თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. ბოლო ორ დღეში მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების რისკი შეიცვალა. ამგვარად ქვეყანა, სხვა სახელმწიფოების მსგავსად, მაღალი რისკის ზონაში აღმოჩნდა, განაცხადა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა თამარ ოგბაიძემ.
მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მუდმივად ცვლის იმ ქვეყნების კატეგორიებს, რომლებიც შეიძლება კორონავირუსის გავრცელების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.
რეკორდული დრო: ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის პათოგენი გამოავლინეს >>
„წინა დღეებში ჩინეთი იყო ძალიან მაღალი რისკის ზონა, ახლომდებარე რეგიონები - მაღალი რისკის ზონა. ბოლო ორ დღეში ეს რისკები გლობალურად გაიზარდა და ჩვენ უკვე მაღალი რისკის ზონაში ვექცევით“, - განაცხადა ოგბაიძემ.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალ კორონავირუსს 106 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4,5 ათას ადამიანს მიაღწია. ოგბაიძის სიტყვებით, საეჭვო შემთხვევები გაცილებით მეტია, მაგრამ ლაბორატორიული კვლევების შედეგები ჯერ არ არის ცნობილი.
ოგბაიძემ ვირუსის სიმპტომებსა და პრევენციის ზომებზეც ისაუბრა. მისი თქმით, კორონავირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს სხვა რესპირატორული ვირუსების სიმპტომებს და ახასიათებს ხველა, სიცხე, ტკივილი მკერდის არეში და სხვ. რაც შეეხება პრევენციას, საუკეთესო საშუალება არის აცრა, მაგრამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს. პედიატრი ყველას ურჩევს ხელის ხშირად დაბანას. იმ შემთხვევაში, თუ არ არის ხელის დაბანის შესაძლებლობა, ექიმი მოქალაქეებს სპირტის შემცველი ხსნარების გამოყენებას ურჩევს.
ამასთან, ოგბაიძემ აღნიშნა, რომ ვირუსი ყოველთვის ლეტალურად არ სრულდება, თუმცა განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, მოხუცებსა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში. ვირუსის ძირითადი გართულებაა მძიმე პნევმონია, ბრონქიტი, თირკმელების უკმარისობა და ა.შ.
ოგბაიძის განცხადებას გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, რომელმაც განაცხადა, რომ არ შეიძლება მოსახლეობაში პანიკის დათესვა.
„მე არ ვიცნობ თამარ ოგბაიძეს და არ ვიცი, საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ყოველდღიურად მიეწოდება ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან - ეს ჩვენთვის ოთხი მთავარი წყაროა, საიდანაც ვიღებთ ინფორმაციას და ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ გამოუცხადებია, რომ ჩინეთის ეპიდემიური აფეთქება განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ამ კვირის ბოლოს ან მომდევნო კვირის დასაწყისში გაიმართება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის სხდომა, რომელზეც ორგანიზაცია ვითარებას შეაფასებს და გამოაცხადებს, რამდენად გლობალურია საფრთხე. წინა სხდომაზე კომიტეტმა მიიჩნია, რომ საფრთხე იმ მომენტისთვის ლოკალური იყო.
„ეს ითვლება ლოკალურ საფრთხედ და არ შეიძლება, საქართველო ვინმემ შეაფასოს, როგორც ქვეყანა, რომელიც მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება. ჩვენ ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციაში ვითვლებით დაბალი რისკის ქვეყნად, თუმცა მზადყოფნა, რომელიც ქვეყანაშია, აუცილებელია. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რადგან ვერავინ გააკეთებს პროგნოზს, გადაიზრდება თუ არა ეს ეპიდემია პანდემიაში. მზადყოფნა უნდა იყოს, მაგრამ პანიკის დათესვა არ შეიძლება“, - ხაზი გაუსვა გამყრელიძემ.
ამას წინათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოს მოუწევს ჩინეთიდან ავიარეისების დროებით შეჩერება.
უკვე გაუქმებულია პეკინი-ურუმჩი-თბილისის ავიარეისები, რომლებიც 25 და 27 იანვარს უნდა შესრულებულიყო. როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს, ფრენები საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით ჩინეთის მხარის გადაწყვეტილებით გადაიდო.
იგეგმება საქართველოს ხუთი მოქალაქის ევაკუაცია, რომლებიც მოვლენათა ეპიცენტრში, ქალაქ უხანში იმყოფებიან.
ამ მომენტისთვის საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ახალი ვირუსის გავრცელების თეორიული საფრთხე არსებობს, მაგრამ შანსი მინიმალურია.
საქართველომ უკვე აკრძალა ჩინეთიდან ცხოველების იმპორტი. მოწმდება ყველა მგზავრი აეროპორტებში, გარდა ამისა, დაწყებულია სერიოზული საინფორმაციო კამპანია მთელ ქვეყანაში.