დაუყოვნებლივ გადააკეთონ! – თბილისის მერი მშრალი ხიდის სარემონტო სამუშაოებით უკმაყოფილოა

გამოწერა
მშრალი ხიდის რეკონსტრუქციის პროექტის დასრულების ვადა დაირღვა – კომპანიამ სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე უკმაყოფილოა მშრალი ხიდის აღდგენითი სამუშაოების ხარისხით, ამის შესახებ მან ოთხშაბათს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

აღდგენითი სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ტარდება, რომლის მიზანიც ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნაა. პროექტი ახალ და ძველ, განახლებულ ისტორიულ ზონებს ერთმანეთთან დააკავშირებს. მშრალი ხიდის აღდგენითი სამუშაოების დასრულება დეკემბრის ბოლოსთვის იგეგმებოდა. 

თამარ მეფის ხიდი - Sputnik საქართველო
თამარ მეფის ხიდის პანდუსზე ავტომობილების მოძრაობა ხვალიდან აღდგება

„დღეს ისეთი დღეა, არ მინდა ჩხუბი და ამ თემაზე კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება, მაგრამ გულზე შემოგეყრებათ, ისეა სამუშაოები შესრულებული, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში. ამიტომ მშვიდად, ყოველგვარი აღელვების გარეშე, დაიბარეთ კომპანია დღესვე და საგზაო სამუშაოები განახორციელოს თავიდან. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პროექტის მიღება–ჩაბარება“, – განაცხადა კალაძემ.

მშრალი ხიდი სუვენირებისა და ანტიკვარული ნივთების მთავარი ბაზრობა და ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მშრალ ხიდზე მოვაჭრეთათვის ინფრასტრუქტურა მოეწყობოდა, პროექტის დასრულებამდე კი მოვაჭრეები დროებით გვერდით მდებარე ბაღში გადაიყვანეს.

პროექტის ღირებულება 7 მლნ ლარია.

თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა მასშტაბური პროექტი „ახალი ტფილისი“ 2016 წელს დაიწყეს. პროექტი დედაქალაქის ცენტრში ახალი საზოგადოებრივ–სარეკრეაციო ზონებისა და ტურისტული მარშრუტების შექმნას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0