ჯანდაცვა საქართველოში: 2019 წლის დადებითი და უარყოფითი შედეგები

© photo: Pixabay / Engin_Akyurtოპერაცია
ოპერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც სხვა სფეროები, 2019 წელს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში იყო მიღწევებიც, ჩავარდნებიც, წარმატებული და არც თუ ისე წარმატებული პროექტები, მაგრამ მთლიანობაში წინსვლა იყო

ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2019 წელი ჯანდაცვის სფეროში რეფორმების წელი გახდებოდა. ერთი წლის განმალობაში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის მინისტრიც. გასული წლის ზაფხულში დავით სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა, რომელმაც ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ განაცხადა და საკმაოდ ხისტი გადაწყვეტილებებიც მიიღო, რომლებიც ბევრ სამედიცინო კლინიკას, რბილად რომ ვთქვათ, არ მოეწონა.

ტარიფების ერთიანი სისტემა

წლევანდელი ყველაზე გახმაურებული სიახლე ჯანდაცვის სფეროში არის ახალი, ერთიანი სატარიფო სისტემა ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის. ის 21 ნოემბერს ამოქმედდა და პირველ ეტაპზე რეანიმაციის განყოფილებებსა და კარდიოქირურგიას შეეხო.

გახარია: საყოველთაო ჯანდაცვაში ჯიბიდან გადასახადი ძალიან მაღალია >>

სიახლე ეხება იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული. სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ჩართული არიან ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები.

ახლა გარკვეულ კლინიკებს მოუწევთ პაციენტებს სამედიცინო მომსახურება იმ ტარიფებით შესთავაზონ, რაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა.

კლინიკების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ცვლილება სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუარესებას გამოიწვევს. 26-მა საავადმყოფომ პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის სპიკერს, პარლამენტის შესაბამის კომიტეტს, სახალხო დამცველსა და ჯანდაცვის მინისტრს დაგეგმილი სიახლის გადადების თხოვნით წერილით მიმართა. მიუხედავად კლინიკების თხოვნისა, რეგულაცია ძალაში შევიდა.

კლინიკების ხელმძღვანელებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ტარიფები სახელმწიფო დაწესებულებებთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე დადგინდა, რაც დაუშვებელია. პასუხად უწყებაში განაცხადეს, რომ გარკვეულ სამედიცინო სერვისებზე ტარიფების დადგენა არ დასრულებულა და მათი გადახედვა ამჯერად კერძო სექტორთან ერთად მოხდება.

ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია უცვლელი რჩება. უწყებაში ამტკიცებენ, რომ სიახლის გამო სამედიცინო სერვისების ხარისხი არ გაუარესდება, რადგან ტარიფები სათანადოდ არის გათვლილი. ასეა ეს თუ არა, ამას დრო აჩვენებს.

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგი

2019 წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა სამედიცინო ჰოლდინგის შექმნა, რომელიც აერთიანებს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ონკოლოგიურ ცენტრს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს და თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს. ჰოლდინგმა ფუნქციონირება 2019 წლის ნოემბრის მეორე ნახევარში დაიწყო.

ჰოლდინგი სახელმწიფოს მართვასა და საკუთრებაშია.

სავალდებულო ვაქცინაცია

საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან გეგმიური აცრები სავალდებულო გახდა. ჯანდაცვის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა ჯერ კიდევ 2018 წლის შემოდგომაზე მიიღო.

საავადმყოფო - Sputnik საქართველო
2020 წლიდან პირველადი ჯანდაცვის მასშტაბური რეფორმა დაიწყება

ეს იმით იყო განპირობებული, რომ საქართველოში ბოლო წლებში სულ უფრო მეტი მშობელი უარს აცხადებდა ბავშვების ვაქცინაციაზე. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს პათოლოგიები, გართულებები და აუტიზმიც კი. მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრისა და წამყვანი პედიატრების მოწოდებებისა ბავშვთა ვაქცინაციის აუცილებლობის თაობაზე, ბევრმა მშობელმა უარი თქვა ბავშვების ვაქცინაციაზე.

