თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები საქართველოს Covid-19-ით გამოწვეული ეკონომიკური ზეგავლენის მინიმიზაციის მიზნით დამატებით ფინანსურ რესურსს გამოუყოფენ, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 13 აპრილისთვის >>
„გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის ფარგლებში, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ტექნიკური მისია მიმდინარეობდა და, სწორედ, მისიის შედეგებზე დაყრდნობით საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დამატებით ფინანსურ რესურსს გამოუყოფს.
IMF-ის მიერ საქართველოსთვის საგარეო დაფინანსების საჭიროებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა ვიდეოკონფერენციაზე ისაუბრეს.
როგორც მერსედეს ვერა მარტინმა აღნიშნა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის ტემპი კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობაზეა დამოკიდებული და კრიზისთან გამკლავების მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული კოორდინირებული ნაბიჯები წარმატებულია. აგრეთვე, ითქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლაში კიდევ უფრო მდგრადს ხდის.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მხრიდან ეფექტურად შეფასდა ქვეყნის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერად.
ხაზი გაესვა როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებისა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან სწრაფი ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას, რათა მთავრობამ შემდგომშიც შეძლოს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების განხორციელება.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ პანდემიასთან ბრძოლის მხარდასაჭერად შემუშავებული ეკონომიკური სტიმულირების პაკეტები საქართველოსთვის, როგორც განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, უმნიშვნელოვანესია Covid-19-თან ეფექტური ბრძოლის გაგრძელებისა და ეკონომიკაზე პანდემიის ნეგატიური გავლენის შემცირების მიზნით.
როგორც გიორგი გახარიამ მერსედეს ვერა მარტინთან საუბრისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის მასშტაბების პროგნოზირება დღეს შეუძლებელია, საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს პოსტკრიზისულ გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც, უმნიშვნელოვანესია ორი უმთავრესი პრიორიტეტი - მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკური განვითარება. ამ უკანასკნელში კი საქართველოს მისი საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის იმედი აქვს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა დაადასტურა IMF-ის მზაობა საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესახებ. თავის მხრივ, მთავრობის მეთაურმა IMF-ს აქტიური თანამშრომლობისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ვიდეოკონფერენციაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკური საკითხებში ბექა ლილუაშვილი მონაწილეობდა.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. თუმცა გამორიცხული არ არის, მისი მოქმედება კიდევ უფრო დიდი დროით გახანგრძლივდეს.
დაწესებული შეზღუდვების გამო გარკვეულმა სფეროებმა უკვე შეაჩერეს საქმიანობა, ნაწილი კი ახალ რეალობაზე გადაწყობას ცდილობს. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების პროგნოზი უკვე 14 მილიარდი ლარიდან 11 მილიარდამდე შემცირდა. ასეთი პროგნოზებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ გადახედა ბიუჯეტის ხარჯს და შეამცირა ან გააუქმა ზოგიერთი პროექტის დაფინანსება.
ზესტაფონში თანამედროვე საწარმო „ჯორჯიან მეტალი“ შენდება >>
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, წელს ეკონომიკური ზრდა 4,5% დონეზე იგეგმებოდა. ამასთან, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დაწყებამდე ეკონომიკურმა ზრდამ 2020 წლის იანვარ-თებერვალში 3,7% შეადგინა. რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ ივარაუდა, რომ საქართველოში 2020 წელს მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) ზრდა 0% იქნება წლიური 4,5%-იანი ინფლაციის პირობებში.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე ეკონომიკა რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ხელისუფლებამ რიგი ზომები მყისიერად მიიღო, მათ შორის, გადასახადების ჩამოწერა და იმპორტის ჩანაცვლების სისტემის განვითარება, თუმცა, როგორც მოგვიანებით პრემიერმა გახარიამ განაცხადა, ეს ზომები არასაკმარისი აღმოჩნდა და უკვე გასაგებია, რომ ზოგიერთი სფერო მალე არ აღდგება.