ქალაქის შენებას რა უნდა? – შეცვლილი „მისამღერი“ და „არაშენდას“ პერსპექტივა...

© Sputnik / Alexander Imedashviliპანორამა თბილისის მშენებლობა
პანორამა თბილისის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მშენებლობის „ბუმი" და ორასამდე დაუსრულებელი, შეჩერებული შენობა-ნაგებობა დედაქალაქში... განახლდება თუ არა სამშენებლო პროცესი მიტოვებულ ობიექტებზე და რა პერსპექტივა აქვთ „არაშენდას" მფლობელებს?

კონკრეტულ გზავნილს კონკრეტული ადრესატი ჰყავს! ასეა ახლაც. დარწმუნებული ვარ, ერთგულ მკითხველთა შორის მრავლად იქნება ქვეყნის მთავარი ქალაქის იერსახით, განსაკუთრებით კი წლების მანძილზე „ურბანული სუიციდით“ შეწუხებული თუ დაუსრულებელი და გაურკვეველი ვადით გაჩერებული მშენებლობების პერსპექტივით დაინტერესებული მკითხველიც. ეს სტატიაც, პირველ რიგში, სწორედ მათთვის დაიწერა. შესაძლოა, ყველა კითხვას ვერ გაეცეს პასუხი, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს უთუოდ მოეფინება ნათელი. სამი თვე გავიდა, რაც თბილისის მერიამ ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მოიწონა. ქალაქის თავი შეგვპირდა, რომ დოკუმენტით გაწერილი დებულებები მომავალი წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. გენერალური გეგმის თანახმად, წერტილი უნდა დაესვას ქაოსურ განაშენიანებას. ეს მომავლის საქმეა და დრო გვიჩვენებს, ვინ და როგორ გაითვალისწინებს ქალაქის შენების ახალი „სახელმძღვანელოს“ მოთხოვნებს. არის სხვა პრობლემაც – „მშენებლობის ბუმის“ ეპოქის პირმშოა დაუსრულებელი მშენებლობები. მათი უმრავლესობა არა მხოლოდ ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, არამედ მოქალაქეთა უსაფრთხოებასაც ემუქრება. ასეთი ობიექტების რაოდენობა კი ორასამდეა. მოულოდნელი არ ყოფილა, როცა თბილისის მერმა სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს დაუმთავრებელი მშენებლობების მოკლე დროში დასრულებისკენ მოუწოდა...

ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა სახელწოდებით „უპატრონო თბილისი“ - Sputnik საქართველო
ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა სახელწოდებით „უპატრონო თბილისი“

კახა კალაძე: „წლების მანძილზე დაუსრულებელი შენობა-ნაგებობები პრობლემას უქმნის ქალაქის იერსახეს. გარდა ამისა, არის უამრავი ადამიანი, რომელსაც თანხები აქვს გადახდილი და წლებია ელოდება საკუთარ ფართებს. ჩვენ ხელს შეგიწყობთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ ეს პრობლემები. მივმართავ დეველოპერებს, სამშენებლო კომპანიებს, გააქტიურდით! ჩემი თხოვნაა, მაქსიმალური მხარდაჭერა, მაქსიმალური თანადგომა შევთავაზოთ კომპანიებს, რომ რაც შეიძლება მალე შეძლონ შეჩერებული მშენებლობის განახლება და ნაგებობების დასრულება...“

საკამათო არ არის, რომ პრობლემა თვალში საცემია, მოწოდებაც დროულია, თუ არა დაგვიანებული. როგორც გაირკვა, ქალაქის მთავრობაში არსებობს პრობლემის გადაჭრის კონკრეტული ხედვაც. კერძოდ, როგორც მერიაში განმარტავენ, დედაქალაქში რამდენიმე კატეგორიის დაუსრულებელი მშენებლობაა და ყოველ მათგანთან სხვადასხვა მიდგომა იქნება. პირველი - ეს არის ის სამშენებლო კომპანიები, რომელთაც სურთ პროცესის დასრულება. მათთან მოლაპარაკებები შესაძლებელია და ის ინდივიდუალურად მიმდინარეობს. მეორე - არის ფინანსური პრობლემების გამო შეჩერებული მშენებლობები. საჭიროა თითოეული მათგანის განხილვა და განსაზღვრა, რა შეუძლია ქალაქის მთავრობას, შემოსავლების სამსახურს, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. მესამე - ეს არის იურიდიული დავები. ამ შემთხვევაშიც გადასახედია, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ „ყინული დაიძრას“ და, ბოლოს, მეოთხე - არის მშენებლობები, რომელთაც პატრონი არ ჰყავთ. საჭიროა შენობების დაკონსერვება ან კერძო საკუთრების ხელყოფის გარეშე დემონტაჟი. ამასთან ერთად, არის მოსაზრება, რომ მერიამ მშენებლობის ყოველი ნებართვის გაცემისას სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს და თანაც გარკვეული პირობები წამოაყენოს, რაც მშენებლობას „არაშენდას“ პერსპექტივისგან დაიცავს. ჯერჯერობით არ ვიცით, რა იგულისხმება „სიფხიზლისა“ თუ „გარკვეული პირობების“ მიღმა, არადა, ვფიქრობ, რომ მეტი კონკრეტიკაა საჭირო.