მშობელს შეეძლო წერილობით უარი ეთქვა ვაქცინაციაზე სამშობიაროში და პოლიკლინიკაში. ახლა კი საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ბავშვების მიღებისას ვაქცინაციის შესახებ ცნობას ითხოვენ.

უფასო აცრა წითელაზე

აცრების თემის გაგრძელებისას გავიხსენოთ, რომ 2019 წელს წითელაზე აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უფასო იყო. მანამდე კი ის მხოლოდ 40 წლამდე ასაკის პირთათვის იყო უფასო.

ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ მას მერე მიიღო, რაც ორი კვირის განმავლობაში წითელათი დაავადების 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შორის ძირითადად ჩვილი ბავშვები და 15-დან 40 წლამდე ასაკის პაციენტები იყვნენ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წლის ექვს თვეში საქართველოში წითელათი დაავადების ათასზე მეთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ მონაცემების თანახმად, საქართველო მეშვიდე ადგილზეა ევროპის იმ ქვეყნებს შორის, სადაც წითელას აფეთქება მოხდა. პირველ ადგილზე სერბეთი, მეორეზე - უკრაინა.

ონკოლოგიური პაციენტების დახმარება

ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს მკურნალობაში დაეხმაროს. უწყება აწარმოებს მოლაპარაკებებს შეღავათიან ფასად მკურნალობის შესახებ იმ სახელმწიფოებთან, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მიზნით საქართველოდან ყველაზე მეტი ადამიანი მიდის.

უწყება შეეცდება იმ ქვეყნებთან, სადაც მაღალია საქართველოს მოქალაქეთა მიგრაცია, სახელმწიფო დონეზე წარმართოს მოლაპარაკება, რათა მოხდეს პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობა იმ პერიოდამდე, ვიდრე საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეძლებს მათთვის შესაბამისი სტანდარტისა და ხარისხის მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორიის (DataLab) მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებმა 2017 წლის იანვარ–ნოემბერში საზღვარგარეთ მკურნალობაზე 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. თანხის უმეტესი ნაწილი ონკოლოგიის სამკურნალოდ დაიხარჯა. შემდეგ მოდის ონკოჰემატოლოგია, ნევროლოგია, ქირურგია, რეაბილიტაცია, თირკმელებისა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გარემო და ჯანმრთელობის დაცვა: ხელისუფლება სამოქმედო გეგმაზე მუშაობს

ქართველი პაციენტები სამკურნალოდ ძირითადად თურქულ კლინიკებს მიმართავენ. ამასთან, ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმის გათვალისწინებით, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ევროპული კლინიკები ამ მხრივ მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევენ თურქეთს.

საქართველოში ყოველწლიურად კიბოს დაავადების ცხრა ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებებია სარძევე ჯირკვლის და ფარისებრი ჯირკვლის კიბო. დღეისათვის სახელმწიფო ონკოპაციენტებს უფინანსებს ქიმიოთერაპიის ღირებულების 70%-ს, ჰორმონოთერაპიის ზოგიერთ ხარჯს, ასევე სხივურ თერაპიას და ძვირადღირებულ პრეპარატებს. თუმცა რჩება ზოგიერთი სერვისი, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს.

გამარჯვება С ჰეპატიტზე

თუ საქართველოს ონკოლოგიის კუთხით ჯერ უცხოელი სპეციალისტების დახმარება სჭირდება, С ჰეპატიტის მკურნალობის კუთხით ქვეყანა მოწინავე პოზიციებს იკავებს.

გასული წლის აპრილში საქართველოს მიენიჭა სანიმუშო ქვეყნის სტატუსი, რომელმაც წარმატებით შეასრულა С ჰეპატიტთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა.

საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა წარმოადგენს კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს, რასაც საფუძველი ჩაუყარა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და კომპანია Gilead-მა.

დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო წვდომამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ქვეყანაში არსებული ვითარება ამ მიმართულებით.

С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა საქართველოში 2016 წელს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან - Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებენ.

2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. 150 ათასი ადამიანს ესაჭიროებოდა მკურნალობა С ჰეპატიტზე.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მოსახლეობის დაახლოებით 41% იყო ჩართული, 98%-ის შემთხვევაში პაციენტებმა განკურნება შეძლეს.

