თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. კომპანია „სვეტის" დაუმთავრებელი მშენებლობების გაგრძელება 2020 წლის თებერვლიდან იგეგმება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კომპანიის მიერ დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საკითხზე საუბრისას.
როგორ მოაგვარებს მერია დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემას>>
მიმდინარე წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ დეველოპერული კომპანია „სვეტის" სამშენებლო აფერის შედეგად დაზარალებული დაახლოებით 2,5 ათასი ოჯახი თბილისში ბინებს მაინც მიიღებს. „სვეტის" სამი შეჩერებული პროექტის დასრულება კომპანია M2-მა აიღო თავის თავზე.
კახა კალაძის თქმით, დაზუსტდა და განისაზღვრა მერიის ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლებიც ამ პროექტების დასასრულებლად უნდა განხორციელდეს.
„დაზარალებული ოჯახების ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის საკრებულომ „სვეტის" სამშენებლო ობიექტებს ნუცუბიძის, მირცხულავასა და ჭყონდიდელის ქუჩებზე მიანიჭა დაუმთავრებელი მშენებლობების სტატუსი, რის საფუძველზეც უკვე დასრულდა სამშენებლო ობიექტებთან მიმართებაში არსებული არქიტექტურული, ურბანული, სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი საკითხების განხილვა; დაზუსტდა და განისაზღვრა ის ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლებიც ამ პროექტის დასასრულებლად უნდა განხორციელდეს", – განაცხადა კახა კალაძემ.
ალაქის შენებას რა უნდა? – შეცვლილი „მისამღერი“ და „არაშენდას“ პერსპექტივა...>>
მისივე თქმით, კომპანია M2 სამშენებლო ნებართვებს მომავალი წლის დასაწყისში მიიღებს.
„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სამშენებლო კომპანიასთან და ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 2020 წლის იანვრის ბოლოს ან თებერვალში მიიღებენ სამშენებლო ნებართვებს. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ჩვენი სამსახურები – როგორც სატრანსპორტო, ურბანული, არქიტექტურის, გარემოს დაცვის სამსახური. ამ მჭიდრო თანამშრომლობით თებერვალში უკვე შესაძლებელი იქნება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება", – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 მლნ ლარია. სამუშაოების დასრულება სამი წლის განმავლობაში იგეგმება.
სამშენებლო აფერის ასობით მსხვერპლი თბილისში ბინას მიიღებს>>
თბილისის საქალაქო სასამართლომ ივლისში დეველოპერული კომპანია „სვეტის" დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და დირექტორი თორნიკე ჯანელიძე მენაშენეთა 3,3 მილიონ ლარზე მეტი თანხის მითვისებაში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ჯიბლაძეს რვა წლით, ჯანელიძეს კი ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
მენაშენეებმა თანხის დაბრუნების ან ბინების გადაცემის მოთხოვნით საპროტესტო აქციები არაერთხელ გამართეს.