დეკემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში 7% შეადგინა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
ერთ წელიწადში სურსათზე ფასები 12,3%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე - 15,6%-ით.
სად აღვნიშნოთ ახალი წელი, ანუ რა დაგვიჯდება რესტორანი თბილისში >>
ნოემბერთან შედარებით დეკემბერში ფასები 0,4%-ით გაიზარდა. ამასთან წლიური ინფლაცია დეკემბერში უცვლელი დარჩა - 7%.
ექსპერტები ფასების ზრდას ლარის გაუფასურებას უკავშირებენ. ექვს თვეში ლარი დოლარის მიმართ 10%-ით გაუფასურდა.
როგორ ებრძოდა ეროვნული ბანკი ფასების ზრდას
ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი ვარდნა 2019 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებული აჟიოტაჟისა და შემდგომი საპროტესტო ტალღის საპასუხოდ რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა. შედეგად რუსეთიდან ვიზიტორთა რიცხვი შემცირდა.
რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის შესახებ განცხადებამ, შესაძლო ფორმალური და არაფორმალური სავაჭრო სანქციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ ლარის კურსის გაუფასურება გამოიწვია. შესაბამისად, სავალუტო ნაკადის შემცირებამდე ბაზარზე უცხოური ვალუტის შემოსვლა შემცირდა, ხოლო მოთხოვნა გაიზარდა, რამაც კურსის სწრაფი ვარდნა იმაზე ადრე გამოიწვია, ვიდრე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შემცირდებოდა.
ეროვნული ბანკის შეფასებით, ავიამიმოსვლის გაუქმების შედეგად საქართველომ ტურიზმის სფეროში 300 მლნ დოლარის ოდენობის შემოსავალი დაკარგა.
ამ ყველაფერმა ეროვნული ვალუტის გაუფასურება, შემდეგ კი ფასების ზრდა გამოიწვია.
ლარის კურსის გასამყარებლად ეროვნულ ბანკს საკუთარი სავალუტო რეზერვების გაყიდვა მოუწია. კერძოდ, სამ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 92,8 მლნ დოლარი გაყიდა.
გარდა ამისა, რეგულატორმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა - სექტემბრიდან რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა.
საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ჩარევა სავალუტო ბაზარზე შექმნილ სიტუაციაში დაგვიანებულია.
საქართველოში სამრეწველო პროდუქციის ფასები კვლავ იზრდება >>
„ზაფხულის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი დაახლოებით 30 პუნქტით აიწია. და როდესაც ეროვნული ბანკი სექტემბერში ჩაერია, გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი და დოლარები გაყიდა, ამან დაასტაბილურა ლარი, მაგრამ ვერ გაამყარა. მაგრამ ეროვნულ ბანკს ეს ნაბიჯები რომ არ გადაედგა, კურსი აცდებოდა 3GEL/$1-ს“, - განუცხადა ჭყონიამ „Sputnik-საქართველოს“.
როგორ აისახება ეკონომიკაზე ეროვნული ბანკის ახალი პოლიტიკა
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, პროფესორი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკური ზრდის ტემპებზე შეიძლება აისახოს.
კერძოდ, ექსპერტის შეფასებით, ფასების ზრდაზე საპასუხოდ რეგულატორმა თავისი ბერკეტების გამოყენებით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო.
„ეროვნულმა ბანკმა დაიწყო „ძვირი ფულის“ პოლიტიკის გატარება, მაგრამ ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი შედეგები, რომლებიც ეკონომიკური ზრდის ტემპზე მომდევნო თვეებში აისახება. ანუ, სასწორის პინებზე ორი ამოცანა და ორი ფასეულობაა. და რა არის უფრო ფასეული საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის? ეკონომიკური ზრდის ტემპების გაძლიერება თუ ინფლაციის მასშტაბების შემცირება? და ამ დილემას მთავრობა და ეროვნული ბანკი ყოველ განსაზღვრულ მომენტში წყვეტენ განსხვავებულად. თუ უფრო ფასეული და მნიშვნელოვანია ინფლაციის შეკავების პრობლემა, მაშინ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზრდის. ასე ხდებოდა წინა წლებშიც“, - განუცხადა არჩვაძემ „Sputnik-საქართველოს“.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი ატარებს ისეთ პოლიტიკას, რომ თუ ინფლაცია ძალიან მაღალია, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს იქამდე გაზრდის, სანამ ინფლაციის დონე შემცირებას არ დაიწყებს.