კლინიკების მონიტორინგი

წელს ცვლილებები ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციური კონტროლის სფეროსაც შეეხო. გაძლიერებულია სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის მექანიზმები, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი სანქციები მოქმედებს.

კლინიკა - Sputnik საქართველო
რა სიახლე ინერგება ჯანდაცვის სფეროში 15 იანვრიდან

საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციური კონტროლი 2016 წლის თებერვალში დაიწყო. შემოწმების დაწყებისთანავე პრობლემები დედაქალაქის ათ მრავალპროფილურ კლინიკაში გამოვლინდა. მათ მიიღეს რეკომენდაციები, რომლებიც ნახევარ წელიწადში უნდა შესრულებულიყო.

სპეციალისტები კლინიკებში ამოწმებენ ვითარებას სტაციონარულ განყოფილებებში, სამედიცინო დაწესებულების შენობის მდგომარეობას, ეზოს სისუფთავეს, წყალმომარაგების სისტემას, დამხმარე ნაგებობების სისუფთავეს და სხვ.

სამედიცინო ტურიზმის საბჭო

საქართველოში სამედიცინო ტურიზმის საბჭო შეიქმნა, რომელიც დაკავდება აღნიშნული დარგის პოპულარიზაციით როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

საქართველოში სამედიცინო სერვისების მიღების მსურველი ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ძირითადად ეს აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეები არიან.

უცხოელები დიდ ინტერესს იჩენენ ისეთი გამაჯანსაღებელი კურორტებისადმი, როგორიცაა ბორჯომი, წყალტუბო და ა.შ. სულ საქართველოში 183 გამაჯანსაღებელი კურორტია დარეგისტრირებული.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წელს მიღებული საუკეთესო და ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება

ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძემ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წელს მიღებული საუკეთესო და ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება დაასახელა.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ყველაზე დიდი შეცდომა უწყებამ დაუშვა მაშინ, როდესაც 30%-ით შეამცირა პროგრამების დაფინანსება რეანიმაციისა და კარდიოქირურგიის განყოფილებებში. სურგულაძის თქმით, ეს ქვეყანას შეიძლება ძვირი დაუჯდეს.

„ფასების შემცირება - ძალიან დიდი შეცდომაა. ეს ამ წლის ყველაზე დიდი შეცდომაა. ძალიან კარგი კლინიკები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ“, - განაცხადა სურგულაძემ.

სტეტოსკოპი - Sputnik საქართველო
სერგეენკომ ჯანდაცვის სისტემის ძირითადი გამოწვევები დაასახელა

მედიცინა - ერთადერთი სფეროა მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს უფლება იყოს დაბალი ხარისხის, რადგან მასზე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა დამოკიდებული. სურგულაძე დარწმუნებულია, რომ ფასების რეგულირება საჭირო იყო, მაგრამ ისინი საბაზროზე დაბალი არ უნდა გამხდარიყო.

ჯანდაცვის სამინისტროს გასული წლის ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას სურგულაძე უწოდებს გრიპის საწინააღმდეგო საუკეთესო, მაღალხარისხიანი, ფრანგული ვაქცინის შესყიდვას. თუ ჯანდაცვის სამინისტრო ყველა მიმართულებით იმუშავებს ასეთივე ოპერატიულობით და ეფექტურობით, მაშინ დარგი კარგ შედეგებს მიაღწევს, აღნიშნა სურგულაძემ.

სურგულაძემ პოზიტიურად შეაფასა ბრძოლის დასაწყისი საკეისრო კვეთის დიდი საპროცენტო მაჩვენებლის წინააღმდეგ. საქართველოში 46-48% სწორედ საკეისრო კვეთაზე მოდის და ქვეყანა თურქეთისა და ეგვიპტის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.

მთლიანობაში, საქართველოს ჯანდაცვის სფერო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, წელი რთული და მოულოდნელობებით აღსავსე გამოდგა, მაგრამ 2020 წელი აჩვენებს, როგორ შეძლებს ქვეყნის მედიცინა დარგში არსებულ პრობლემებთან გამკლავებას და მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისის შეთავაზებას, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ყველა ახალი ამბავი
0