Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რას წერენ ქართული გაზეთები: როდის დასრულდება კომენდანტის საათი?

გამოწერა
როდის დასრულდება კომენდანტის საათი, გამკაცრდება თუ არა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის პირობები, როგორ დასრულდება სასწავლო წელი ქვეყანაში და გადაიდება თუ არა შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები - ეს ყველაფერი ქართული პრესის მთავარი განსახილველი თემებია

ჯერ არ არის ცნობილი, რამდენხანს გაგრძელდება საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ექსპერტების ვარაუდით, ხელისუფლება, რთული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, შეეცდება ოქროს შუალედის პოვნას, წერს გაზეთი „რეზონანსი“.

კომენდანტის საათი საქართველოში მაისამდე არ დასრულდება, ფიქრობს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე.

„არა მგონია, რომ დღეს საჭიროა კომენდანტის საათის გაუქმება... როგორც სპეციალისტები ამბობენ, მაისის დასაწყისში მთავარი სირთულეები და პრობლემები გადალახული იქნება და შემდეგ გაუქმებაც შეიძლება... ჩვენ სხვა ქვეყნებთან შედარებით უპირატესობა გაგვაჩნია, რადგან მათ სავალდებულო ზომების გატარება ჩვენზე გაცილებით გვიან დაიწყეს“, - აღნიშნა არველაძემ.

ექსპერტები და ინფექციონისტები მიიჩნევენ, რომ თუ ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების ზრდის ნელი ტემპი შენარჩუნდება, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ორ კვირაზე მეტი ვადით აღარ იქნება საჭირო.

 არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
თალაკვაძე: მაისიდან შეიძლება შეზღუდვები  ეტაპობრივად მოიხსნას, თუ...

„შიდა გავრცელების დასაწყისი ჩვენთან მარტის ბოლოს იყო და ფიქრობენ, რომ მაისის შუა რიცხვებამდე სრული სურათი გამოიკვეთება. ამის შემდეგ ჩვენი ცხოვრება თანდათანობით დალაგდება. მაგრამ თუ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება, აუცილებელია დიდი სიფრთხილე, რათა მოსალოდნელი ეკონომიკური ვარდნით მოსახლეობას იმაზე მეტი პრობლემა არ შეექმნას, ვიდრე კორონავირუსით“, - ფიქრობს იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

იმუნოლოგის აზრით, ხელისუფლება ამაზე ფიქრობს და ცდილობს ოქროს შუალედის პოვნას.

ჯანდაცვის საკითხთა ექსპერტი სერგი ჩიხლაძე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაში აზრს ვერ ხედავს და საერთოდ არ ესმის, რისთვის გამოცხადდა კომენდანტის საათი, რადგან ღამით ადამიანები ისედაც იკავებენ თავს სეირნობისგან, დღისით კი, კარანტინის მიუხედავად, საზოგადოება აქტიურად მოძრაობს.

„მე თანახმა ვარ, თუ კომენდანტის საათს დღესვე გააუქმებენ. თუ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება, საჭიროა უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმა, მაშინ მოკლე დროში დიდ ეფექტს მივიღებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მდგომარეობა, დროში გაწელილი, პირდაპირ ჩვენს ეკონომიკას დაარტყამს და მაშინ მხოლოდ კორონავირუსის გამო არ ვინერვიულებთ“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.

ექსპერტის აზრით, საგანგებო მდგომარეობის დიდი ხნით გაგრძელება არ იქნება საჭირო, თუ მეტი სწრაფი ტესტი გაკეთდება, აკრძალვა კი ყველაზე გავრცელდება.

როგორ დასრულდება სასწავლო წელი საქართველოში?

აღდგება თუ არა სასწავლო პროცესი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში და როგორი გეგმები აქვს განათლების სამინისტროს, ჯერჯერობით უცნობია. სპეციალისტების ვარაუდით, დისტანციური სწავლების მეთოდმა საქართველოში არა მარტო გაამართლა, არამედ შექმნა ახალი შესაძლებლობები, რომელთა გამოყენება მომავალშიც შეიძლება, წერს გაზეთი „რეზონანსი“.