„თუ 9%-იანი განაკვეთი შედეგს არ გამოიღებს თვენახევარში და ინფლაცია მაღალ დონეზე დარჩება, ეროვნული ბანკი კვლავ გაზრდის რეფინანსირების განაკვეთს. თუ ინფლაცია თანდათანობით მცირდება, ეროვნულ ბანკში განაკვეთის იმავე დონეზე დატოვებაზე ან მის შემცირებაზე იფიქრებენ“, - აღნიშნა არჩვაძემ.
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ქმედებებმა სავალუტო ბაზრის სტაბილურობაზე დადებითი გავლენა უკვე იქონია.
„მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე დადებითად მოქმედებს. ერთობლივი მოთხოვნა შემცირდება, დაკრედიტების მოცულობა შემცირდება, ხოლო ინვესტორები, რომლებმაც იციან, რომ მომავალში ლარი გამყარდება, დღესვე იწყებენ სახსრების კონვერტაციას ლარში და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესყიდვას. და ეს კურსზე დადებითად იმოქმედებს“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ცომაიამ.
თუმცა, ექსპერტის თქმით, როდესაც ეროვნული ბანკი იწყებს ბრძოლას და სურს ინფლაციის შემცირება, ეს მხოლოდ ეკონომიკური ზრდის დონის შემცირების ხარჯზე შეიძლება მოხდეს.
„ანუ, ეროვნული ბანკი ვერ შეამცირებს ინფლაციას, ეკონომიკური ზრდის შემცირების გარეშე. ამიტომ ეროვნული ბანკის ყველაზე მძლავრი ბერკეტია ინფლაციის წინააღმდეგ - საპროცენტო განაკვეთის გაზრდა. ზედიზედ მეოთხე წელია ისე ხდება, რომ ფასებზე ზემოქმედების მოსახდენად ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთს ზრდის, ხოლო შედეგის მისაღწევად საჭიროა დრო - 8-12 თვე“, - ხაზგასმით აღნიშნა ცომაიამ.
ეკონომიკის მთავარი გამოწვევა: საქართველოს ხელისუფლება ფასების ზრდას ებრძვის >>
მისი თქმით, ეროვნულ ბანკს არ სურს რეფინანსირების განაკვეთის ზედმეტად გაზრდა, რადგან რაც უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი, მით უფრო მცირდება ეკონომიკა. არ არის გამორიცხული, რომ მაღალი ინფლაციის შემთხვევაში რეგულატორს საპროცენტო განაკვეთის გაზრდა იანვარში მოუწიოს, მიიჩნევს ექსპერტი.
მთავრობა ეკონომიკური ზრდის შეკავებას გეგმავს
საქართველოში ინფლაციის დონის შესამცირებლად მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს.
„როდესაც ვიძლევით შეფასებას, რა უნდა იყოს ჩვენი ამა თუ იმ ნაბიჯის პრიორიტეტი, ყოველთვის თავში ვაყენებთ ანტიინფლაციურ მოქმედებებს, თუნდაც სხვა მიმართულებებით ეს გარკვეულ ნეგატიურ შედეგებს იწვევდეს“, - აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
უწყებაში აღნიშნეს, რომ ხელისუფლებას ესმის, რამდენად მტკივნეულად აისახება ქვეყნის მოსახლეობაზე მიმდინარე ეკონომიკური პროცესები.
„ზოგჯერ ვდგამთ ისეთ არაპოპულარულ ნაბიჯებს, რომლებიც თავისი მხრიდან ეკონომიკური ზრდის შემაკავებელიც კი არის. მაგრამ, ამასთან ერთად, ჩვენ ავამოქმედეთ სხვა ისეთი ბერკეტები, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას ახალისებს - პრივატიზაცია, წიაღისეულის რეფორმა და დახმარება დასაქმების კუთხით“, - განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი – იზრდება ვალი და იმატებს უწყებების დაფინანსება >>
ამასთან, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტში ეკონომიკის ზრდა 5%-ის დონეზე იყო დაგეგმილი, ხოლო პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში ზრდის პროგნოზი 4,5%-მდე შემცირებულია.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის 11 თვეში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 5,3% შეადგინა.