ჩამოშლილი კლდე - Sputnik საქართველო
მთაწმინდაზე კლდე ისევ ჩამოინგრა

საინტერესოა, რას ფიქრობენ სპეციალისტები, შესაძლებელია თუ არა ქალაქის მესვეურთა ამ სურვილების განხორციელება. მერის მიდგომას კრიტიკა მოჰყვა. დარგის ექსპერტთა აზრით, დიდი რისკის შემცველია არა მარტო დაუსრულებელი შენობების მშენებლობების გაგრძელება, არამედ იმ ძველი, საბჭოური ნაგებობების გამაგრება, რომლებიც რეალურად დასანგრევია.

ექსპერტი ანზორ საკანდელიძე: „ნებისმიერი შენობის მიმართ მიღებული ესა თუ ის კონკრეტული გადაწყვეტილება საფუძვლიან კვლევას უნდა ემყარებოდეს. მშენებლობის გაგრძელება შემოწმების გარეშე შეუძლებელია. „სეისმომდგრადობის შესახებ" კანონით, შენობები რვა ბალზე უნდა იყოს გათვლილი. შესაბამისად, დაუსრულებელი შენობის კარკასიც რვაბალიან სეისმომედეგობაზე უნდა შემოწმდეს. პრობლემა ის არის, რომ მიტოვებული შენობების 90 პროცენტს საკონსერვაციო სამუშაო არ უტარდება და წლების განმავლობაში უპატრონოდაა მიგდებული. შესაბამისად, ამ შენობების უმრავლესობა სტანდარტს არ აკმაყოფილებს და დასანგრევია... ზოგი მათგანი კი უკვე იმდენი წელია გაჩერებული, რომ საუბარიც არ შეიძლება სამშენებლო პროცესის განახლებაზე...“

სპეციალისტებისა და ექსპერტების შეფასებით, დაკონსერვების შემთხევაშიც არსებობს საფრთხე, რადგან მშენებლობასთან დაკავშირებული პროცესები – მიშენება, მოშენება, დაშენება, გამაგრება და რეკონსტრუქცია – სეისმურ საშიშროებას ზრდის. ამ კონტექსტში კი საგულისხმოა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო მიწისძვრების თვალსაზრისით ძალზე აქტიურ და სახიფათო ზონაში შევიდა. ქვეყანაში, რომელიც სეისმურად საშიშ ზონაშია, დაგეგმილმა ყველა პროექტმა სეისმური უსაფრთხოების თვალსაზრისით სპეციალური ექსპერტიზა უნდა გაიაროს.

მდინარე ვერე - Sputnik საქართველო
ვერეს კალაპოტის ფორმირებაზე 10 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება

დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ წლობით შეჩერებული შენობის მშენებლობის გაგრძელება სერიოზული რისკის შემცველია. უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი ექსპერტიზა და გადაწყვეტილება კონსტრუქციის მდგრადობის გათვალისწინებით მიიღონ.

ექსპერტი იოსებ არჩვაძე: „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კონსერვაციის წესებსა და ნორმებს. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია. გაჩერებული მშენებლობის შემთხვევაში, თუ ის წლების განმავლობაში იყო ღია, ხდებოდა მისი საძირკვლის დატბორვა და დაზიანება, უნდა გაკეთდეს ანალიზი, ექსპერტიზა – რამდენად ექვემდებარება მშენებლობის გაგრძელებას. მეორე მხრივ, ყველა გაჩერებული შენობის დანგრევა კატასტროფამდეც კი მიგვიყვანს. კომპლექსურად გადასაჭრელი პრობლემაა. უნდა შემუშავდეს რაღაც ფორმატი, რომლის მიხედვითაც, თუ შენობა მოთხოვნას დააკმაყოფილებს და მდგრადობის თვალსაზრისით არ შექმნის საფრთხეს, შესაძლებელი იქნება მისი მშენებლობის ბოლომდე მიყვანა. კონსერვაცია მშენებლებსა და კონსტრუქტორებს ტყუილად არ მოუგონიათ, მთავარია სწორი ექსპლუატაცია...“ 

ერთი სიტყვით, ქალაქის მესვეურები „არაშენდას“ ფენომენისგან თბილისის გაწმენდას ცდილობენ და რა გამოვა, დრო გვიჩვენებს. მანამდე კი ყველას სიფრთხილე მართებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც შედარებით იაფად „ჰაერის“ შეძენას არის ჩვეული... 

 

ყველა ახალი ამბავი
0