თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმას ანალიტიკოსებთან და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავებს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
გახარიას თქმით, ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, რომლის ფარგლებში სპეციალისტები ერთმანეთს გაუზიარებენ მოსაზრებებს, ხოლო რეკომენდაციების შემუშავება ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.
კორონავირუსის გავრცელების გამო ეკონომიკის ისეთი სფეროები, როგორიცაა ტურიზმი, დასვენება და გართობა, ასევე ტრანსპორტი და ვაჭრობის ნაწილი სერიოზულად დაზარალადა. ამ სფეროებში დასაქმებული ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა.
ლარის კურსი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობისა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნის გამო დავარდა. ეს სერიოზული შოკი გახდა ქართული ეკონომიკისთვის და მისი განვითარება სტაგნაციამ ჩაანაცვლა.
მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირებისთვის ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა და უკვე გააკეთა განცხადება 2 მილიარდი ლარის გამოყოფის შესახებ. ამ თანხის ნაწილი მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის მარტის, აპრილისა და მაისის კომუნალური გადასახადების დაფარვას მოხმარდება.
პირველადი მოხმარების ცხრა პროდუქტზე ფასების შესანარჩუნებლად 10 მლნ ლარი გამოიყოფა>>
დარჩენილი თანხები მიმართული იქნება ბიზნესის დახმარებასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე. ხელისუფლება ასევე მსურველებს კრედიტების დაფარვის სამი თვით გადავადებაში დაეხმარა.
გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა კვების პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელებს. პროექტის თანახმად, 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით მოხდება იმ იმპორტიორი კომპანიების სუბსიდირება (ვალუტის კურსის სხვაობის სუბსიდირება), რომლებიც კვების ძირითად ცხრა პროდუქტს ყიდულობენ და შემოაქვთ ქვეყანაში.
ანალიტიკოსებმა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა ხელისუფლების ყველა ზომა პოზიტიურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მათი ხედვა ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლის სტრატეგიაში მთავრობის ხედვას ბევრ რამეში ჰგავს.
თურნავა: ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება რთულია>>
გუშინ გამართული ვიდეოკონფერენციის დროს მხარეები შეეხნენ ასევე ეფექტური პოსტკრიზისული გეგმის შემუშავების მნიშვნელობას, რათა ქვეყანამ კორონავირუსის შემდეგ მალე შეძლოს კონკურენტუნარიანობის დაბრუნება შეცვლილ ეკონომიკურ გარემოში.
მაგალითად, ამ მიზნით ხელისუფლება აპირებს საკრედიტო–საგარანტიო სქემის შემუშავებას, რომელიც კომპანიებს პოსტკრიზისულ პერიოდში დაეხმარება.