რა სიახლე ინერგება ჯანდაცვის სფეროში 15 იანვრიდან

© photo: Sputnik / Stringerკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სისტემის ამოქმედება უფრო მოქნილს გახდის პაციენტების მომსახურებას, რადგან ექიმს ექნება მყისიერი წვდომა ყველა საჭირო ინფორმაციაზე პაციენტის მიერ გადატანილი ავადმყოფობების, ინფექციებისა და სხვადასხვა რისკის შესახებ

თბილისი,  4 იანვარი – Sputnik. საქართველოს სამ ქალაქში 15 იანვრიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემა ამოქმედდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჯანდაცვის მინისტრის  ბრძანების შესაბამისად, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელია, 2019 წლის 15 იანვრიდან ვალდებული იქნება, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში შეიყვანოს.

სტეტოსკოპი - Sputnik საქართველო
სერგეენკომ ჯანდაცვის სისტემის ძირითადი გამოწვევები დაასახელა

ბრძანების თანახმად, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის EHR სისტემაში გადაცემის ვალდებულება 2019 წლის პირველი მაისიდან უკვე ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელ ყველა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებას ექნება. პირველი სექტემბრიდან კი, პროგრამაში ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულებებიც ჩაერთვებიან.

ამასთან, 2020 წლის პირველი იანვრიდან ყველა სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება ვალდებული ხდება, EHR სისტემაში შეიყვანოს ინფორმაცია ყველა იდენტიფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

EHR სისტემა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ციფრული საცავია, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკუთვნის. სისტემის მიზანია, ავტორიზებული პირებისგან შეაგროვოს, შეინახოს, გაზიარებადი გახადოს და დაამუშაოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერები, რაც უწყვეტი, ეფექტიანი, პაციენტზე ორიენტირებული და ხარისხიანი, ინტეგრირებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
როგორ მოვამზადოთ ექიმები – საქართველოს შვიდწლიანი გეგმა

სისტემაში თავს მოიყრის სხვადასხვა სახის ინფორმაცია: მონაცემები ჰოსპიტალიზაციის თითოეული ეპიზოდის და ამბულატორიული ვიზიტის შესახებ; პროფილაქტიკური აცრების მონაცემები: ვაქცინაციის დასახელება და აცრების ცხრილი, ვაქცინაზე რეაქცია, უკუჩვენება; C ჰეპატიტის სკრინინგის თარიღი და შედეგი; ორსულობის საერთო რაოდენობა; მშობიარობის საერთო რაოდენობა; ბოლო ორსულობის/მშობიარობის თარიღი და სხვა.

EHR სისტემის შემადგენელი ნაწილია პაციენტის გვერდი. გვერდის საშუალებით პაციენტს შეუძლია, სისტემაში საკუთარი თავის შესახებ არსებული ინფორმაცია მოიძიოს.

EHR სისტემაში სამედიცინო ჩანაწერები ინახება პაციენტის სიცოცხლის ბოლომდე და გარდაცვალებიდან 15 წლის განმავლობაში.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სისტემის ამოქმედება უფრო მოქნილს გახდის პაციენტების მომსახურებას, რადგან საჭიროების შემთხვევაში, ექიმს ექნება მყისიერი წვდომა ყველა საჭირო ინფორმაციაზე პაციენტის მიერ გადატანილი ავადმყოფობების, ინფექციებისა და სხვადასხვა რისკის შესახებ. მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი მიღებული ტრავმის გამო უგონოდაა და არ შეუძლია, ექიმს მიაწოდოს მკურნალობისთვის საჭირო ინფორმაცია (სისხლის ჯგუფი და სხვა), მედპერსონალი აღნიშნული ელექტრონული სისტემის საშუალებით შეიტყობს ყველა საჭირო მონაცემს.

საქართველოს მოქალაქეებისთვის შეღავათიანი წამლების სია გაიზრდება>>

EHR სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონების: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ შესაბამისად.

ყველა ახალი ამბავი
0