ყოფილი პაციენტი ამბობს, მან სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გაიარა. ეს იყო დღეები, რომელმაც სრულიად შეცვალა ახალგაზრდა ქალის ცხოვრება.

„ვირუსი დამეწყო დაბალი ტემპერატურით. სახლის პირობებში შევძელი გამკლავება. ორი კვირა ვიყავი ჩვეულებრივად, უბრალოდ მქონდა სისუსტე და დაღლილობა. შემდეგ დაემატა ორდღიანი თვალების ტკივილი, სიწითლე, წვა. ამის შემდეგ დამეწყო სპაზმური ხველა, ტკივილი მკერდის არეში და ყელის სიმშრალე. დავუკავშირდი ჩემს ექიმს მანონი თოდუას, მან მირჩია მივსულიყავი საავადმყოფოში. იმ დღეს გამიკეთდა ტესტი, რომელიც იყო დადებითი“.

თავზარდამცემი იყო დიაგნოზი. უცხო ქვეეყანაში, ოჯახისგან შორს მყოფ ემიგრანტს მარტოს უნდა ეგრძოლა. ფიქრია მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა. თუმცა ორ დღეში დამძიმდა მისი მდგომარეობა, გამოვლინდა ფილტვების ანთება და მოათავსეს ცენტრალურ საავადმყოფოში. დღითი დღე უარესდებოდა პაციენტის ჯანმრთელობა.

„მქონდა ძლიერი ტკივილები. რომ მეკითხებოდნენ, კონკრეტულად როგორი იყო ტკივილი, ვერ ვხსნიდი. ყველა ვირუსისგან და ტკივილისგან განსხვავებულია. განსაკუთრებით მკერდის არეში მქონდა გაუსაძლისი ტკივილი, მინდოდა გული ამომეგლიჯა. ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა გაუსაძლის ტკივილს იწვევდა. ითვლი ყველა წუთს, რომ ის დღე დამთავრდეს. ახალი დღის იმედად ხარ და ეს გაძლებინებს, თუმცა მეორე დღესაც იგივე მეორდება“.

© photo: courtesy of Pikria Robakidzeფიქრია რობაქიძე
„თავს ეუბნები - უნდა გაუძლო შვილებისთვის“: ემიგრანტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა - Sputnik საქართველო
ფიქრია რობაქიძე

ალბათ რთული წარმოსადგენია, როგორ წევხარ პალატაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვირუსით ინფიცირებული, დრო ძალიან ნელა გადის, ვერაფერს აკეთებ, მხოლოდ ვფიქრობ, გეშინია, არ იცი როგორ დამთავრდება ყველაფერი.

„აუტანელია იმაზე ფიქრი, რომ მეტს ვეღარ გაუძლებ. მერე საკუთარ თავს ეუბნები, რომ უნდა გაუძლო, შენი შვილებისთვის, შენი ოჯახისთვის, იმ ხალხისთვის, შენს გამო რომ გაერთიანდა და შენზე დარდობს. მაგრამ ამ ფიქრებისგან ისევ ამ გაუსაძლის ტკივილს გამოჰყავხარ და გაბრუნებს რეალობაში. ესპანელი ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ თითოული პაციენტისთვის. ყოველ სამ საათში მქონდა მათთან კონტაქტი. მაშინაც და ახლაც, როცა სახლში ვარ, ჩემს მდგომარეობას საავადმყოფოს სამი ექიმი აკონტროლებს“.

როგორც ფიქრიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, დაინფიცირების წყარო მისთვის უცნობია. მხოლოდ მაღაზიაში უწევდა ჩასვლა, ისიც ყველანაირი წესების დაცვით.

„თვითიზოლაციაში ვიყავი, მხოლოდ მაღაზიაში ჩავდიოდი, ისიც ყველა წესის დაცვით. აქ ძალიან რთულია გააკონტროლო ვისგან შეგხვდება ვირუსი. ალბათ ჯობდა ერთიანად მომემარაგებინა ყველაფერი და მაღაზიაში სისტემატურად არ მევლო. ამიტომ ათასჯენ გავიმეორებ და არ დავიღლები, დარჩით, ხალხო, სახლში“.

ათი დღის განმავლობაში ებრძოდა ფიქრია ვერაგ ვირუსს. ეს იყო მისი ცხოვრების ყველაზე რთული დღეები, ტკივილით, დარდით, ცრემლით სავსე...