ტელეეკრანთან - Sputnik საქართველო
ონლაინ სწავლება და მოსალოდნელი საფრთხეები: როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერთავდასხმისგან

„სწავლება ნამდვილად მიმდინარეობს... პროგრამის 80% ისედაც გავლილი იყო, ბოლო თვეებში განვლილ მასალას იმეორებენ. ამიტომ აკადემიური წლის გამოცხადების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს“, - ფიქრობს განათლების საკითხთა ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი.

ამავე აზრისაა ექსპერტი და პედაგოგი ლადო აფხაზავა. მას მიაჩნია, რომ ხელისუფლებას მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს, ჩაუთვალოს ეს სასწავლო წელი როგორც სტუდენტებს, ისე სკოლის მოსწავლეებს.

„გირჩი“ „ოცნებისა“ და საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების წინააღმდეგ

ქართულმა პარტია „გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს სარჩელი შეიტანა, რათა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ზოგიერთი შეზღუდვის, მათ შორის, ღია სივრცეში სამზე მეტი ადამიანის თავშეყრის აკრძალვის, ერთი ავტომობილით სამ ადამიანზე მეტის მგზავრობის აკრძალვის და ღამის საათებში მოძრაობის შეზღუდვის გაუქმებას მიაღწიოს. ამის შესახებ გაზეთი „ახალი თაობა“ წერს.

პარტია „გირჩის“ წევრი, იურისტი ლევან ჯგერენაია ფიქრობს, რომ ეს დებულებები ზღუდავს საკონსტიტუციო უფლებას მოძრაობის თავისუფლებასა და პიროვნების თავისუფალ განვითარებაზე.

კორონავირუსი საქართველოში: რომელი წესების დარღვევის გამო შეიძლება დაჯარიმდეთ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: ჯარიმები საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის

ჯგერენაიას სიტყვებით, ამ შეზღუდვებს არაფერი საერთო არა აქვს ვირუსის გავრცელების აღკვეთასთან და სინამდვილეში ეს ყველაფერი სპექტაკლია, რომლის დადგმაც ხელისუფლებამ არჩევნების წინ გადაწყვიტა.

„თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ სამ კაცზე მეტის თავშეყრა ღია სივრცეში საფრთხეს წარმოადგენს, მაშინ ისინი უფრო საშიში არიან სახლში, დახურულ სივრცეში. მაშინ იქნებ ხალხი ოჯახებშიც დავყოთ?“, - აღნიშნა ჯგერენაიამ.

„უსაფუძვლო“ უწოდა იურისტმა დებულებას, რომელიც მგზავრს მანქანაში მძღოლის გვერდით ჯდომას უკრძალავს. მისი სიტყვებით, ერთ-ერთი მომჩივანი, რომლის სახელითაც შედგენილია სარჩელი, 3 ათასი ლარით დაჯარიმდა იმის გამო, რომ მანქანის მართვისას მის გვერდით იჯდა შვილი, რომელთან ერთადაც ერთ სახლში ცხოვრობს.

ჩატარდება თუ არა არჩევნები შემოდგომაზე?

საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისშია. ამიტომ შეუძლებელია ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება, ფიქრობს პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი.

მისი სიტყვებით, დღეს ხელისუფლება ცდილობს, ყველა გადაუჭრელი პრობლემა კორონავირუსს გადააბრალოს და მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც სხვა დროს, ხალხის წინააღმდეგობის გამო, ვერ მიიღებდა.

საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის არჩევნებისთვის მზადებას ვერ შეაფერხებს >>

„არჩევნების ჩატარების დრო განსაზღვრულია კონსტიტუციით. კონსტიტუცია ასახელებს ასევე იმ ერთადერთ მიზეზს, რომლის გამოც არჩევნების ჩატარების თარიღი იცვლება. ეს ერთადერთი მიზეზი საგანგებო მდგომარეობაა... თუ საქმე ისე ცუდად იქნება, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ექვსი თვით მოგვიწევს - არა მარტო არჩევნები, არამედ ბევრი სხვა ფუნდამენტური საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მასალა მომზადებულია გაზეთების - „რეზონანსისა“ და „ახალი თაობის“ საფუძველზე.

ყველა ახალი ამბავი
0