თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში მშპ-ს ზრდამ მესამე კვარტალში შეადგინა 5,8% გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
„ძალიან პოზიტიური შედეგები გვაქვს. მესამე კვარტალში ზრდა შეადგენს 5,8%-ს, რაც ჩვენს მოლოდინებს აჭარბებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მესამე კვარტალში მშპ-ს ზრდის მაჩვენებლის კომენტირებისას.
მიმდინარე ფასების მიხედვით 2019 წლის ივლის-სექტემბერში მშპ-მ 4,6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. საანგარიშო პერიოდში დეფლატორი 7,2%-ს გაუტოლდა.
მეორე კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მშპ-ს ზრდამ 4,6% შეადგინა.
რომელი სფერო ლიდერობს
მესამე კვარტალში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ხელოვნების, გართობისა და დასვენების, ტელეკომუნიკაციებისა და მშენებლობის სფეროებში.
საქართველოს ეკონომიკის სფეროების ტოპ-ხუთეული 2019 წლის III კვარტალში
ეკონომიკის სფერო | ზრდა -% |
გართობა და დასვენება | 19.9 |
ინფორმაცია და კომუნიკაციები | 18.2 |
მშენებლობა | 17.1 |
ვაჭრობა | 9.8 |
ჯანდაცვა და სოციალური დახმარება | 8.1 |
ყველაზე მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების სფეროში (-4%) და სამთომომპოვებელ მრეწველობაში (-2,2%).
მშპ-ს სტრუქტურაში უდიდესი ხვედრითი წილი აქვთ შემდეგ სფეროებს: ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები და გადამამუშავებელი მრეწველობა.
ლიდერები მშპ-ს სტრუქტურაში ხვედრითი წილის მიხედვით 2019 წლის III კვარტლისთვის
ეკონომიკის სფერო | წილი მშპ-ში % |
ვაჭრობა | 14.3 |
უძრავი ქონების ოპერაციები | 10.9 |
გადამამუშავებელი ინდუსტრია | 10.8 |
მშენებლობა | 10.0 |
სოფლის მეურნეობა | 7.7 |
ეკონომიკის ზრდის პროგნოზები
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch 2019 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის შეფერხებას 4,3% -მდე ვარაუდობს (2018 წლის 4.7% -დან), რადგან დაკრედიტების ზრდა შენელებულია, ხოლო რუსული რეისების აკრძალვა ხელს უშლის ტურიზმის სექტორის გაფართოებას.
ამის მიუხედავად, Fitch-ის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა „BB" რეიტინგის ქვეყნების საშუალო პროგნოზირებულ მაჩვენებელზე (3,3%) მაღალია. ინფრასტრუქტურაზე ხარჯის დაჩქარება და მცირედით შესუსტებული საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკა ხელს შეუწყობს 2020-2021 წლებში ზრდის ტემპის 4,7%-მდე დაჩქარებას, მიიჩნევს Fitch.
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა – ხელფასები და პენსიები იზრდება >>
ეკონომიკური ზრდის შენელებას ვარაუდობს ასევე კონსალტინგური კომპანია Galt & Taggart. მისი პროგნოზის თანახმად, 2019 წლის მეორე ნახევარში ზრდა იქნება 4,3% – ტურიზმის სფეროში შემოსავლების მოსალოდნელი დაკარგვის გამო. მთლიანობაში, წლის განმავლობაში ეკონომიკა 4,5%-ით გაიზრდება, ვინაიდან 2019 წლის პირველ ორ კვარტალში ზრდამ 4,8% შეადგინა, მიიჩნევენ კომპანიის ანალიტიკოსები.
საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ამ ეტაპზე საგარეო მოთხოვნილების (ტურიზმის ექსპორტი) მოსალოდნელი შესუსტების ფონზე 2019 წელს მშპ-ის რეალური ზრდა 4,5%-ს მიაღწევს.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ია. რაც შეეხება მომდევნო წლების პროგნოზს, უკვე 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6%-ს შეადგენს.