© photo: courtesy of Pikria Robakidzeფიქრია რობაქიძე
„თავს ეუბნები - უნდა გაუძლო შვილებისთვის“: ემიგრანტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა - Sputnik საქართველო
ფიქრია რობაქიძე

„გაუსაძლისი იყო ეს ათი დღე. ბრძოლა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. იბრძვი შიშველი ხელებით. მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად ხარ, რომლებიც ლოცულობენ შენი სიცოცხლისთვის. საავადმყოფოდან საავადმყოფომდე, სასწრაფოს მანქანიდან საავადმყოფოს კარამდე. იბრძვი საკუთარი სიცოცხლისთვის და არა მხოლოდ. შენ იბრძვი კიდევ ბევრი ადამიანის კარგად ყოფნისთვის. მარტო გადიხარ ყველა გზას. ცრემლებს ყლაპავ და საკუთარ თავს ეკითხები, რატომ შენ, რატომ შენი შვილები, რატომ შენი ოჯახი? ბევრს ფიქრობ ბევრ ცრემლს ყლაპავ. მუხლები გიკანკალებს და გამოჯანმრთელების მოლოდინში გადის ყველა წუთი“.

ფიქრიას ოჯახი საქართველოში ცხოვრობს. ათასობით კილომეტრი აშორებდა დედას შვილისგან, რომელსაც საშინელი ტკივილები სტანჯავდა. 

დაკეტილი კაფეები და რესტორნები თბილისში - Sputnik საქართველო
იმნაძე: ცხოვრების ჩვეული წესის დასაბრუნებლად ალბათ ერთი წელი მაინც დაგვჭირდება

„ჩემი ოჯახი საქართველოში ცხოვრობს. საშინელ დღეში იყვნენ. დედა ისე განიცდიდა, სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. ტკივილზე აუტანელია დედის აცრემლებული თვალები, რომელიც არ გტოვებს. არ გაძლევს საშუალებას, რომ დანებდე“.

ამ მძიმე დღეებში ფიქრიას გვერდით ბარსელონაში მცხოვრები ქართველები იდგნენ, სულიერად ამხნევებდნენ და ანუგეშებდნენ მას.

„ჩემს უკან მთელი არმია იდგა ქართველების, ყველა ემიგრანტი ერთდროულად მანუგეშებდა. უამრავი ადამიანი მწერდა და მამხნევებდა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. მამა ლუკა ფალავანდიშვილი გვერდიდან არ მშორდებოდა, ასევე დიასპორის ხელმძღვანელი, ქალბატონი დიანა, აქ მოღვაწე ქართველი ექიმები, ქალბატონი მანონი და ქალბატონი ირმა. ძალიან დიდი მადლობა ყველას ასეთი სითბოსთვის, მათ გარეშე არ ვიცი როგორ გადავიტანდი ამ ვირუსს“.

ირაკლი კვირიკაძე - Sputnik საქართველო
„კოშმარში ვიყავი“ – როგორ დაამარცხა კორონავირუსი კინორეჟისორმა ირაკლი კვირიკაძემ

ათი დღის შემდეგ ფიქრიას განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა, რომლის პასუხიც უარყოფითი იყო.

„ამ მძიმე გზას გავდიოდი სიმპტომების გამომჟღავნებიდან 10 დღის განმავლობაში, ანუ კრიზისული პერიოდი 10 დღეს გაგრძელდა. მეათე დღეს გამიკეთდა სწრაფი ტესტი. პასუხის მოლოდინში მუხლები გიკანკალებს... ექიმის ბედნიერი სახე ცვლის იმ წინა ექიმის დამწუხრებულ სახეს, რომელმაც გამცნო, რომ დაინფიცირებული ხარ. პასუხი უარყოფითია... მისი ბედნიერებით აკანკალებული ხმა იცავს შენი პალატის კედლებს. მეორედ გიმეორებს, გილოცავ, შენ ეს შეძელი, შენ ძლიერი ხარ. მაგრამ რჩები სახლში. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე იყო. იმ დღეს კიდევ ერთხელ დავიბადე. მე ეს შევძელი. მე დავბრუნდი გამოჯანმრთელებული, თუმცა მაინც ვრჩები სახლში. დარჩით თქვენც და ნუ გაივლით ჩემ გზას. მიყვარხართ. ბედნიერი ვარ, თქვენთან ერთად მე ეს შევძელი. შეუძლებელი არაფერია, მთავარია საკუთარ თავში იპოვო ძალა. გაფრთხილდით, ეს არ არის უბრალოდ გრიპი, ეს ბევრად უფრო საშინელი „მონსტრია“...

"Sputnik-საქართველო" ჯანმრთელობას უსურვებს ფიქრიას!

ყველა ახალი ამბავი
0